პოლიტიკასაქართველო

2 მომღერალი დაისაჯა პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო კლიპში მონაწილეობისთვის

საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტური დამთავრდა. ოფიციალურ შედეგებამდე ჯერ ადრეა, მაგრამ ერთი შედეგი, რაც უკვე არის, არაორდინალური და მოულოდნელია ისეთ ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიულობის პრეტენზია აქვს. არჩევნებმა ორი ცნობილი მომღერალი დააზარალა: სოფო ხალვაში სამსახურიდან დაითხოვეს, ირაკლი ნოზაძეს კი მოგებული თანხა არ მისცეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელმა, ცნობილმა მომღერალმა სოფო ხალვაშმა, რომელიც „დილის ტალღის“ წამყავანია, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმღერა. შეხვედრა თბილისში, სპორტის სასახლეში გაიმართა. ამ ფაქტზე აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტელევიზია ავრცელებს: „მაუწყებლის ნებისმიერ თანამშრომელს პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა ეკრძალება. საკითხზე მაუწყებელი იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს“, – ამბობს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი გია ქარცივაძე.

შაბათ-კვირას „დილის ტალღა“ ეთერში გავიდა, მაგრამ მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, იქ სოფო ხალვაში არ გამოჩენილა. ამ ეტაპზე დისციპლინური საქმის წარმოება მიმდინარეობს. როგორც სოფო აცხადებს, მან სოციალური ქსელით გაიგო ეს ამბავი. „ჩემთვის პირადად არავის დაურეკავს გუშინ და არავის უთქვამს ოფიციალურად ეს ინფორმაცია. დღეს დამირეკეს ტელევიზიიდან და მითხრეს, რომ საუბარი სურდათ ჩემთან. მანამდეც გამოვსულვარ ამგვარ ღონისძიებებზე ტელევიზიაში მუშაობის პარალელურად და ასეთი პრობლება არასდროს შემქმნია. მე ვარ მომღერალი და არა ჟურნალისტი. ტელევიზიიდან ასეთ ნაბიჯს ნამდვილად არ ველოდი. მე მხოლოდ ვიმღერე, სიტყვით არ გამოვსულვარ და პოლიტიკური მოწოდებები არ გამიკეთებია. ვფიქრობ, რომ ტელევიზიაშიც იმიტომ ვმუშაობ, რომ მომღერალი ვარ. მე არ ვარ პოლიტიკური თოქშოუს წამყვანი. ჩემი ცხოვრება აჭარის ტელევიზიით არ დაწყებულა და არც ამით დასრულდება. ვიყავი მომღერალი და დავრჩები მომღერლად“, – აცხადებს სოფო ხალვაში.

„ქუჩის ბიჭების“ ყოფილმა წევრმა „პიკასომ“, იგივე ირაკლი ნოზაძემ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ რუსთავი-2-ის გენერალურმა დირექტორმა სარეკლამო კლიპში მონაწილეობისათვის პასუხი მოსთხოვა:

„როგორც ჩანს, ნიკა გვარამიამ კარგად დამიმახსოვრა! კიდევ ერთი ამბავი – სად არის სიმართლე, ევროპა, დემოკრატია. ცოტა ხნის წინ რუსთავი 2-ის პროექტ „ფარულ კონვერტში“ 5 900 ლარი მოვიგე, გადაცემა რამდენიმე დღეში ეთერში უნდა გასულიყო. როცა დავინტერესდი და დავრეკე, მითხრეს, მომავალ ორშაბათს გავაო. მერე, არჩევნებია და ეთერში არ გადისო. სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში გამოჩენისთანავე დამიკავშირდა გადაცემის ერთ-ერთი პროდიუსერი (ეკა) და მითხრა – ფული სალომემ გადაგიხადოსო! ამას ვამბობდი, სწორედ ეს არის სწორი საქციელი, ევროპაც და მათი თვალით დანახული დემოკრატიაც. მიუხედავად იმისა, რომ ვმეგობრობ ამ გადაცემის პროდიუსერებთან და ვაფასებ მათ ნიჭიერებას და მეგობრობას, მაინც ძალიან მეწყინა. ბევრი ფული ნამდვილად არ მაქვს, თუმცა რახან ასეა, მირჩევნია ეს 5 900 ლარი რუსთავი 2-ელებმა გაინაწილონ“, – წერს ირაკლი ნოზაძე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close