დღის თემაnewsსაქართველო

გრიპის სეზონი, საქართველოში აღმოჩენილი ახალი ვირუსები და პროფესიონალების ერთი რჩევა

ვირუსების სეზონის დაწყებას საქართველოში ქართულმა მედიამ ლუგარის ლაბორატორიიდან რამდენიმე ხმაურიანი სტატიით უპასუხა. როგორც გაირკვა, საქართველოში ახალი ვირუსებია აღმოჩენილი და სპეციალისტები ახლა მათ წარმოშობას და გენეზისს იკვლევენ.

შეგახსენებთ, რომ ლაბორატორიის საქმიანობის ძირითადი სფერო ქვეყანაში გავრცელებული ბაქტერიებისა და ვირუსების შესწავლაა. როგორც ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, ლაბორატორიაში მუშაობენ ყველაფერზე, რაც  შეიძლება  ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის პრობლემა გახდეს. ხელმძღვანელის თქმით, მედიკოსებმა უნდა იცოდნენ, მოცემულ მომენტში რა ვირუსებია ქვეყანაში გავრცელებული. ეს ინფორმაცია ყოველკვირეულად ქვეყნდება ლაბორატორიის ვებგვერდზე. „როდესაც გრიპის სეზონი იწყება, ვადგენთ, რომელი გრიპია გავრცელებული. ფაქტობრივად, პულსზე გვიდევს ხელი, თუ რა ხდება საზოგადოებრივ ჯანდაცვაში“, – ამბობს იმნაძე.

როგორც გაირკვა, ახალი ვირუსი არც ისეთი ახალია, რადგან პირველად იგი 2013 წელს დაფიქსირდა საქართველოში. პაატა იმნაძეს მიაჩნია, რომ  ახალი ვირუსები ბუნებაში ყოველთვის იყო, უბრალოდ, ისინი  ახლა აღმოაჩინეს. რაკი ეს ვირუსი პირველად ახმეტის რაიონში შენიშნეს, მას ასეც უწოდეს: „ახმეტა ვირუსი“. ის ყვავილის ჯგუფის ვირუსია, პირველად საქართველოში დაფიქსირდა და მისი გენეტიკურად შესწავლა ლუგარის ლაბორატორიაში დღემდე გრძელდება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საშიში და საპანიკო არაფერია: „პირველად ჩავთვალეთ, რომ იყო ჯილეხი, მაგრამ ჩვენი ეს ვარაუდი არ გამართლდა. შემდეგ, ეჭვი ავიღეთ ძროხის ყვავილზე. გავაკეთეთ უამრავი ანალიზი, რაშიც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაგვეხმარა, გავშიფრეთ ვირუსის გენეტიკური სტრუქტურა. ანალიზში აღმოჩნდა სრულიად უცნობი ვირუსი“.

საქართველოში ახალაღმოჩენილი ვირუსი ორთოპოქსვირუსების ჯგუფიდანაა, რომელსაც იგივე „ყვავილის“ ვირუსის სახელით იცნობენ. სავარაუდოდ, ამიტომაც ატყდა ხალხში პანიკა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 35 წელიწადია, რაც ეს დაავადება – ყვავილი აღმოფხვრილია და იგი სრულად მოისპო. დედამიწაზე უკანასკნელი ბუნებრივად  დასნებოვნების შემთხვევა იყო 1977 წელს. 1980 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე გაკეთდა განცხადება მისი ერადიკაციის შესახებ. ამჟამად მსოფლიოში ყვავილის გამომწვევის ორი საცავია: აშშ-ში, ატლანტაში დაავადებათა კონტროლის ცენტრში და რუსეთში, ნოვოსიბირსკის რეგიონში კოლცოვოს ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების კვლევის ცენტრში.

პაატა იმნაძე ამბობს, რომ ასევე,  საქართველოში პირველად აღმოაჩინეს პარაპოქს ვირუსიც, რომლის ავადობის წელიწადში 100 შემთხვევა ფიქსირდება. ეს ვირუსი მძიმე დაავადებას არ იწვევს. ახალმა ვირუსებმა შეიძლება წელსაც იჩინოს თავი, თუმცა ეს საგანგაშო და საპანიკო ნამდვილად არ არის. რაც მთავარია, საზოგადოებას შეუძლია თავის დაცვა გრიპის საწინააღმდეგო აცრებით, რაც ხელმისაწვდომია ყველა მოქალაქისათვის.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close