კარაბინერს ამერიკელი სტუდენტი გოგონას გაუპატიურებისთვის 4 წელი და 8 თვე მიუსაჯეს

Il luogo in cui i due carabinieri sarebbero intervenuti portando via le due ragazze

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ერთ-ერთ კარაბინერს, მარკო კამუფოს, რომელიც დამნაშავედ ცნეს ამერიკელი სტუდენტი გოგონას გაუპატიურებაში, 4 წელი და 8 თვე მიუსაჯეს. „ეს ჩვენი პირადი გამარჯვებაა. იტალიაში შენი სიმართლე რომ დაამტკიცო როდესაც მსგავსი რამ ხდება – იშვიათობაა“, – ასე შეხვდა ძალადობის მსხვერპლი სტუდენტი გოგონა სასამართლოს გადაწყვეტილებას.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მან სააგენტო ANSA-ს ინტერვიუ მისცა: „როდესაც ადვოკატმა პატერნომ მითხრა, რომ კამუფოს ბრალი დაუმტკიცდა და სასჯელი შეუფარდეს, ტაიმს სკვერზე ვიყავი. ტირილი დავიწყე და ვერ ვჩერდებოდი. სიმართლე ის არის, რომ იტალიაში არსებობს საკმაოდ პრიმიტიული სისტემა ძალადობისგან დაზარალებული ქალების დასაცავად. ყოველგვარი პატივისცემისა და თანაგრძნობის გარეშე მეპყრობოდნენ, 24 საათის განმავლობაში ვიყავი პოლიციის განყოფილებაში საჭმლის, მობილური ტელეფონის გარეშე, უძილო, არ მქონდა საშუალება, შხაპი მიმეღო და ტანსაცმელი გამომეცვალა. ყველაფერი ღამის 3 საათზე მოხდა, თუმცა მხოლოდ მეორე დღის 11.45 საათზე მომცეს საშუალება, ნათესავებს დავკავშირებოდი. იმ ავადსახსოვარ ღამეს 3 სხვადასხვა საავადმყოფოში წამიყვანეს, სადაც მაიძულეს ერთი და იგივე ისტორია ყველასთვის მომეყოლა. შეერთებულ შტატებში ასეთი რამ არავითარ შემთხვევაში არ მოხდებოდა, იქ მხოლოდ განცხადება უნდა დაწეროთ, რის შემდეგაც ყველაფერზე უკვე სამართალდამცავი ორგანოები იზრუნებენ, თქვენ კი ამ დროს შეგიძლიათ აირჩიოთ, ფსიქოლოგთან წახვიდეთ გულის გადასაშლელად თუ სახლში – საწოლში ტირილით გულის მოსაოხებლად“.

მიმდინარე წლის 9 სექტემბერს მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 19 და 21 წლის ამერიკელმა სტუდენტმა გოგონებმა ფლორენციაში მათზე კარაბინერების მხრიდან სექსუალური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით პოლიციას მიმართეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ კარაბინერებმა პოლიციის განყოფილებაში მათზე ძალა იხმარეს. „როგორც კი პოლიციის შენობაში შეგვიყვანეს, ისინი მაშინვე გვეცნენ. ყვირილი არ დამიწყია, რადგან იარაღი ჰქონდათ და შემეშინდა“, – განაცხადა ერთ-ერთმა გოგონამ. კარაბინერებიდან ერთი 45 წლის არის და ცოლშვილიანია და მეორე – 33 წლის, პრატოს მკვიდრი, რომელიც ფლორენციაში მუშაობდა.

თავად კარაბინერმა კამუფომ ისტორიის საკუთარი ვერსია მოუყვა გამომძიებელს: იგი არ უარყოფდა, რომ სქესობრივი კავშირი მართლაც ჰქონდა გოგონასთან, თუმცა აცხადებდა, რომ „ამერიკელი თანახმა იყო“ და რომ გოგონებმა ისინი თავად მიიწვიეს თავიანთ ბინაში, სადაც მოხდა ყველაფერი.

გამოძიება სწრაფად წარიმართა და ერთ თვეზე ოდნავ მეტ დროში, 11 ოქტომბერს სასამართლომ უკვე ერთი განაჩენიც გამოიტანა. იმ ღამეს გოგონების ტესტი ალკოჰოლზე დადებითი იყო, აგრეთვე, ერთ-ერთის შემოწმება დადებითი აღმოჩნდა ნარკოტესტზეც – მას ჰაშიში ჰქონდა მიღებული დისკოთეკაზე იმ ღამით, სექსუალური ძალადობის ფაქტამდე. ამერიკელი სტუდენტი გოგონების საცხოვრებლის სიახლოვეს დამონტაჟებული კამერების ჩანაწერების გაცნობის და, აგრეთვე, პოლიციის განყოფილებაში და ტანსაცმელზე აღმოჩენილი ბიოლოგიური მასალის საფუძველზე, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, ერთ-ერთი კარაბინერი დამნაშავედ ეცნო და მას 4 წელი და 8 თვე ციხე მიუსაჯა.

ისტორია ამით არ დამთავრებულა – ჯერ კიდევ გრძელდება სასამართლო განხილვა პიეტრო კოსტას წინააღმდეგ, რომელსაც მეორე გოგონას გაუპატიურებაში ედება ბრალი.

წყარო: www.iltempo.it

კომენტარები