დღის თემამიგრაციამსოფლიოპოლიტიკაინტერვიუ

„სალვინის დეკრეტი“ – იტალიის ახალი მთავრობა საიმიგრაციო კანონმდებლობას ცვლის

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის, მატეო სალვინის საკანონმდებლო ბრძანებულება უსაფრთხოებისა და იმიგრაციის შესახებ – 113/2018 “DECRETO SALVINI IMMIGRAZIONE E SICUREZZA”, რომელიც კარდინალურად ცვლის საიმიგრაციო კანონმდებლობის დღემდე მოქმედ რამდენიმე პუნქტს, 5 ოქტომბერს შევიდა ძალაში – მას შემდეგ, რაც მას 4 ოქტომბერს პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მოაწერა ხელი და იმ დღესვე გამოქვეყნდა ოფიციალურ საკანონმდებლო მაცნეში – “Gazzetta Ufficiale” 231.

სერჯო მატარელას მიერ ბრძანებულების ხელმოწერის შემდეგ ტვიტერის ოფიციალურ ექაუნთზე შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ დაწერა: „როგორც იქნა, ამდენი წინააღმდეგობების და უთანხმოების შემდეგ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას იმიგრაციისა და უსაფრთხოების შესახებ… ამრიგად, ბრძანებულება იწყებს თავის გზას პარლამენტში მომავალი კვირიდან. მაგრამ გაფრთხილებთ, რომ დეკრეტის ტექსტის მხოლოდ გაუმჯობესებაა ნებადართული, ერთი მილიმეტრითაც არ დავიხევთ უკან არსებული დებულებებისგან, რომლებიც ეხება არალეგალების დეპორტაციას ქვეყნიდან, მოქალაქეობას და იტალიაში ჰუმანიტარული დახმარების გაწევას“.

„სალვინის დეკრეტით“ წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით და იმაზე, თუ რამდენად ეხება ისინი ქართველ ემიგრანტებს, იტალიაში მცხოვრებ იურისტს, საიმიგრაციო ადვოკატს, ქალბატონ ნინო რურუას ვესაუბრეთ.

ქალბატონო ნინო, საკანონმდებლო ბრძანებულება ძალაში შევიდა, მაგრამ სანამ ამოქმედდება, ჯერ პარლამენტმა უნდა განიხილიოს და დაამტკიცოს, არა?

დიახ, დეკრეტი ძალაში შევიდა, მაგრამ იმისათვის, რომ მისი ამოქმედების მექანიზმი, ასე ვთქვათ, „ჩაირთოს“, მას კანონის ფორმა უნდა მიეცეს, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს. და, სავარაუდოდ, პარლამენტში ამ ცვლილებებს წინააღმდეგობა არ შეხვდება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მიდიოდა საუბარი: „მთავრობა დაუჭერს მხარს თუ არ დაუჭერს – მთავრობამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი; პრეზიდენტის ხელმოწერაზეც იყო ლაპარაკი: მოაწერს თუ არ მოაწერს – პრეზიდენტმაც მოაწერა ხელი. ასე რომ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პარლამენტშიც უპრობლემოდ ექნება მხარდაჭერა. მე, მაგალითად, ბევრმა მისაყვედურა, რატომ მოგწონს მისი პოლიტიკა? – ნამდვილად მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ ემიგრანტი და, როგორც იურისტი, ვიცავ ემიგრანტების უფლებებს, ზოგადად, ეს ადამიანი იცავს თავისი ქვეყნის უფლებებს და უსაფრთხოებას.

მართლაც, დეკრეტს ასეც ჰქვია „უსაფრთხოებისა და იმიგრაციის შესახებ“. თუ შეიძლება, განგვიმარტეთ, რა არსებითი ხასიათის ცვლილებები შევიდა არსებულ ერთიან საიმიგრაციო კანონში?

სალვინის ძირითადი მოთხოვნა რაც იყო და დეკრეტმა რაც შეცვალა – ეს არის ლტოლვილის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურები; მან გაამკაცრა ჰუმანიტარული მოტივით თავშესაფრის მინიჭების პროცედურა და მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებული ნორმები.

ამ დეკრეტის მიხედვით, ფაქტობრივად, უქმდება ლტოლვილის სტატუსი. ლტოლვილის სტატუსს არა, მაგრამ საერთაშორისო დაცვის სტატუსს მიანიჭებენ მხოლოდ იმ დევნილებს, რომლებიც ომის ქვეყნებიდან მოდიან.

ამოქმედდა მოქალაქეობის ჩამორთმევის მექანიზმიც – ანუ თუ ის ადამიანები, რომლებსაც მიენიჭათ იტალიის მოქალაქეობა, ტერორიზმში იქნებიან ბრალდებულები, მათ აუცილებლად ჩამოერთმევათ მოქალაქეობა.

რადგან მოქალაქეობაზე ვსაუბრობთ, შეგახსენებთ, რომ იტალიაში 10 წელი უნდა ცხოვრობდე კანონიერად, რომ მოქალაქეობის მოთხოვნაზე განაცხადის შეტანის უფლება გქონდეს. თუ ადრე განაცხადის განხილვის ვადა იყო 24 თვე (2 წელი), დეკრეტის თანახმად, განაცხადის განხილვის ვადა 48 თვემდე (4 წელი) იზრდება.

განაცხადის შეტანის ფასიც გაიზარდა 50 ევროთი – ადრე იყო 200 ევრო, ახლა 250 ევროა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: ამ საკანონმდებლო ცვლილებებამდე იტალიას არ ჰქონდა დეპორტის გაკეთების უფლება, დეკრეტის ამოქმედებიდან კი ეს უფლება აქვს – ერთ-ერთ მუხლში წერია, რომ 2018 წლისთვის სახელმწიფომ 500 000 ევრო გამოყო ამ მიზნით, ხოლო 2019-2020 წლისთვის მილიონ 500 ათასი ევროა გამოყოფილი უკანონო არალეგალი ემიგრანტების დეპორტაციისთვის.

თუ შეიძლება, გვითხარით, ჩვენს თანამემამულეებს უფრო რომელი დებულებები შეიძლება შეეხოთ და რა უნდა გაითვალისწინონ? ამბობენ, რომ ეს ცვლილებები უფრო „სხვა ემიგრანტული ტალღის“ წინააღმდეგ არის მიმართული.

არა, მაგასაც ნუ იტყვით, რომ მარტო აფრიკელებსა და შავკანიანებს ეხებათ ეს ცვლილებები, ასე არ არის. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რაც ვიზალიბერალიზაცია ამოქმედდა, ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე შემოდიოდა იტალიაში და არღვევდა კანონიერი ყოფნის 90-დღიან ვადას; მათგან ძალიან ბევრმა შეიტანა განაცხადი საიმიგრაციო სამსახურში ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნით. ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნის უფლება ყველას აქვს, მაგრამ, პრაქტიკულად, არ არსებობს შანსი, რომ საქართველოს მოქალაქეს ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილონ და აი, რატომ: პირველი ის, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რიცხვშია შეყვანილი; მეორე – ყველაზე მნიშვნელოვანი: საქართველოს მოქალაქეს როდესაც შეაქვს განაცხადი ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნით, ეს პირდაპირ არღვევს ვიზალიბერალიზაციის კანონს, იმიტომ რომ ჩვენ როცა ევროპისკენ ნაბიჯი გადავდგით და ეს უფლება მოგვეცა, შეუძლებელია ამ ქვეყნის მოქალაქე იტალიამ ცნოს ლტოლვილად. საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს დეკრეტი მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან ბევრს აქვს შეტანილი განაცხადი ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნაზე, ამ დროს აძლევდნენ 6-თვიან საბუთს, რაც ნიშნავდა, რომ იტალიის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება ჰქონდა 6 თვის განმავლობაში კომისიის მოლოდინში.

რაც შეეხება ბინადრობის უფლებას, როგორც ვიცი, ვადიანია და ვადის გასვლის შემდეგ, დეკრეტის გამოსვლის შემდეგ, უფრო გართულდა გაგრძელება. ამ მხრივ საქართველოს მოქალაქეებს რა პრობლემა შეიძლება შეექმნათ?

ფაქტობრივად, იტალიაში მყოფი ბინადრობის უფლების მქონე ჩვენი თანამემამულეების 80 პროცენტს გვაქვს მუდმივი ბინადრობის უფლება. თავიდან გაძლევენ 2-წლიანს, შემდეგ ანახლებ და კიდევ 2 წლით გიგრძელებენ, შემდეგ კიდევ 2 წლით და იტალიაში 5 წელი თუ ცხოვრობ ლეგალურად, 5 წლის მერე შეგიძლია, მუდმივი ბინადრობის უფლება მოითხოვო. ფაქტობრივად, 2012 წლის მერე ეს კანონი არ შეცვლილა. ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც 2012 წლამდე ვართ შემოსულები, ფაქტობრივად, ყველას გვაქვს მუდმივი ბინადრობის უფლება.

რაც შეეხება ლეგალური დასაქმების კვოტებს: გერმანიაში სერიოზულად ალაპარაკდნენ, რომ იმიგრანტებისთვის ეს კვოტები გამოიყოფა (მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვისაც). იტალიაში თუ არის საუბარი ამასთან დაკავშირებით?

არა, იტალიის მთავრობაში ამ საკითხზე ამ ეტაპზე საერთოდ არ არის საუბარი, დიალოგის დონეზეც კი.

ზოგადად, კრიმინოგენული სიტუაცია როგორია ქვეყანაში – რას წერს ამაზე იტალიური პრესა?

იტალიური პრესა წერს, რომ შემცირდა კრიმინალის დონე, იმიტომ რომ შსს მინისტრმა სალვინიმ ძალიან მკაცრად გაილაშქრა კრიმინალების წინააღმდეგ. ადრე, მაგალითად, ქალაქებში შეიძლება საერთოდ ვერ დაგენახა პოლიცია, ახლა პირიქით – მეტი კონტროლია და კრიმინალის დონეც უფრო დაბალია. სალვინი შეუპოვრად იბრძვის კრიმინალის წინააღმდეგ. ქონების ჩამორთმევაც დაიწყო იმ მაფიოზური დაჯგუფებებისთვის, რომლებსაც უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული ეს ქონება…

ხომ გიწევთ ურთიერთობა ადგილობრივებთან, თვითონ იტალიელებს როგორ მოსწონთ ახალი მთავრობა?

მთლიანობაში, დიდი ნაწილს მოსწონს, მაგრამ არის ნაწილი იტალიელებისა, რომლებიც ამბობენ, რომ სალვინის ძალიან რასისტული გამოხტომები აქვს; იტალიური საზოგადოებაც ორ ნაწილადაა გაყოფილი: ერთ ნაწილს მოსწონს და მხარს უჭერს და მეორე (უფრო მცირე ნაწილს) არ მოსწონს, ილაშქრებენ და ამბობენ, რომ ეს არის ადამიანების, უცხოელების დისკრიმინაცია.

თქვენ, როგორც იურისტი, რას ურჩევდით ჩვენს თანამემამულე არალეგალ ემიგრანტებს, რა უნდა გააკეთონ, რომ პრობლემები არ შეექმნათ, არ იყვნენ დეპორტირებულები…

ძალიან ძნელია რჩევის მიცემა. პირველი, იმას ვურჩევდი, როგორც გითხარით, რომ ლტოლვილის სტატუსზე მოთხოვნა არ შეეტანათ, იმიტომ რომ, ფაქტობრივად, არავინ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნას იმ მიზეზით, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რიცხვს განეკუთვნება. თუ უარი მოუვათ, ფაქტობრივად, იქნებიან ქვეყნიდან გაძევებულნი და მართლა რომ გამოვიდეს სამუშაო ბინადრობის უფლება, ვეღარ შეძლებენ მიღებას. ალბათ, ერთ-ერთი ვიყავი იმ ცოტა ადამიანს შორის, რომლებიც ყოველთვის საჯაროდ მოუწოდებდნენ: „ქართველებო, არ შეიტანოთ განაცხადი ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნით“. არალეგალი ემიგრანტი ქართველები, ძირითადად, გაჭირვებას გამოექცნენ, მათ აქ ყოფნა სჭირდებათ, მუშაობა სჭირდებათ. ვერ მოუწოდებ ყველას – ადექით და წადით, იმიტომ რომ, ფაქტობრივად, მათი გადარჩენის ერთადერთი გზა აქ ყოფნაა. ამიტომ, თუ არ უნდათ, რომ ქვეყნიდან გამოაძევონ, ლტოლვილის სტატუსზე მოთხოვნის განაცხადი არ შეიტანონ!

ესაუბრა ნინო ლურსმანაშვილი

იხილეთ იტალიის საიმიგრაციო კანონმდებლობაში შესრული ცვლილებები დეტალურად:

„სალვინის დეკრეტი“ – იტალიის საიმიგრაციო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები მუხლობრივად

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close