newsსპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირის ფავორიტს ამარცხებს და ჩინეთის ღია პირველობის გამარჯვებული ხდება!

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დღეს ჩინეთის ღია პირველობა მოიგო! საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ფინალში ამ ტურნირის პირველ ნომრად განთესილი, მსოფლიო რეიტინგის მე-4 ნომერი ხუან დელ პოტრო ორ სეტში დაამარცხა ანგარიშით 6:4, 6:4 და ჩემპიონი გახდა.

ფინალი ერთ საათსა და 41 წუთს გაგრძელდა. დაძაბულ შეხვედრაში უპირატესობას მთლიანად ქართველი ჩოგბურთელი ფლობდა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამ სეზონში მეორეჯერ მოიგო ATP-ის ტურნირი – იგი ჰამბურგის ღია პირველობის გამარჯვებულიც გახდა. დღევანდელი წარმატების შედეგად კი ნიკოლოზმა 500 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და ტურნირის საპრიზო ფონდიდან (დაახლ. 4,7 მილიონი აშშ დოლარი) 733 ათას დოლარს მიიღებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამ ფინალამდე ხუან დელ პორტოს მხოლოდ ერთხელ შეხვდა – ისინი წინა სეზონში შანხაის მასტერსზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მაშინ არგენტინელმა ქართველი სპორტსმენი 3 სეტში დაამარცხა (2:6, 6:3, 4:6). შეიძლება ითქვას, რომ ნიკოლოზმა დღეს რევანში აიღო.

საგულისხმოა ისიც და ბასილაშვილის გამარჯვებას კიდევ მეტ წონას სძენს, რომ დელ პოტრო ფინალურ შეხვედრაში დასვენებული გავიდა, რადგან ნახევარფინალში ბრძოლა არ დასჭირვებია – მისმა მოწინააღმდეგემ ფაბიო ფონინმა შეხვედრის ჩატარება ვერ შეძლო.

ამ გამარჯვების შედეგად საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი, 26 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო კლასიფიკაციაში 23-ე საფეხურზე გადავა, რაც მისი კარიერის საუკეთესო შედეგია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close