სამზარეულო

ქათამი იაპონურად (ოიაკოდონი) – მარტივად მოსამზადებელი უგემრიელესი კერძი ბრინჯის გარნირით, 2 რეცეპტი

ოიაკოდონი იაპონელების უსაყვარლესი კერძია, რომლის ძირითადი ინგრედიენტებიც ქათამი, კვერცხი და სოიის სოუსია. იაპონურიდან თარგმანში „ოიაკოდონი“ „დედასა და შვილს“ ნიშნავს. მისი მრავალნაირი ვარიანტი არსებობს.

1. პირველი რეცეპტი ქართულ რეალობასთან ადაპტირებული ვარიანტია, თუმცა ამით კერძს არაფერი აკლდება.

ქათამი ცოტათი მოტკბო გამოდის, ჰარმონიული გემოთი და სასიამოვნო არომატით. და, რა თქმა უნდა, მოხარშულ ან შემწვარ ბრინჯთან ერთად უნდა მიირთვათ.

საჭირო პროდუქტი 4 ულუფაზე: 1 კგ ქათმის ფრთები და ბარკლები, 2 კვერცხი, 1 ჩ. ჭ. ფქვილი, 250 გ კარაქი, 1/4 ჩ. ჭ. თეთრი ძმარი, 1 კბილი ნიორი, 2 ს. კ. სოიის სოუსი, 2 თავი ხახვი, მარილი.

მომზადების წესი: კვერცხი გათქვიფეთ ღრმა თეფშზე. მეორე თეფშზე დაყარეთ ფქვილი. ამოავლეთ ქათმის ფრთები და ბარკლები ჯერ კვერცხში და შემდეგ ფქვილში, დაალაგეთ ღრმა ტაფაზე და შეწვით ჰაერღუმელში მსუბუქად ორივე მხრიდან.

როცა შეყავისფრდება, მოასხით სოუსი, რომელიც ასე მზადდება: გათქვიფეთ დარბილებული კარაქი, შეურიეთ ძმარი, დაჭყლეტილი ნიორი, რგოლებად დაჭრილი ხახვი, სოიის სოუსი, შეაზავეთ მარილით, შემდეგ შეაბრუნეთ ჰაერღუმელში 30 წუთით.

2. შემოგთავაზებთ ტრადიციულ იაპონურ ვარიანტს, რომელიც, აგრეთვე, ბრინჯის გარნირთან ერთად იჭმება.

საჭირო პროდუქტი 4 ულუფაზე: 600 გ ქათმის ფილე, 6 კვერცხი, 4 ს. კ. შაქარი, 1 ჩ. ჭ. სოიის სოუსი, 2 თავი ხახვი, 40 გ მწვანე ხახვი, მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი: ხახვი დაჭერით თხლად, ალყა-ალყა. ტაფაზე დაასხით სოიის სოუსი და დადგით ცეცხლზე, როგორც კი სოუსი დუღილს დაიწყებს, ჩაყარეთ მასში დაჭრილი ხახვი, ზემოდან დააყარეთ შაქარი და საშუალო ცეცხლზე დატოვეთ 2-3 წუთს, პერიოდულად ურიეთ.

ქათმის ფილე პატარა ნაჭრებად დაჭერით (ძალიან დაქუცმაცება არ გინდათ). ქათმის დაჭრილი ფილე ტაფაში მოათავსეთ  სოუსთან ერთად და ჯერ ერთ მხარეს მოშუშეთ, შემდეგ  მეორე მხარეს გადააბრუნეთ – ქათმის ფილე საოცრად სწრაფად იშუშება, სულ 4-5 წუთში.

ცალკე ჯამში გათქვიფეთ კვერცხი (მარილის დამატება არ უნდა, რადგან სოიის სოუსი ისედაც მარილიანია) და ქათმის ფილეს მოასხით, კარგად მოურიეთ და დატოვეთ ცეცხლზე, სანამ მზად არ იქნება. როდესაც გამზადდება, მოაყარეთ ზემოდან დაჭრილი მწვანე ხახვი.

ბრინჯის გარნირის მომზადება

ბრინჯი ჩვეულებრივი წესით მოხარშეთ, მარილწყალში (ფანტიად).

იმისათვის, რომ ფანტია ბრინჯი მიიღოთ, უპირველესი წესია, რომ პროდუქტი კარგად უნდა გარეცხოთ, სანამ ბრინჯის ფქვილი (სახამებელი) ბოლომდე არ მოსცილდება.

გარეცხილი ბრინჯი მოათავსეთ სქელძირიან ქვაბში, დაასხით წყალი (პროპორციით 1 ჭიქა ბრინჯი, ორი ჭიქა წყალი, თუმცა თუ ბრინჯი პაკეტში შეფუთული შეიძინეთ, წაიკითხეთ, რა აწერია ეტიკეტზე, რადგან სხვადასხვა სახეობის ბრინჯისთვის პროპორციები შესაძლოა განსხვავდებოდეს).

დააყარეთ მარილი თქვენი გემოვნებით (მთავარია, არ დაამლაშოთ, თუ დააკლდება, მერეც შეგიძლიათ დაუმატოთ).

დადგით საშუალო ცეცხლზე და ადუღებამდე მიიყვანეთ, თან ხის კოვზით ურიეთ, რომ ძირზე არ მიიკრას. ასეთ ცეცხლზე ხარშეთ 3-5 წუთს და თან დროდადრო ფრთხილად ურიეთ, შემდეგ მინიმუმამდე დაუკელით ცეცხლს და კიდევ 25 წუთის განმავლობაში ადუღეთ, თავსახური არ მოხადოთ. გამორთეთ ცეცხლი და კიდევ 15 წუთს დატოვეთ ბრინჯი აუცილებლად თავსახურის მოუხდელად.

შემდეგ შეგიძლიათ ცხელს კარაქი დაუმატოთ (1 ჭ. ბრინჯზე 30 გ კარაქი), ცოტა ხანს დააცადოთ და კარგად მოურიოთ. შეგიძლიათ კარაქის ნაცვლად  ნებისმიერი მცენარეული ზეთი გამოიყენოთ, ან საერთოდ უცხიმოდ დატოვოთ.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close