გიორგი ჯიქია: „მინდა ამერიკაში ჩემი სათქმელი ვთქვა“

ცნობილი ქართველი კარატისტი (შოტოკან კარატე დო), მოქმედი სპორტსმენი და მწვრთნელი გიორგი ჯიქია იმ ქართველთაგან ერთ-ერთია, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება  უცხოეთს დაუკავშირეს. ამჟამად იგი ამერიკაში, ნიუ-იორკში ცხოვრობს უკვე თითქმის 2 წელია, ჰყავს ამერიკელი მეუღლე, აქვს საყვარელი საქმე და, ამასთან ერთად, ბევრი დასახული მიზანი, რომელთა განსახორციებლადაც თავდაუზოგავად შრომობს.
თითოეული წუთი გამოიყენეთ საკუთარ თავზე მუშაობისთვის, ნებისმიერი შანსი აქციეთ დიდ შესაძლებლობად, იბრძოლეთ ყოველდღე და არ დანებდეთ ასე აუცილებლად მიაღწევთ დასახულ მიზნებს და გაიმარჯვებთ!

გიორგი, გასაგებია, რომ შტატებში გარკვეული მიზნებით წახვედით, გვითხარით, თუ შეიძლება, როგორია თქვენი „ამერიკული ოცნება“?

მინდოდა მეტი შესაძლებლობა მქონოდა, ჩემი მთავარი მიზანია კარიერული წინსვლა სპორტში, რათა გავაუმჯობესო ჩემი შედეგი და ჩემი სათქმელი ვთქვა შოტოკან კარატე დოში მსოფლიო ასპარეზზე.

ამჟამად ნიუ-იორკში რას საქმიანობთ?

ჩემი დღე დილის 5 საათზე იწყება, მივდივარ სამსახურში (ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში ვმუშაობ), ხოლო დღის მეორე ნახევრიდან ვატარებ ვარჯიშებს 3 სხვადასხვა კლუბში. ამის შემდეგ დარჩენილ დროს ფორმაში ჩასადგომად ვვარჯიშობ, რათა ჩემპიონატებზე სათანადოდ მომზადებული გავიდე.

კვირაში 83 საათი ვარ დაკავებული. თუ ვარჯიში მიცდება, ინგლისურ ენაში ვმეცადინეობ; მიწევს ესპანური ენის ათვისებაც, ჩემი საქმიდან გამომდინარე. ბოლო დროს ასევე ბევრს ვკითხულობ სპორტული მედიცინის შესახებ, ჩემს საქმესთან ასე თუ ისე ახლოსაა, რადგან ბავშვებთან ვმუშაობ.

მარტო ქართველ ბავშვებს წვრთნით, თუ სხვა ეროვნების მოსწავლეებიც გყავთ?

3 კლუბიდან ერთი ჩემი პირადი კლუბია, სადაც მხოლოდ ქართველ ბავშვებს ვავარჯიშებ. მინდა უფრო მეტი ბავშვი მოვიდეს, რომ ჩემი გამოცდილება და პროფესიონალიზმი გავუზიარო. კვირაში მხოლოდ 8 საათი მაქვს კარატეს კლასები უცხოლებთან ორ სხვა კლუბში. მინდა გითხრათ, რომ მათ ძალიან მოსწონთ ვარჯიშისადმი ჩემი მიდგომა, ჩემი მეთოდები.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ჩემი სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა, სპორტს უკავშირდება. მინდა ამერიკაში ჩემი სათქმელი ვთქვა. კარიერის მანძილზე საქართველოს დროშა სიამაყით მრავალჯერ ამიფრიალებია, თუმცა წინ მაქვს კიდევ არაერთი სერიოზული ტურნირი და ყველაზე მთავარი – ოლიმპიადა.

დაბოლოს, ტრადიციული კითხვა: რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს?

თქვენს მკითხველს და განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც წარმატებაზე ოცნებობენ, ვეტყვი: თითოეული წუთი გამოიყენეთ საკუთარ თავზე მუშაობისთვის, ნებისმიერი შანსი აქციეთ დიდ შესაძლებლობად, იბრძოლეთ და არ დანებდეთ – ასე აუცილებლად მიაღწევთ დასახულ მიზნებს და გაიმარჯვებთ!

ესაუბრა ქეთი კვირკველია

p. s. გიორგი ჯიქიას სპორტული კარიერა საკმაოდ შთამბეჭდავია: 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონი შოტოკანში (იაპონია); პირველი ადგილი 2008 წლის მსოფლიო თასზე (უკრაინა); ასევე პირველი ადგილი მსოფლიო თასზე 2011 წელს (საფრანგეთი); მსოფლიო ჩემპიონი 2012 წელს მსოფლიო შოტოკან კარატეს კავშირის ეგიდით გამართულ შეჯიბრებაზე (თურქეთი); კარატეს მეორე საერთაშორისო ჩემპიონატის (დუბაი, 2013) გამარჯვებული; „ღია ნიუ-იორკზე“ პირველი ადგილის მფლობელი 2016 წელს და სხვ.

კომენტარები
Загрузка...