დონალდ ტრამპმა გუშინ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც კრძალავს მიგრანტების ოჯახის წევრთა დაშორებას საზღვარზე. სავარაუდოდ, საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის გამო დაკავებულ მიგრანტებს ბავშვებს აღარ დააშორებენ და ისინი შესაბამის დაწესებულებაში შვილებთან ერთად იქნებიან. ამის შესახებ CNN-ი წერს.
„ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ. ამავე დროს, კომპრომისზე მივდივართ, რადგან არ გვინდა ოჯახის წევრები ერთმანეთს დავაშოროთ“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
აშშ-მექსიკის საზღვრის გადაკვეთისას დაკავებულ არალეგალ მიგრანტებს თანმხლებ შვილებს აშორებდნენ, რადგან პატარები სპეციალურ სამეურვეო დაწესებულებებში გადაჰყავდათ. აპრილის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე სამეურვეო ორგანოებს 2000-ზე მეტი ბავშვი გადაეცათ. ამგვარ საიმიგრაციო პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებდნენ უფლებადამცველები და ამერიკელი პოლიტიკოსები.
ამ მოვლენის ამსახველმა ერთ-ერთმა ფოტომ 8 მილიონზე მეტი დოლარის შეგროვება შეძლო. საუბარია „გეთიიმიჯის“ ფოტოგრაფის, პულიტცერის პრემიის მფლობელი ჯონ მურის მიერ გადაღებულ ფოტოზე, რომელიც მან ერთ-ერთი არალეგალი მიგრანტის დაკავებისას გადაიღო 12 ივნისს აშშ-მექსიკის საზღვარზე. მესაზღვრეების მიერ დაკავებულმა ქალმა ფოტოგრაფს უამბო, რომ ის თავის 2 წლის შვილთან ერთად ჰონდურასიდან ჩამოვიდა, რომ აშშ-მდე მისასვლელად 1 თვეზე მეტი დასჭირდა და 2500-მდე კილომეტრის გადალახვა მოუწია. როცა ქალი დააკავეს, მესაზღვრეებმა მას ბავშვის ძირს ჩამოსმა მოსთხოვეს, რათა ქალი გაეჩხრიკათ. შეშინებული პატარა ატირდა. სწორედ ამ დროს გადაიღო მურმა ფოტო, რომელმაც საზოგადოება შეძრა.
მურის ფოტო სწრაფად გავრცელდა და ის მიგრანტების ოჯახების დაშორების სიმბოლო გახდა.
კალიფორნიის მცხოვრებლებმა, შარლოტა და დეივ უილნერებმა კი გადაწყვიტეს, რომ Facebook-ზე შემოწირულობის კამპანია წამოეწყოთ, სახელწოდებით „დაეხმარეთ მიგრანტს შვილი დაიბრუნოს“. ისინი აპირებდნენ 1500 დოლარის შეგროვებას, რათა მიგრანტი ქალი გაეთავისუფლებინათ გირაოს სანაცვლოდ და იგი თავის შვილს დაბრუნებოდა.
ფოტომ იმხელა რეზონანსი გამოიწვია, რომ უილნერებმა ამ დროისთვის უკვე 8 მლნ დოლარის შეგროვება შეძლეს; ვარაუდობენ, რომ თანხა 11 მლნ დოლარამდე ავა. ისინი შემოწირულ ფულს Raices-ს გადაურიცხავენ – ყველაზე დიდ არასამთავრობო ორგანიზაციას ტეხასში, რომელიც მიგრანტებსა და დევნილებს იურიდიულ დახმარებას უწევს.
ამ თანხის წყალობით, დაკავებული მიგრანტებისთვის შესაძლებელია გირაოს გადახდა, რის შემდეგაც მათ დროებითი საპატიმროდან გაათავისუფლებენ და ისინი შვილებთან შეხვედრას შეძლებენ.
ამ რამდენიმე ხნის წინათ დონალდ ტრამპის „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმაც გააკრიტიკა. „ძნელია იმის ყურება, როგორ აშორებენ არალეგალ ბავშვებს მშობლებს და ოჯახებს“, – განაცხადა მელანიამ და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს უფრო წარმატებული საიმიგრაციო პოლიტიკა სჭირდება.
ამ ამბების შემდეგ დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა შეეცვალა და გამოსცა განკარგულება, დაკავებული არალეგალი მიგრანტები თავიანთ შვილებს არ დააშორონ.
კომენტარები