საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შეხვედრები ათენში
2018 წლის 19-20 ივნისს ათენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ეწვია, რომელმაც საელჩოს მიერ ორგანიზებულ ორ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
19 ივნისს ათენის ვებსტერის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას შეხვედრა საბერძნეთში ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. თამარ ჟვანიამ საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საარჩევნო სისტემის დახვეწისა და რეფორმირების პროცესზე, ამომრჩევლის უფლებების შესახებ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობის სპეციფიკური საკითხების თაობაზე. პრეზენტაციის შემდეგ თამარ ჟვანიამ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებისათვის საინტერესო კითხვებს უპასუხა.
20 ივნისს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ათენში, საბერძნეთის ისტორიის მუზეუმში გაიმართა ფოტო-გამოფენა. გამოფენა გახსნა საქართველოს ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხარდაჭერით მომზადებული პუბლიკაცია „პირველი დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში“. ღონისძიებას ესწრებოდნენ საბერძნეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამეცნიერო სფეროს, მედიის, ქალაქ ათენში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. ღონისძიების დასასრულს საელჩომ მცირე მიღება გამართა.
კომენტარები