სოფო ფოცხვერაშვილი: „მიზნად დავისახე უცხო მიწაზე გაფანტული პატარა ქართველებისთვის წიგნების წერა“

შვეიცარიაში, ციურიხში მცხოვრები პოეტი სოფო ფოცხვერაშვილი ქართველი ემიგრანტი ბავშვებისთვის წერს ლექსებს და საკუთარი სახსრებით გამოსცემს თავის კრებულებს. „საქართველო უქართველოდ არ უნდა დარჩეს, მიზნად დავისახე უცხო მიწაზე გაფანტული პატარა ქართველებისთვის წიგნების წერა“, – ამბობს იგი ჩვენს კორესპონდენტთან ინტერვიუში.

ქალბატონო სოფო, რატომ წახვედით საქართველოდან?

უცხოეთში ჩემი წასვლის მიზეზი გაუსაძლისი პირობები, უმუშევრობით გამოწვეული ხელმოკლეობა, მოუწესრიგებელი სისტემები, ადამიანების ყოველმხრივ დაუცველობა და უარესი ხვალინდელი დღის შიში გახდა. შვეიცარიაში 23 წელია ვცხოვრობ ჩემს ოჯახთან ერთად (მე-12 წელიწადია, რაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა). ამ ნაბიჯმა გაგვიმართლა იმდენად, რამდენადაც ჩემმა შვილებმა მოქალაქეობა მალევე მიიღეს, თუმცა მე მხოლოდ 13 წლის შემდეგ მივიღე საქართველოში და, საერთოდ, საზღვარგარეთ გასვლის უფლება.

გაგიჭირდათ უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება?

ადვილი ნამდვილად არ ყოფილა უცხო გარემოსთან ადაპტირება და შეგუება. ამ ყველაფერს ახლდა პატარ-პატარა დაბრკოლებებიც, მაგრამ, ღვთის შეწევნით, დავძლიე და ახლა ვცდილობ ჩემი საქმით პატარა ქართველი ემიგრანტების გულის გახარებას.

როგორ ცხოვრობდით და რას საქმიანობდით მთელი ამ ხნის განმავლობაში?

თავდაპირველად მუშაობა დავიწყე საბავშვო ბაღში უცხოელი ბავშვების აღმზრდელად, სადაც ოთხი წელი ვიმუშავე. შემდეგ, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, სახლში ყოფნა მომიხდა: ჩემი მეუღლე არ იყო კარგად, ბავშვებსაც მეტი ყურადღება დასჭირდათ, მაგრამ გზა მაინც გავიკვალე და  მოხუცთა სახლში დამხმარედ დავიწყე მუშაობა.
მაქვს ლექსების ორი კრებული. უფროსებისთვის – „ნოსტალგია“ (ამ კრებულში შესულ ლექსებს ჩემი ემიგრანტობის პირველ წლებში ვწერდი) და საბავშვო – „დედამიწა რაზე დგას?“, რომელიც ჩემი შვილების და შვილიშვილის ნამდვილ ისტორიებზე დაიწერა.

ფილოლოგი ხართ?

არა, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი (დღევანდელი აგრარული უნივერსიტეტი) მაქვს დამთავრებული მებაღე-მევენახის სპეციალობით. ვსწავლობდი დაუსწრებელ განყოფილებაზე და ვმუშაობდი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში კათედრაზე, ლაბორანტად. შემდეგ ვმუშაობდი თბილისის ხილბოსტანვაჭრობის პირველ უნივერსალურ მაღაზიაში მთავარ საქონელმცოდნედ. დაოჯახების მერე აღარ მიმუშავია.

რაზე წერთ და რა არის თქვენი შთაგონების წყარო?

საბავშვო ლექსების  შთაგონების წყარო ჩემი შვილიშვილი გახლავთ. ყველა ლექსი ნამდვილი ისტორიაა. ლექსების წერა რომ დავიწყე, მიზნად დავისახე, ყველა ქვეყანას ვესტუმრო და უცხო მიწაზე გაფანტულ პატარა ქართველებს ჩემივე წიგნებით გავუთბო გული.

100 წიგნი საქართველოში გადავეცი სოციალურად დაუცველ პატარებს, ჩემი პოლიგრაფიული გამოცემები ფერეიდანში მცხოვრებ პატარა ქართველებსაც გავუგზავნე. წიგნში კარგადაა ასახული ემიგრაციის ყველა ემოციური ფონი: სამშობლოს სიყვარული და ნოსტალგია, საყვარელი ადამიანების მონატრება და გამოფხიზლება.

რა ტირაჟით გამოეცით და ვინ დაგეხმარათ?

წიგნი საკუთარი სახსრებით გამოვეცი. საკმაოდ ძვირი დამიჯდა. 1500-იანი ტირაჟი მეგობრების და ოჯახის წევრების გვერდში დგომით დავბეჭდე – ისინი  მარტო არსად მიშვებენ, ჩემი შვილები დიდ ძალას მაძლევენ თავიანთი მხარდაჭერით და გვერდში დგომით.

თქვენი კრებული „ნოსტალგია“ როგორ შეიქმნა?

ემიგრანტებს, როგორც წესი, განსაკუთრებული ნოსტალგია გვიპყრობს. პირველ წლები, როცა ლექსი „ნოსტალგია“ დავწერე (და ამას მოჰყვა შემდგომში კრებულში შესული ჩემი სხვა ლექსებიც), დიდი ემოციური მუხტით გამოირჩეოდა. ძალიან განვიცდიდი. მაშინ ინტერნეტი არ იყო და არც დღევანდელი ტექნიკური საშუალებები არსებობდა. ამ ყველაფერს ერთვოდა ჩემი მეუღლის ავადმყოფობა… აქ არავის ვიცნობდი და თავს მარტოსულად ვგრძნობდი. ეს კრებული ჩემს იმდროინდელ ყველა ემოციას ინახავს. წიგნი „ნოსტალგია“ გახდა ჩემი მეგობარი.

თქვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა ქართული თუ იციან?

მყავს ორი შვილი – დავითი და რუსუდანი, რძალი – თათია და შვილიშვილი – მია. სწორედ მიას დამსახურებაა, საბავშვო ლექსები რომ გამოვეცი. ყველანაირად ვეცადე და ჩემს შვილებს ქართული ენა შევუნარჩუნე. მია სანამ ბაღში წავიდოდა, სრულიად გამართულად საუბრობდა ქართულად. ახლა თითქოს გადაერთო და გერმანულად წამოსცდება ხოლმე რაღაც სიტყვები, მაგრამ ჩემი შვილები აკონტროლებენ და ეუბნებიან, რომ სახლში ქართულად ისაუბროს.

პატარა მია ბებოსთან და მამიდასთან ერთად

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ირლანდიასა და თურქეთში ვგეგმავ მომავალ გასტროლს.

რას  ეტყოდით ქართველ ემიგრანტებს?

მალე დაბრუნებულიყვნენ გამთლიანებულ  და გაბრწყინებულ საქართველოში!

ესაუბრა ქეთი კვირკველია

ქალბატონი სოფოს შეხვედრა ბავშვებთან სხვადასხვა ქვეყანაში შეგიძლიათ იხილოთ ამ ვიდეოზე:
https://www.facebook.com/jolopositive/videos/2186710311344104/UzpfSTEwMDAwMTkyNzYwNDgyOToxOTk2MDQ4NjQ3MTM2MDM2/
კომენტარები
Загрузка...