18 თვიდან 10 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა საფრანგეთის სასამართლომ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს, რომელსაც „კანონიერი ქურდები“ აკონტროლებდნენ. როგორც რადიო Radio France internationale (RFI) იუწყება, ბანდის შემადგენლობაში 30 მამაკაცი და 4 ქალი იყო, რომელთა ასაკი 25-იდან 61 წლამდეა. მათი უმეტესობა საქართველოს მოქალაქეა, თუმცა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შორის იყვნენ, აგრეთვე, აზერბაიჯანელები, სომხები და რუსები. მათ ბრალი ედებათ ქურდობაში, მოპარულის ორგანიზებულ დაფარვაში, დანაშაულებრივ ქმედებებსა და ფულის გათეთრებაში დამამძიმებელი გარემოებებით.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ბანდა 2013-2015 წლების პერიოდში მოქმედებდა საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში, როგორიცაა: სტრასბურგი, ლა როშელი, პუატიე და ნიორი. მაქსიმალური სასჯელი – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ ე. წ. „კანონიერ ქურდებს“, რომლებიც დაჯგუფების იერარქიის სათავეში იყვნენ: გია ელერჯიას (გია გალსკი), ზაზა ელიკაშვილს (კარალეიკა) და კახა შუშანაშვილს (კახა რუსთავსკი). ცნობილია, რომ 58 წლის ელერჯია, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობდა, მაშინ დააპატიმრეს, როდესაც იგი სტრასბურგში სამკურნალოდ ჩავიდა. 44 წლის ელიკაშვილი ლა როშელში ცხოვრობდა და იქიდან ხელმძღვანელობდა კრიმინალებს, რომლებიც საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მოქმედებდნენ.
როგორც პროკურორის მოადგილე ჟან რიშერმა (Jean Richert ) განაცხადა, მათი ყოველდღიური შემოსავალი 500-იდან 800 ევრომდე იყო, ხოლო წლიური 36 მლნ ევროს აღწევდა.
სასამართლო პროცესზე, რომელიც 15 ივნისს დასრულდა ქალაქ ნანსიში, გაირკვა ისიც, როგორ იყო განაწილებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრთა როლები. აქედან გამომდინარე, 8-8 წელი მიესაჯა ბანდის 3 მაყურებელს, 5-იდან 7 წლამდე – „ობშაკის“ შემგროვებლებს, „ხელის ბიჭებს“ და ნაქურდლის „მცველებს“ წელიწად-ნახევრიდან 4 წლამდე პატიმრობა შეეფარდათ.
სასამართლომ, აგრეთვე, მოითხოვა სამუდამოდ აეკრძალოს საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლა ბანდის 12 ორგანიზატორს. გაცემულია კიდევ 3 ორდერი დაპატიმრებაზე, ხოლო 9 ეჭვმიტანილი, რომლებიც უკვე დაჯგუფების მთავარი წევრების დაპატიმრების შემდეგ აიყვანეს, კვლავ დაცვის ქვეშ რჩება.
შეგახსენებთ, რომ მსჯავრდებულები 2015 წლის ზაფხულში დააკავეს ელზასსა და ახალ აკვიტანიაში. ჩხრეკის შედეგად პოლიციელებმა აღმოაჩინეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 100-ობით საგანი, იარაღი, კონტრაბანდული სიგარეტის პარტია და ნაღდი ფული, ხოლო ბელგიის პორტ ანტვერპენში დიზაინერული ტანსაცმლის და საიუველირო ნაკეთობის ორი კონტეინერი იპოვეს. გამოძიების ვერსიით, დაჯგუფება შესაძლოა გერმანიაში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებსა და ბელგიაში ჩადენილ დანაშაულებშიც იყოს გარეული.
საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დღეს სპეციალურ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ. „მიმდინარე წლის 15 ივნისს, საფრანგეთის ქალაქ ნანსიში მათი სასამართლო პროცესი დასრულდა. „კანონიერ ქურდებს“ – კახა შუშანაშვილს, ზაზა ელიკაშვილსა და გიორგი ელერჯიას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ და სამუდამოდ აეკრძალათ საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლა. დაკავებულ ბიძინა ბაკურიძეს კი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა და მასაც სამუდამოდ აეკრძალა საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლა. დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდობისთვის“ სასჯელი გამკაცრდა, ხოლო „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, შეკრების ორგანიზება, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი დანაშაული გახდა“, – განაცხადა ჭელიძემ.
კომენტარები