სამზარეულო
პალაჩინკე – სერბული ბლინები (სამარხვო)
ამ სასუსნავის ისტორია კარგა შორიდან იწყება – მას ჯერ კიდევ ძველი რომაელები აცხობდნენ. რომიდან ის ევროპაში გავრცელდა. ბლინის სერბული ვარიანტი „პალაჩინკა“ (მრ. რ. – „პალაჩინკე“) წარმართულ ცერემონიებში განსაკუთრებულ როლს ასრულებდა. ის მრგვალი ფორმით მზის ალეგორია იყო და ახალი მზის დაბადების დღესასწაულზე, ზამთრის მიწურულს ცხვებოდა. თანამედროვე სერბეთში კი ეს ბლინი ქუჩის სამზარეულოს საკმაოდ პოპულარული სახეობაა, თუმცა მისი დაგემოვნება რესტორნებშიც შეგიძლიათ. შიგთავსი თქვენი სურვილისამებრ შეიძლება იყოს როგორც მარილიანი, ისე ტკბილი.
საჭირო პროდუქტი: 1/2 ჩ/ჭ სოიის რძე, 2/3 ჩ/ჭ + 2 ს/კ წყალი, 1/4 ჩ/ჭ გამდნარი მარგარინი, 1 ჩ/ჭ ფქვილი, 1/4 ჩ/კ მარილი, 1 ს/კ მცენარეული ზეთი.
მომზადების წესი: დიდ ჯამში ერთმანეთში აურიეთ სოიის რძე, წყალი და მარგარინი. ცალკე ჯამში შეურიეთ ფქვილი და მარილი. ფქვილის და მარილის ნარევი დაუმატეთ რძის ნარევს, თქვიფეთ ბლანტი მასის მიღებამდე. დააფარეთ და შედგით მაცივარში 2 საათი. თუ ცომი სქელი გამოვიდა, თითო-თითო კოვზის დამატებით შეურიეთ წყალი სასურველი კონსისტენციის მიღებამდე. გააცხელეთ ტაფა და დაასხით მცირეოდენი ზეთი. სამი კოვზი ცომი თანაბრად გადაანაწილეთ ტაფაზე. გააჩერეთ ცოტახანს, სანამ ზედაპირი მოშრება და ძირი ფერს შეიცვლის, გადაატრიალეთ მეორე მხარეს და გააჩერეთ. მზა ბლინი გადმოიტანეთ თეფშზე და ასე გააგრძელეთ ცომის დამთავრებამდე.
კომენტარები