რას არ გაიგებ/ფაქტები

ცნობილთა უცნაური გატაცებები

კოლექციონერობა ადამიანების საკმაოდ გავრცელებული გატაცებაა: ერთნი მთელი ცხოვრება მარკებს აგროვებენ, მეორენი საახალწლო ბართებს, მესამენი ბრილიანტებსმსოფლიოში ცნობილი ადამიანებიც აგროვებენ სხვადასხვა ნივთს, ოღონდ საკმაოდ თავისებურს და ხშირად გასაკვირსაც კი. თავად განსაჯეთ:

„ცხრა-ნახევარი კვირის“ ქერათმიანი ვარსკვლავი კიმ ბესინჯერი პომადებს აგროვებს. მას პომადების ისეთი რაოდენობა დაუგროვდა, რომ იძულებული გახდა, მათ შესანახად სპეციალური კარადა ეყიდა. მისი პომადებით გატაცება ნამდვილად უცნაურია იმიტომ, რომ ადრე ვარსკვლავი მხოლოდ უფერული ტუჩის საცხით სარგებლობდა.

ჰარისონ ფორდი ოდესღაც ლუკმაპურს იმით შოულობდა, რომ დურგლობდა და კუბოებს თლიდა. მას შემდეგ იგი გატაცებით აგროვებს… ლურსმნებს! და სწამს, რომ ამქვეყნად სხვა რამ, ასეთი სრულყოფილი თავისი ფორმით, არ არსებობს. ფორდის რანჩოში ლურსმნების მთელი კოლექციაა – პატრონმა სიყვარულით განათავსა ისინი სადურგლო ატელიეს კედლებზე.

რეჟისორ დევიდ ლინჩის კოლექცია თავისი ორიგინალურობით გამორჩევა – ლინჩი აგროვებს… მკვდარ ბუზებსა და ქათმის ძვლებს, რომელებსაც თავის ფილმებში იყენებს.

მსახიობ იზაბელ როსელინის ნიუ-იორკის ბინაში არსებობს საიდუმლო ოთახი, რომელსაც პატრონი „მოგონებათა ოთახს“ ეძახის. იქ ყველა ის ნივთია (ტანსაცმელი, სასმლის ბოთლები, სუნამოს კოლოფები…) თავმოყრილი, რომლებიც როსელინის ექსქმრებთან და საყვარელ მამაკაცებთან გატარებულ ბედნიერ დღეებს აგონებს.

ფაქიზი, დახვეწილი ინტელექტუალი უინონა რაიდერი მთელ მსოფლიოს მოუთხრობს თავისი ანტიკვარული წიგნების შესახებ, რომელთა თემატიკა ალქიმია და პრაქტიკული მაგიაა. ამ ლამაზმანის სახლში უკვე მთელი ბიბლიოთეკაა თავმოყრილი, თუმცა უინონა იფიცება, რომ ამ წიგნებს მზაკვრული მიზნებისთვის არასოდეს გამოიყენებს.

პოპულარული კანადელი მომღერალი სელინ დიო ფეხსაცმელების კოლექციონერია და მხოლოდ ცნობილი დიზაინერების ქმნილებებს აგროვებს. სელინი ერთხელ გამოტყდა, რომ შეუძლია დღეში ხუთი წყვილი ფეხსაცმელი გამოიცვალოს. და ეს იმიტომ, რომ ხელმოკლე, მრავალშვილიანი ოჯახის უმცროს შვილს მხოლოდ უფროსების გამონაცვალი ერგებოდა ხოლმე.

რაც შეეხება მომხიბვლელ დემი მურს, შესაძლოა მისი თოჯინების შეგროვებით გატაცება იმანაც გამოიწვია, რომ ბავშვობაში საშუალება არ ჰქონდა თოჯნებით ეთამაშა. იგი ჟურნალებიდან ლამაზმანების ფოტოებს ჭრიდა, სახელებს არქმევდა და სხვადასხვა ისტორიას იგონებდა. ვარსკვლავი რომ გახდა, დემიმ თავისი „დაკარგული ოცნება“ ერთგვარად აისრულა – მის კოლექციაში 2 ათასზე მეტი თოჯინაა, რომლებისთვისაც მსახიობი თავისი სახელობის მუზეუმის გახსნას ფიქრობს.

საკმაოდ უცნაური კოლექციის მფლობელია ბრედ პიტი. იგი მიიჩნევს, რომ სიგარეტის ნამწვი მწეველზე არასრულ, მაგრამ მაინც ბევრ ინფორმაციას იძლევა, ამიტომ გულმოდგინედ ინახავს მეგობართა სიგარეტის ნამწვებს. „შეხედეთ, როგორი ნაღეჭია ბრიუს უილისის სიგარეტი, მთლად პატრონს ჰგავს – მოუთმენელი, უაზრო, სასაცილო და უსუფთაო…“ – ამბობს ბრედი. სხვათა შორის, მის კოლექციას ჩარჩოებში ჩასმული გამხმარი ხოჭოები, მტრედის თავის ქალა, ღამურების ჩონჩხებიც „ამშვენებს“.

ტომ ჰენქსის კი ვინტაჟური საბეჭდი მანქანების კოლექცია აქვს. მათი რაოდენობა 3 ასეულს აჭარბებს. კოლექციის შემადგენლობაში  იშვიათი რარიტეტები შედის, მათ შორის, 1960 წელს გამოშვებული გერმანული SM8, 1946 წელს გამოშვებულ  VintageL CSmithCorona-ზე კი მსახიობი ისეა შეყვარებული, რომ მოგზაურობისას სულ თან დააქვს.

ექსფეხბურთელისა და ცნობილი მომღერლის, ხულიო იგლესიასის კოლექცია პატრონის მისწრაფებებსა და ხასიათზე თვითონვე მეტყველებს: ყოველი მოგზაურობიდან ხულიოს სამახსოვრო საჩუქრის სახით, არც მეტი – არც ნაკლები, ჩამოაქვს… ქალის ლიფი! საინტერესოა, ვისი ლიფი გაიყოლა ცნობილმა მომღერალმა საქართველოდან (გახსოვთ ალბათ, 2012 წლის დადგომა მან ბათუმიდან მოგვილოცა).

ამჯერად აქ დავასრულებთ, თუმცა უცნაური კოლექციონერები ზემოთ ჩამოთვლილი ცნობილი ადამიანებით რომ არ ამოიწურება, ცხადია.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close