ცრემლების მაკურნებელი ძალა
ძველ სლავებში ერთი მეტად საინტერესო პრაქტიკა არსებობდა: გათხოვილი ქალები თავიანთ ცრემლებს სპეციალურ ჭურჭელში აგროვებდნენ, შემდეგ მას ვარდის წყალს ურევდნენ და ამ ნაზავს იარების სამკურნალოდ იყენებდნენ. ბიზანტიასა და სპარსეთში ფიქრობდნენ, რომ ცრემლებს დაჭრილი მეომრების მაკურნებელი არაჩვეულებრივი ძალა ჰქონდა.
რა არის ცრემლების „საიდუმლო“? ეს კითხვა, ცხადია, მეცნიერებსაც აწუხებდათ და თავის დროზე დაადგინეს, რომ ცრემლი ანტიმიკრობულ ცილა ლიზოციმს შეიცავს, რომელიც წარმატებით უვნებელყოფს ბაქტერიებს და საშიშ ინფექციებს განვითარების საშუალებას არ აძლევს. სწორედ ამიტომაა, რომ ძველ ზღაპრებში ცრემლებს „მაცოცხლებელი წყლის“ ძალა მიეწერება.
ამ „მაცოცხლებელ წყალს“ ყველაზე ხშირად ქალები „აფრქვევენ“. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ისინი მამაკაცებზე ოთხჯერ უფრო ხშირად ტირიან და ეს პროცესი სუსტი სქესის წარმომადგენლებში გაცილებით ხანგრძლივია, ვიდრე მამაკაცებში. დადგენილია ისიც, რომ ქალები, ჩვეულებრივ, საშუალოდ ექვსი წუთის განმავლობაში ტირიან, მამაკაცები კი – ორი წუთის განმავლობაში.
სხვათა შორის, სხვადასხვა სქესის წარმომადგენლებს ტირილის მიზეზიც სხვადასხვაგვარი აქვთ. ითვლება, რომ მიზეზით თუ უმიზეზოდ, თვეში ორ-სამჯერ ტირის ქალების 74 და მამაკაცების 20 პროცენტი, თუმცა ეს უკანასკნელნი ამ სისუსტეს მალავენ. ტკივილისგან ტირის ქალების 36 და მამაკაცების 25 პროცენტი, სიყვარულისა და მასთან დაკავშირებული განცდისგან – ქალების 41 და მამაკაცების 22 პროცენტი. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ შეგნებულად თუ ქვეცნობიერად, ქალები ტირილით ცდილობენ დასახული მიზნის მიღწევას, რადგან კარგად ესმით, რომ ძალ-ღონით ვერაფერს გახდებიან. მსგავსი მიზეზით მამაკაცების მხოლოდ ოცი პროცენტი ტირის.
რატომ ტირიან ქალები მამაკაცებზე ადვილად?
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ქალები უფრო მტირალები სისხლში არსებული ჰორმონის – პროლაქტინის გამო არიან. ეს ჰორმონი არა მარტო ცრემლებზე, არამედ მეძუძურობის პერიოდში რძის გამოყოფაზეც არის პასუხისმგებელი. მამაკაცებს კი ცრემლების „დათრგუნვაში“ ჰორმონი ტესტოსტერონი ეხმარება, რომელიც ამ სითხის წარმოქმნას ეწინააღმდეგება.
ცრემლი სტრესის ჰორმონებს შეიცავს, რომლებიც ემოციების მოზღვავებისას გამოიყოფა. ცრემლი ორგანიზმს იმ ნივთიერებებს აცილებს, რომლებიც ნერვული დაძაბულობის დროს წარმოიქმნება. ამიტომაა, რომ ადამიანი ტირილის შემდეგ თავს უფრო მშვიდად და შედარებით მხნედ გრძნობს.
ფაქტია ისიც, რომ გრძნობების გამოსახატავად ქალებს შინაგანი ძალების გაცილებით ნაკლები დაძაბვა ესაჭიროებათ, ვიდრე მამაკაცებს, რომელთაც ამ შემთხვევაში ტვინის ძლიერი დაძაბვა უწევთ. შედეგად მამაკაცის ცრემლი ხშირად შეუმჩნეველი რჩება, რადგან უმეტეს შემთხვევაში იგი თვალების შეწითლებითა და ორიოდე კურცხალით შემოიფარგლება ხოლმე. ეს კი ადვილად შეიძლება „თვალში ჩაბრუნებულ წამწამს“ დაბრალდეს. მამაკაცები თითქმის არასოდეს ტირიან იმის გამო, რომ ვიღაცამ დაუყვირა, უხეშად მიმართა, ან სულაც ქორწინდება, მაშინ როდესაც ქალების უმეტესობა ამ შემთხვევაში ცრემლებს ვერ იკავებს.
საინტერესოა, რომ ყველაზე „მწარე“, ტკივილისა და გულის ტკენისგან გამოწვეული ცრემლების მარილიანობა 9 პროცენტს შეადგენს, ხოლო „არანამდვილი“ ცრემლები, რომლებიც ხახვის დაჭრის ან თვალში რაიმე უცხო საგნის ჩავარდნისას გამოიყოფა, უფრო ნაკლებ მარილიანია.
ცრემლები – კიბოს ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირების ინსტრუმენტი (?!)
სულ მალე ცრემლის ანალიზი კიბოს დაავადებათა დიაგნოსტიკის ეფექტიანი მეთოდი შეიძლება გახდეს. საქმე ისაა, რომ სამხრეთ უელსის სამედიცინო უნივერსიტეტის ოკულისტებმა ონკოლოგიური დაავადებებით დასნეულებულ ადამიანთა ცრემლებში დიდი რაოდენობით სპეციფიკური ცილა აღმოაჩინეს, რომელსაც, ჩვეულებრივ, კიბოს უჯრედები შეიცავს.
ავსტრალიელი მეცნიერები ცრემლის ქიმიური შემადგენლობის შესასწავლად ლაბორატორიული აღჭურვილობის კომპლექტის შემუშავებას ცდილობენ. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ რამდენიმე წელში ასეთი აპარატის საშუალებით შესაძლებელი გახდება პირველი გამოკვლევების ჩატარება.
ამერიკელი მკვლევრები Ascendant Diagnostics-იდან კი სავსებით დარწმუნებულნი არიან, რომ ქალის ცრემლების მიხედვით ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება 90-პროცენტიანი სიზუსტით არის შესაძლებელი. საქმე ისაა, რომ ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების ცრემლებში ცილების სპეციფიკური ნაკრები იყრის თავს – სწორედ ეს ცილები განასხვავებს ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალებს მათგან, რომლებიც აბსოლუტურად ჯანმრთელნი არიან.
უცნაურ ექსპერიმენტში მონაწილეობაზე, რომელიც ახალ ზელანდიაში ჩატარდა, 400 ქალი დათანხმდა. ისინი სპეციალურად წავიდნენ მელოდრამა „ბრუკლინის“ სანახავად, რომლის ყურებისას მათი უმეტესობა მართლაც მთელი გულით ატირდა. მათ თავიანთი ცრემლები კვლევას „შესწირეს“. ცრემლების შესაგროვებლად კინოთეატრში ლაბორანტები იყვნენ მობილიზებულნი, რომლებიც სპეციალური ინსტრუმენტით მუშაობდნენ პირდაპირ ფილმის ჩვენების დროს.
Ascendant Diagnostics-ი იმედოვნებს, რომ შექმნის მოწყობილობას (device), რომელიც გაცილებით ეფექტიანად მოახდენს ძუძუს კიბოს დიაგნოსტირებას ადრეულ სტადიაზე, ვიდრე არსებული მეთოდები (მათ შორის, მამოგრაფი), რომლებიც ძუძუს მკვრივი ქსოვილის შემთხვევაში მხოლოდ ქალების 13 პროცენტში იძლევა სწორ მაჩვენებელს. ახალ ტექნოლოგიას ამ პრობლემის გადაჭრა არ მოუწევს და ის შეიძლება ნამდვილი გარღვევა გახდეს. თუმცა სანამ ცრემლებით დიაგნოსტირების მეთოდი კლინიკურ გამოცდას გაივლის, წინ კიდევ რამდენიმე წელია.
თამთა გურული
კომენტარები