ხელოვნებაnews

„ვიცეკვებთ, ვიტირებთ, ვიმხიარულებთ“ – ათენი ლარა ფაბიანის კონცერტის მოლოდინში

„ბერძენი ერი ცივილიზაციის სიმბოლოა. ვგულისხმობ დღევანდელ ნამდვილ კულტურას და არა არქაულ ისტორიას, ძეგლებსა თუ თეატრებს. ვსაუბრობ კაზანძაკისისა და ელატისის მწერლობაზე, თეოდორაკისის მუსიკაზე, ჩემი მეგობრების – ნანა მუსხურის, გიორგოს პერისისა და მარიო ფრაგულისის უნიკალურ ხმებზე, კოსტა გავრასა და ტეო აგელოპულოსის კინოზე. ვსაუბრობ მდიდარი კულტურის მქონე ერზე, ჩემთვის ეს არის მთავარი, ქვეყნის სილამაზეზე აღარაფერს ვამბობ“, – ასე დაახასიათა კანადელმა მომღერალმა (წარმოშობით ბელგიელმა) ლარა ფაბიანმა ბერძენი ერი, რომელიც დიდი მოლოდინის შემდეგ, 19-20 მაისს ათენის TAE KWO DO-ს მოედანზე მოუსმენს უძლიერესი მომღერლის კონცერტს. ლარა კი, თავის მხრივ, თაყვანისმცემლებს ჰპირდება, რომ ისინი იხილავენ შოუს, სადაც უდიდესი სიყვარული უამრავ ადამიანს გააერთიანებს და ერთ მუშტად აქცევს. „ვიცეკვებთ, ვიტირებთ, ვიმხიარულებთ“, – აცხადებს იგი BHMAGAZINO-სთან საუბარში.

ლარა ფაბიანმა მსოფლიო კანადიდან (მისი მეორე სამშობლო) „დაიპყრო“. იგი სელინ დიონის „კვალს“ გაჰყვა და 20 მილიონი დისკი გაყიდა არა მარტო თავისი სევდიანი, მგრძნობიარე ბალადების წყალობით, არამედ სერჟ ლამას ( Serge Lama) “Je suis malade”-ის და ლუციო დალას “Caruso”-ს უბადლო შესრულებით.

48 წლის დივას ძალიან უყვარს საბერძნეთი და, როგორც ამბობს, მოუთმენლად ელის 19-20 მაისს. დღემდე მსოფლიოს ყველა კუთხეში ანშლაგით ჩაიარა მისმა ყოველმა კონცერტმა. ერთ-ერთი გამოსვლისას მომღერალს თაყვანისმცემლებმა მიკროფონი „წაართვეს“ და სიმღერით უდიდესი სიყვარული გამოხატეს ლარას მიმართ სიტყვებით: “On t’aime” („ჩვენ შენ გვიყვარხარ“). ვიდეოს, რომელიც აცრემლებულ ლარა ფაბიანს გვიჩვენებს, 100 მილიონი მნახველი ჰყავს მთლიანად სხვადასხვა არხზე ინტერნეტ სივრცეში.

ბელგია, იტალია და კანადა ის ქვეყნებია, რომლებმაც ლარა ფაბიანი ჩამოაყალიბეს, როგორც ქალი და როგორც ხელოვანი. „იტალია დედაჩემის სამშობლოა და ბავშვობის წლებთან მაბრუნებს, ასევე ჩემი მეუღლის სამშობლოცაა. იტალიასთან აუხსნელი ღრმა პიროვნული გრძნობები მაკავშირებს. ბელგია მამაჩემის სამშობლოა, ქვეყანა, სადაც დავიბადე და გავიზარდე და დღემდე ჩემს სახლად მიმაჩნია. კანადა ჩემი სამშობლოა, რომელიც მე თავად ავირჩიე; ეს უფლება ყველას არ აქვს და ვფიქრობ, ბედნიერი ვარ, ამ ფუფუნებას რომ ვფლობ. მე მომეცა შანსი, ამერჩია სამშობლოდ ის ქვეყანა, რომელიც მსურდა, საცხოვრებლად გადავედი კანადაში და ვიბრძოლე მოქალაქეობის მისაღებად. ჩემში სამივე ქვეყნის კულტურა და მენტალიტეტია გაერთიანებული“.

უნდა აღინიშნოს, რომ მომღერალს მშობლებმა ბორის პასტერნაკის „ექიმ ჟივაგოს“ გმირის, ლარას სახელი დაარქვეს. თავად ფაბიანის დამოკიდებულება მწერლობის მიმართ ძალიან სიღრმისეულია. იმის გამო, რომ ხშირად უწევს გამოსვლა სხვადასხვა ქვეყანაში და მოგზაურობისას ბევრ დროს ატარებს აეროპორტებში, სასტუმროებსა და თვითმფრინავში, იგი დიდ დროს უთმობს ფასეული წიგნების შერჩევას, რადგან თავად ხელოვანი შთაგონების წყაროდ მიიჩნევს ღირებულ მწერლობას.

რამდენიმე წლის წინ ლარა ფაბიანი დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა: შეიძლებოდა დაეკარგა არა მარტო ხმა, არამედ სმენაც და საკუთარ შვილთან კონტაქტიც კი აღარ შეეძლო. „საშინელი გამოცდილებაა, მეგონა მთელი სამყარო დაინგრა ჩემ გარშემო, მაგრამ ბევრი ვიბრძოლე და გადავრჩი. მუსიკა ჩემს დეენემშია, მუსიკა – თავად მე ვარ. ხმა რომ დამეკარგა, იგივე იქნებოდა ჩემთვის, რომ უარმეყო საკუთარი თავი, ადამიანებთან კონტაქტის სურვილი. ამას არასოდეს დავუშვებ!“ – აცხადებს მომღერალი.

ლარას ქალიშვილი დღეს ათი წლისაა. იგი ათი წლის წინ პაწიას იმ იტალიური სიმღერით უნანავებდა, რომლითაც საკუთარმა დედამ გაზარდა. დღეს კი უკვე  ათი წლის გოგონა თავად უმღერის იავნანას სახელოვან დედიკოს.

მომავალ თაობაზე ვსაუბრობთ და აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ლარა ფაბიანი კანადური  The Voice-ის ჟიურის წევრია. ჟურნალისტის კითხვაზე, მიიღებდა თუ არა მონაწილეობას თავად ასეთ შოუში, დღეს რომ იწყებდეს კარიერას, პასუხობს, რომ ოცი წლის წინ, როცა სიმღერა დაიწყო, ასეთი გადაცემები ტელევიზიაში არ არსებობდა. „დღეს რომ ვდგამდე პირველ ნაბიჯებს, აუცილებლად მივიღებდი მონაწილეობას, რადგან ასეთი შოუები გზას უკვალავს ხელოვანს ფართო საზოგადოებისკენ, თუმცა ამას წარმატება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაქვს, როცა ხელოვანი თავის მუსიკას – შემოქმედებას წარმოაჩენს და არ მონაწილეობს მხოლოდ იმისთვის, რომ ცნობილი გახდეს. წარმატების გასაღები გულწრფელობაა. მაყურებელი აუცილებლად ხვდება გულახდილობას და ფარისევლობას. ერთადერთი რჩევა, რაც მინდა მივცე შოუს ნებისმიერ მონაწილეს, ისაა, რომ იყოს ის, ვინც არის, გასცეს საუკეთესო და დატკბეს ამ უნიკალური გამოცდილებით“.

ლარა ფაბიანი და მარიო ფრაგულისი

ემოციური მომღერალი დიდი მადლიერებით აღიარებს, რომ ისეთ ხელოვანებთან მუშაობა, როგორებიც არიან: ფილ კოლინზი, მაიკლ ბოლტონი, ანდრეა ბოჩელი და მარიო ფრაგულისი – დიდი პატივია მისთვის; დიდი სურვილი აქვს, ითანამშრომლოს მაიკლ ბაბლსა და Sceal-თან.

აი, ასე მოკლედ კიდევ უფრო კარგად გაგაცანით უამრავი მუსიკის მოყვარულის კერპი ლარა ფაბიანი. ბერძნები, და არა მარტო, მოუთმენლად ველით დივას კონცერტს ათენში!

ია თულაშვილი

მოუსმინეთ ლარა ფაბიანის და ცნობილი ბერძენი ტენორის, მარიო ფრაგულისის არაჩვეულებრივ დუეტს ბერძნულ ენაზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close