ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

ქეთი ტიღაშვილი: „არ დაკარგოთ მოთმინება, შრომა ყოველთვის ფასდება“

საფრანგეთში მცხოვრები ახალგაზრდა ჰობოისტი ქეთი ტიღაშვილი მუსიკოსების ოჯახიდანაა და ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს. მან თავისი მუსიკალური მოღვაწეობისთვის ფრანგული ინსტრუმენტი – ჰობოი აირჩია, რომელიც 1989 წელს გინესის რეკორდების წიგნში შეიტანეს, როგორც ყველაზე რთული ინსტრუმენტი. როგორც ჩანს, ქეთის ჰობოისთან „ურთიერთობის“ სირთულე არ აშინებს და წარმატების მისაღწევად მონდომებით სწავლობს და შრომობს. იგი არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია, მათ შორის, არის MERSIN YOUTH SYMPHONY-ს კონკურსის სამგზის გამარჯვებული. ამჟამად მუსიკოსი სწავლას პარიზში აგრძელებს. ქეთი იყო საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის 2012-2016 წლების სტიპენდიანტი.

ქეთი, საფრანგეთში სასწავლებლად რაიმე პროგრამით წახვედით?
პარიზში ერაზმუსის პროგრამით (გაცვლითი პროგრამა) დავიწყე სწავლა 2017 წლის სექტემბერში, პროფესორ ოლივიე დუაზთან. სწავლას ივნისის ბოლოს ვამთავრებ. ამ ერთწლიანმა პროგრამამ საშუალება მომცა, ჩემი თავი განმევითარებინა, როგორც მუსიკოსს და ხელოვანს. რა თქმა უნდა, პარიზი ყველა ხელოვანისთვის არაჩვეულებრივი ადგილია – მხატვრობა, ისტორია, მუსიკა აქ ძალიან ფასდება, ეს კი, რა თქმა უნდა, მოტივაციას გაძლევს, რომ უკეთესი გახდე და უფრო მეტი პასუხისმგებლობით  მიუდგე შენს საქმეს.

საერთოდ, საქართველოდან 2012 წელს წავედი და მიუნხენის უმაღლეს სასწავლებელში ბაკალავრის პროგრამაზე ჩავაბარე, ვსწავლობდი პროფესორ ფრანსუა ლელუს კლასში. ბაკალავრიატი 2016 წელს დავამთავრე. ამჟამად მაგისტრატურის პროგრამით ვაგრძელებ სწავლას მიუნხენის უმაღლეს სასწავლებლში.

ბევრი სირთულე შეგხვდათ?
ადვილი არ არის, ჩახვიდე უცხო ქვეყანაში სასწავლებლად, რა თქმა უნდა, სირთულეები მეც გამოვიარე, ისევე როგორც სხვა ადამიანებმა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მიღებული გამოცდილება ამად ღირდა.

საზღვარგარეთ სწავლა მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სურვილი იყო და, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები ყოველთვის გვერდში მედგნენ. ბებიაჩემს ძალიან უყვარდა ხელოვნება, განსაკუთრებით მუსიკა, ამიტომ სულ ცდილობდა, ჩვენთვის გზა ეჩვენებინა; ყოველთვის კარგ რჩევებს და ინფორმაციას გვაძლევდა შვილიშვილებს.

ჰობოი – ინსტრუმენტი, რომელზეც უკრავთ, ფრანგულია, არა (hautbois  – ფრანგულად გამოითქმის, როგორც ობუა და სიტყვასიტყვით მაღალ ხეს ნიშნავს – რედ.)?
ჰობოი ფრანგული ინსტრუმენტია და საფრანგეთში სწავლის პერიოდში მომეცა საშუალება, ფრანგული სკოლა უფრო ახლოდან გამეცნო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფესორი მიუნხენში, ასევე, ფრანგია.

მარტო ცხოვრობთ?
საფრანგეთში მარტო ვცხოვრობ. მიუნხენში კი საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობ, სადაც სამი მეზობელი და კატა გვყავს, სახელად ფისო.

მუსიკოსების ოჯახიდან ხართ, რამაც ალბათ იქონია გავლენა თქვენს პროფესიულ არჩევანზე…
დიახ, ჩემი ოჯახის წევრები მუსიკოსები არიან:  დედაჩემი – მარინა მევიოლინეა, მამაჩემი – გია კონტრაბასისტი იყო, მაგრამ  ამჟამად მუსიკოსად არ მოღვაწეობს. ჩემი და – ანაც ასევე მევიოლინეა და ისიც გერმანიაში, ქალაქ ესენში სწავლობს.

რა თქმა უნდა, პროფესიის არჩევისას დიდ როლს თამაშობს ის, რომ მთელი ოჯახი მუსიკოსები არიან, ეს საქმეს უფრო გიადვილებს. ყოველთვის შეგიძლია შენიანს ენდო და მოისმინო ისეთი კრიტიკა, რომელსაც პუბლიკა არ გაგიმხელს. მეცადინეობის დროს არის ხოლმე მომენტები, როცა შენ თვითონ არ გესმის პატარა დეტალი, რასაც არასწორად აკეთებ, ამ დროს დედაჩემი ან ჩემი და მისწორებენ და მაძლევენ რჩევას, თუ როგორ შეიძლება უკეთ ჟღერდეს.

მუსიკოსებისთვის, როგორც ვიცი, დასვენების დღე არ არსებობს, თქვენს პროფესიაში წარმატების მისაღწევად, ნიჭთან ერთად, მუდმივი, თავდაუზოგავი შრომაა საჭირო…
როგორც მუსიკოსები ვამბობთ, ჩვენთან უქმე დღე არ არსებობს. ყოველდღე დისციპლინირებული მეცადინეობა წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველია. მომდევნო დღეს წინა დღით ვგეგმავ იმის მიხედვით, თუ რა მაქვს გასაკეთებელი ან სამეცადინო. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი პრიორიტეტი მეცადინეობაა. ყველა პროფესიას სჭირდება შრომა, მაგრამ ჩვენი პროფესია უფრო მეტს ითხოვს, იმიტომ რომ ბევრ დროს ატარებ შენს თავთან და ინსტრუმენტთან. თუმცა მხოლოდ დაკვრა და მეცადინეობა არ შველის, ინფორმაციაც უნდა მოიპოვო როგორც კომპოზიტორზე, ისე ნაწარმოებზე, ეპოქაზე… მოთმინების უნარი და ნებისყოფა უნდა გქონდეს.

თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
მიყვარს სეირნობა, სპორტი, კითხვა, მეგობრებთან ერთად ყოფნა, ან თუნდაც მუზეუმში წასვლა ერთი საათით.

თქვენი საყვარელი კომპოზიტორი  ვინ არის?

ალბათ ძალიან ემოციური ვარ… ერთი კონკრეტული საყვარელი კომპოზიტორი არ მყავს, მაგრამ როგორც მხატვრობაში, ისე მუსიკაში იმპრესიონიზმის ეპოქა ჩემთან ახლოს არის. ვერც მწერალს გამოვარჩევ, არის წიგნები, რომლებიც ძალიან მიყვარს ან მომწონს…

საქართველოში როდის ბრუნდებით?
საქართველოში ზაფხულობით დასასვენებლად ჩამოვდივარ, ან მაშინ, თუ კონცერტი გამომიჩნდა. მარტში ჩატარდა ჩემი და მარიამ მაჩაიძის ერთობლივი ფესტივალი – ხელოვნება განათლებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ეს ფესტივალი ყოველწლიურად გაიმართება.

რას ეტყვით ჩვენს მკითხველს?
არ დაკარგოთ მოთმინების უნარი და თუ რამის გაკეთება გინდათ, არ დაზოგოთ ენერგია, შრომა ყოველთვის ფასდება.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close