ძმები არველაძეები ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას სცენაზე მიიწვია

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი 30 აპრილს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში იმყოფებოდა. შეხვედრას ძმები არველაძეები ესწრებოდნენ. სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა მოულოდნელად სცენაზე შოთა და არჩილ არველაძეებს მოუხმო.

მომხდარის შესახებ შოთამ სოციალურ ქსელში დაწერა:
„თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება. დღეს იგი ტაშკენტში ქვეყნის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან ერთად ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებსა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მე და აჩიც ვიმყოფებოდით. მოულოდნელად, ეკონომიკის განვითარებისა და ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებზე საუბრის დროს, ერდოღანმა ჩემზე და აჩიზე დაიწყო ლაპარაკი, შემდეგ სცენაზე ასვლა გვთხოვა.

„უზბეკეთში ბევრი სასიკეთო ინვესტიციის განხორციელებას ვაპირებთ, რომელიც ბევრ სხვადასხვა სფეროს შეეხება. ეს არ იქნება მხოლოდ ეკონომიკური მიმართულება, ინვესტიცია მოიცავს განათლებას და კულტურასაც. ამავდროულად, აქ არიან შოთა და არჩილი, რომლებიც ჩვენთან, თურქეთში წლების მანძილზე მოღვაწეობდნენ და ახლა გუნდს უზბეკეთში წვრთნიან. ეს შესანიშნავი კომბინაციაა“, – განაცხადა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა.

მინდა მადლობა გადავუხადო თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ჩვენ მიმართ გულთბილი დამოკიდებულებით. ასევე, უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს თბილი შეხვედრისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია ასეთ მასშტაბურ ფორუმზე მათთან შეხვედრა, რისთვისაც ორივე მხარეს კიდევ ერთხელ ვუხდით დიდ მადლობას“, – წერს ცნობილი ფეხბურთელი, რომელიც წლების განმავლობაში თამაშობდა თურქულ „ტრაბზონსფორში“ და 1995-96 წლების სეზონში თურქეთის უმაღლესი ლიგის ბომბარდირიც გახდა. იგი 2015-2017 წლებში „ტრაბზონსპორის“ მთავარი მწვრთნელი იყო.

მისი ძმა, არჩილ არველაძეც თამაშობდა თურქეთში, „ტრაბზონსპორში“ და ამ გუნდის შემადგენლობაში 1995 წელს თურქეთის თასის და სუპერთასის მფლობელი გახდა. იგი „ტრაბზონსფორის“ ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერია.

ამჟამად შოთა არველაძე ტაშკენტის „ფახტაკორის“ მთავარი მწვრთნელია, მისი ტყუპისცალი, არჩილი კი – ამავე გუნდის სპორტული დირექტორის პოსტს იკავებს.

კომენტარები
Загрузка...