საბერძნეთისა და თურქეთის შეიარაღებული ძალები – როგორია ძალთა ბალანსი?

რამდენადაც ბოლო დროს ბევრი იწერება საბერძნეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების დაძაბვის შესახებ, მოდით ვნახოთ, როგორია ამ ქვეყნების შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები და ძალთა ბალანსი მათ შორის.

მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, თურქეთის ჯარი თავისი მონაცემებით მე-9 ადგილზე იმყოფება, ხოლო საბერძნეთი 28-ე ადგილს იკავებს. თურქეთის არმიის აქტიური სამხედრო პერსონალი 350 ათასი ადამიანით განისაზღვრება, ხოლო საბერძნეთისა – 161 ათასით. თურქეთის თავდაცვის ბიუჯეტი 10 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს, ხოლო საბერძნეთისა 6 მლრდ 500 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. თურქეთს ჯამში 1056 სამხედრო თვითმფრინავი აქვს, საბერძნეთს კი – 527. აღსანიშნავია, რომ გამანადგურებლებისა და ბომბდამშენების რაოდენობით თურქეთის უპირატესობა მინიმალურია. ბერძნები მეზობელ ქვეყანას მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან სატრანსპორტო და შემტევი შვეულმფრენების რაოდენობით.

განსაკუთრებით დიდი უპირატესობა თურქებს სატანკო ერთეულების თვალსაზრისით აქვთ. თურქეთის შეიარაღებული ძალები 2446 ტანკს ითვლის, ხოლო საბერძნეთისა – 1345 ტანკს. ეს სხვაობა ძალთა ბალანსს მნიშვნელოვნად არ არღვევს, რადგან ორ ქვეყანას შორის სახმელეთო საზღვრის სიგრძე დიდი არ არის და ტანკებით სერიოზული შეტევითი ოპერაციის წარმოება თურქეთს გაუჭირდება. მით უმეტეს, რომ ბერძნებს მნიშვნელოვანი ტანკსაწინააღმეგო თავდაცვის სისტემა აქვთ აგებული დასავლეთ თრაკიაში, თურქეთის საზღვართან.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საზღვაო თავდაცვის განვითარება. ბერძნული სამხედრო-საზღვაო ძალები საკმარისად მომზადებულნი არიან ქვეყნის საზღვაო აკვატორიის დასაცავად. საბერძნეთის განკარგულებაში სულ 115 სამხედრო ხომალდია თურქების 194 ერთეულის წინააღმდეგ. აქ საგულისხმოა, რომ საბერძნეთს უფრო დიდი სავაჭრო ფლოტი აქვს, ვიდრე თურქეთს. სავაჭრო ფლოტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მშვიდობიან პერიოდში, ხოლო ომის შემთხვევაში სამხედრო ფლოტს აძლიერებს.

ცხადია, არსებობს უამრავი სხვა ფაქტორიც, რაც ქვეყნის სამხედრო ძლიერებას განსაზღვრავს, მაგრამ მათი ანალიზი საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. აქ მხოლოდ შეიარაღების ძირითადი მაჩვენებლები წარმოგიდგინეთ, რათა ორი ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობები გვეჩვენებინა. მონაცემების მიხედვით ორ ქვეყანას შორის არსებობს ძალთა ბალანსი, რაც აგრესიული ზრახვების მქონე მხარეს აიძულებს, თავი შეიკავოს ფართომასშტაბიანი სამხედრო ავანტიურისგან.

წყარო : http://www.globalfirepower.com

კომენტარები
Загрузка...