ომის საწინააღმდეგო დემონსტრაცია და შეტაკება ათენში

16 აპრილს, დილით ათენში სტუდენტების საპროტესტო გამოსვლა მოეწყო. დემონსტრანტები ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ სირიაში განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს აპროტესტებდნენ.


აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, რადგან მომიტინგეები შეეცადნენ კვარცხლბეკიდან ჩამოეგდოთ პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის ძეგლი მეფე კონსტანტინეს გამზირზე (Λεωφόρος Βασιλέως Κωνσταντίνου). პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. დაშავებულია ერთი პიროვნება, აქციის ორი მონაწილე დააკავეს.

მოგვიანებით აქცია აშშ-ის საელჩოსთან გაგრძელდა. ამჯერად ინციდენტს ადგილი არ ჰქონია და დემონსტრანტები მშვიდობიანად დაიშალნენ.

ორიოდე სიტყვით იმის შესახებ, თუ რატომ დგას ჰარი ტრუმენის ძეგლი ათენში: 1947 წლის 12 მარტს პრეზიდენტმა ტრუმენმა აშშ-ის კონგრესს მიმართა. ამ მიმართვაში მან ჩამოაყალიბა სტრატეგია, რომელიც სსრ კავშირის და კომუნიზმის ექსპანსიის შეკავებას ითვალისწინებდა. „ტრუმენის დოქტრინა“ „ცივი ომის“ პერიოდის ამერიკული საგარეო პოლიტიკის საფუძვლად იქცა. დოქტრინის ფაქტობრივი განხორციელება უფრო ადრე, 1946 წლის დეკემბერში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ცალდარისის ვაშინგტონში სტუმრობის შემდეგ დაიწყო. საბერძნეთი დამატებით დახმარებას ითხოვდა. აშშ-ის მთავრობა მზად იყო დახმარებოდა არა მხოლოდ საბერძნეთს, არამედ თურქეთსაც. ეს იყო პირველი საპასუხო ქმედება, რომელიც თურქეთსა და საბერძნეთში წამოწყებული კომუნისტური მოძრაობების წინააღმდეგ განხორციელდა. თუ აშშ საბერძნეთს დაკარგავდა, თურქეთი კომუნიზმის წინაღმდეგ თავდაცვისუუნარო გახდებოდა; ასევე, თუ თურქეთი შეასრულებდა საბჭოთა მოთხოვნებს, საბერძნეთიც დიდი საფრთხის წინაშე დადგებოდა. ეს იყო საშიშროება, რომელიც წარმართავდა აშშ-ის გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ამდენად, „ტრუმენის დოქტრინის“ ამოქმედებით საბერძნეთი კომუნისტურ საფრთხეს გადაურჩა და სწორედ ამიტომაც დგას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ძეგლი ათენში.

კომენტარები
Загрузка...