აკაკი დეკანოსიძე – ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, რომელიც იტალიურ გუნდში თამაშობს

აკაკი დეკანოსიძე 4 წელია იტალიაში, ქალაქ იმოლაში ცხოვრობს და საფეხბურთო გუნდ IMOLESE CALCIO 1919-ში თამაშობს. მიზანსწრაფული, შრომისმოყვარე და  ნიჭიერი ახალგაზრდა სპორტსმენი ამბობს, რომ ფეხბურთი მისი ცხოვრებაა – ეს თვისებები და დამოკიდებულება მას აუცილებლად დაეხმარება წარმატების მიღწევაში. დღეიდან ჩვენი საიტი აკაკის გულშემატკივარი იქნება და თვალს მიადევნებს მის შემდგომ საფეხბურთო კარიერას.

აკაკი, რამდენი წლის იყავი, იტალიაში რომ წახვედი?

როცა პირველად იტალიაში ჩამოვედი, 12 წლის ვიყავი; ზუსტად 4 წელია, რაც ბოლონიასთან ახლოს მდებარე ქალაქ იმოლაში ვცხოვრობ.

17 წლის ბიჭისთვის არ არის რთული დამოუკიდებლად ცხოვრება?

სიმართლე გითხრათ, ოჯახი დამეხმარა ამ სირთულის დაძლევაში. დედაჩემიც იტალიაშია, ქალაქ ნეაპოლში ცხოვრობს და სხვა ემიგრანტების მსგავსად მუშაობს ოჯახის შესანახად. თავიდან დედასთან ვიყავი, შემდეგ, სანამ მამა საქართველოში დაბრუნდებოდა, მე და მამა ნაქირავებ ბინაში ცალკე გადავედით საცხოვრებლად. ამის მერე ფეხბურთის გუნდმა – Imolese Calcio 1919-მა ამიყვანა და სხვა შერჩეულ ბავშვებთან ერთად დავიწყე ცხოვრება.

ადვილი ნამდვილად არ ყოფილა: ენა არ ვიცოდი, რაც დიდ დისკომფორტს მიქმნიდა; რომ არ დაგიმალოთ, ვერც ბავშვებს და ახალ გარემოს ვეგუებოდი… მაგრამ ახლა ენა კარგად ვიცი, სულ დამოუკიდებლად ვისწავლე. Liceo Linguistico-ში ვსწავლობ და ვცდილობ, დრო როგორც შემიძლია გავანაწილო სპორტისთვის და განათლებისთვის.

შენი მიზანი ადვილი გამოსაცნობია: ცნობილი ფეხბურთელი გინდა გახდე…

ჩემი მიზანი ყოველთვის სპორტს და ფეხბურთს უკავშირდებოდა. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. რა თქმა უნდა, სწავლაც აუცილებელია და ვცდილობ, როგორც შემიძლია… თუმცა რთულია სხვადასხვა გრაფიკის გამო დროის შეთავსება. ამჟამად ფეხბურთზე ვარ მთლიანად გადართული.

კმაყოფილი ხარ არჩევანით?

რა თქმა უნდა. ჩემმა მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ყოველდღე უფრო და უფრო გავზრდილიყავი და განვვითარებულიყავი ამ სფეროში. ბევრს ვშრომობ და დიდ ენერგიას ვუთმობ სპორტს იმისთვის, რომ საჭირო შედეგამდე მივიდე და წარმატებას მივაღწიო.

როგორც ვიცი, შენით რამდენიმე გუნდი დაინტერესდა…

შარშან მქონდა შემოთავაზება რამდენიმე გუნდიდან (Sampdorias, Pescaras, Benevento), მაგრამ კანონით, ვისაც მოქალაქეობა არ აქვს, არ შეუძლია პროფესიონალურ გუნდში თამაში. გუნდმა Imolesem მნახა თამაშზე და სინჯის გარეშე მიყიდა. სწორედ მან მომცა საცხოვრებელიც და სკოლაც შემირჩია.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

სამომავლო გეგმებიც სპორტს და ფეხბურთს უკავშირდება. მინდა მაქსიმალურად გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და დასახულ მიზანს მივაღწიო.

წარმატებას გისურვებ და იმედს ვიტოვებ, რომ  ექსკლუზიურ ინტერვიუს მისცემ ჩვენს საიტს, როცა სახელგანთქმული ფეხბურთელი გახდები.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

ასევე დაგაინტერესებთ: 17 წლის ქართველი კალათბურთელის წარმატებები ამერიკაში

„იმიტომ, რომ მაგიჟებ“ – ზაზა ფაჩულიას ანა ვისიმ თავისი სიმღერა უთარგმნა 

კომენტარები