მსოფლიოპოლიტიკაnews

კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით დამასკოსა და ჰომსის პროვინციაზე საჰაერო დარტყმები განახორციელა

დღეს დილით, დამასკოს დროით 4 საათზე (თბილისის დროით 5 საათზე) აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ  სირიის დაბომბვა იწყებოდა ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ ქალაქ დუმაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ, – ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება. 

11 აპრილს შექმნილი კოალიციის მთავარ სამიზნეებად, რომელშიც გაერთიანდნენ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, იქცა დამასკოს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, აგრეთვე, ქიმიური იარაღის ორი საწყობი ჰომსის პროვინციაში (ვარაუდობენ, რომ დამასკოს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ქიმიური იარაღის წარმოებასთან არის დაკავშირებული).

მედიასაშუალებების ცნობით, დარტყმის არეალში მოექცა, აგრეთვე, სირიის რესპუბლიკური გვარდიის შტაბი, მეზის აეროპორტი დამასკოში და აღმოსავლეთით – ად-დუმეირის აეროპორტი გუტში.

დილის 8 საათისთვის (დამასკოს დროით) ცნობილი იყო, რომ სირიის მიმართულებით მოკავშირეებმა 100 რაკეტამდე გაუშვეს, თუმცა მათმა ნაწილმა მიზანს ვერ მიაღწია და ისინი მოწინააღმდეგემ ჩამოაგდო.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ დღეს დილით განხორციელებული დარტყმისას ორჯერ მეტი რაკეტა გამოიყენეს, ვიდრე გასულ წელს: 2017 წლის აპრილში, ქალაქ ხან-შეიხუნზე განხორციელებული ქიმიური თავდასხმის შემდეგ ამერიკელებმა 59 ფრთოსანი რაკეტა „ტომაგავკი“ გაუშვეს სირიის სამთავრობო ჯარების ავიაბაზა ეშ-შაირათის მიმართულებით.

ახალი დარტყმა სირიაზე ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდაა ისედაც არცთუ მარტივი რუსულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის.

ბაშარ ასადის რეჟიმის მთავარი მოკავშირე – რუსეთი ბოლო დღეების განმავლობაში აცხადებდა, რომ მზად არის კოალიციის ძალებს დაუპირისპირდეს. რუსეთის ელჩი ლიბანში ალექსანდრ ზასიპკინი ამბობდა, რომ რუსეთი უფლებას იტოვებს, აშშ-ის აგრესიის შემთხვევაში ყველა რაკეტა ჩამოაგდოს, ხოლო გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი იმუქრებოდა, რომ „სირიაში მყოფი რუსი სამხედროებისთვის საფრთხის გაჩენის შემთხვევაში“ რუსები ცეცხლს გაუხსნიან არა მარტო რაკეტებს, არამედ რაკეტის მატარებლებსაც.

სირიაზე დარტყმის განხორციელებისთანავე ცხადი გახდა, რომ არცერთი რაკეტა არ დაცემულა სირიაში რუსეთის ძირითადი ბაზების – ტარტუსისა და ხმეიმიმის აეროპორტის სიახლოვეს.

დამასკოს თავზე ჩანს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის რაკეტები, „როიტერის“ ფოტო

რუსეთის ოფიციალური პირები უკვე აცხადებენ, რომ სირიაზე დარტყმა უკვალოდ არ ჩაივლის და თავისი შედეგები მოჰყვება, – ამის თაობაზე აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმაც განაცხადა. სააგენტო „როიტერი“ თავის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის ბაზებიდან პერსონალი წინასწარ იყო ევაკუირებული რუსული მხარის გაფრთხილების შედეგად.

დიპლომატიური დაპირისპირება სირიის პრობლემების გარშემო გრძელდება, საბედნიეროდ, სამხედრო დაპირისპირება აშშ-სა და რუსეთს შორის, რომლის შესაძლებლობაზე წინა დღეებში აქტიურად ლაპარაკობდნენ რუსები, დღის წესრიგიდან ამჯერად მოიხსნა.

წყარო: BBC

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close