„ვაღიაროთ, რომ ამ ქალებმა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილისგან იხსნეს“

მანანა გაბრიჭიძე ინტერნეტ ტელევიზიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია, სადაც ნორჩი ჟურნალისტები კარგ პრაქტიკას გადიან, ცოდნას იღებენ, ასე ვთქვათ, ფრთიანდებიან და შემდეგ სხვა მედიასაშუალებებში მიდიან. მანანამ რამდენიმე წლის წინ ესპანეთში გადაიღო დოკუმენტური ფილმი ამ ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების შესახებ. „ახლა კი გვაქვს დიდი გული იმ ქართველ ქალებზე, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ და აქ ოჯახებს ინახავენ, მაგრამ ვაღიაროთ, რომ ამ ქალებმა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილობისგან იხსნეს“, – ამბობს იგი ჩვენთან ინტერვიუში.

მანანა, თუ შეიძლება, გააცანი თავი ჩვენს მკითხველს, როგორც ვიცი, საჩხერიდან ხარ…

დავიბადე საჩხერის რაიონში, 1974 წლის 8 ნოემბერს, გავიზარდე ჭიათურაში  და 17 წლამდე იქ მომიწია ყოფნა. უზომოდ მიყვარდა და მიყვარს იმერეთი, მაქვს ძალიან ტკბილი მოგონებები და მყავს უსაყვარლესი ადამიანები დღემდე ჩემს იმერეთში… აი, ასე ვიტყოდი, რადგან დღემდე ჩემია.

მამა თანამდებობის პირი იყო,  საოცარი პიროვნება, დღემდე ჩამესმის ყურში მისი რჩევები და როცა რამე სერიოზული გადაწყვეტილებას ვღებულობ, ჯერ ვფიქრობ, რას მირჩევდა მამა, მოეწონებოდა თუ არაა ესა თუ ის გადაწყვეტილება… მამის დაკარგვა ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი დანაკლისია. რაც შეეხება დედას, პედაგოგი იყო მე-2 საჯარო სკოლაში, სადაც მე და ჩემი ორი ძმა და ერთი და ვსწავლობდით.

მუდამ ჩემ გამო იყო გამოძახებული დედა დირექტორის კაბინეტში, მესამე ბიჭისთვის გეძახიანო, რომ ეტყოდნენ, იცოდა, რომ მე ვიყავი: ან ვიღაც ბიჭი მყავდა ნაცემი, ან ეგრეთ წოდებულ „რაზბორკაზე“ ვიბარებდი ვინმეს. მოკლედ დიდი ალიაქოთა ვიყავი-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ არც ფეხის წვერებზე მოსიარულე გოგოს იმიჯი მქონდა. თუმცა სამართლიანი ვიყავი, ვერ ვიტანდი, უსამართლოდ რომ ექცეოდნენ ვინმეს და ამის გამო ბევრჯერ უსიამოვნება შემხვედრია, მაგრამ მამაჩემისგან ყოველთვის მხარდაჭერა მქონდა: მირჩევია, სკოლიდან გამოგაგდონ, ვიდრე უსამართლობას შეეგუოო, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევისას მითხრა…

ამჟამად რას საქმიანობ?

ვარ ინტერნეტტელევიზია „ინკოგნიტოს“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი უკვე თითქმის 22 წელია, ეს არის საიტი www.incognitotv.ge, რომელიც მუდამ პოზიტიურ სიუჟეტებს სთავაზობს მაყურებელს ნორჩი ჟურნალისტების დახმარებით და საკმაოდ წარმატებულია. მიყვარს და მაბედნიერებს ის საქმე, რომელსაც ვაკეთებ და ოჯახიც ხელს მიწყობს ამაში. მაქვს უამრავი გეგმა, მინდა გავაკეთო კოლეჯი, სადაც ბავშვები იძულებით არ ივლიან და მიიღებენ მაქსიმალურად პრაქტიკულ და თეორიულ განათლებას, ისწავლიან ცხოვრებას და საქმის კეთებას, რაც ყველაზე მთავარიაა! რადგან მიმაჩნია, რომ ესაა თაობა, რომელმაც საქართველოს მომავალი უნდა ააშენოს და, როგორც ბატონმა ნუგზარ რუხაძემ თქვა ერთ-ერთ ჩვენს ღონისძიებაზე, აი, ასეთი ბავშვები უნდა საქართველოს, რომელთაც უშიშრად ჩაებარებათ საქართველო!

მადლობა ბატონ ნუგზარს იმ წლებისათვის, რომელიც „ინკოგნიტოს“ თაობის აღზრდას მოახმარა და უამრავი განათლებული და საინტერესოდ მოაზროვნე ჟურნალისტი აღიზარდა ჩვენთან, რითაც ვამაყობთ. დაახლოებით 11 წელია, რაც ბატონი ნუგზარი გადასცემს ჩვენს კურსდამთავრებულებს სერტიფიკატებს და დიდი ჟურნალისტიკისკენ გზას ულოცავს.

სად მიიღე განათლება?

საშუალო სკოლა დავასრულე, მერე ჩავირიცხე ქუთაისში სკოლამდელი აღზრდის ფაკულტეტზე. იქ ისწავლებოდა მერაბ მაღრაძის ფსიქოლოგია, რომელმაც ძალიან გამიტაცა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს დროს კანონით შეუძლებელი იყო ორ ფაკულტეტზე ერთდროულად სწავლა, მე ორივე დავასრულე. ბატონმა მერაბ მაღრაძემ თვითონ მოსთხოვა ქალბატონ ალმას (ჩვენს საქმეთა მმართველს), ეს გოგონა ჩემი ფაკულტეტის ლექციებზე ივლისო! არ შეიძლება, ბატონო მერაბ, ხომ იცითო; აბა, ის შეიძლება, ფსიქოლოგიის ფაკულტეტს დაამთავრებენ და არცერთი ფსიქოლოგი არ გამოვა და ლექციების ჩატარებას არც მაცდიან და არც აინტერესებთო… ასე რომ, ფსიქოლოგიის და დაწყებითის ფაკულტეტი ერთად დავასრულე.

რა პროფესიის ხარ საბოლოოდ?

რაც შეეხება ჩემს პროფესიას, იმდენი სერტიფიკატი, დიპლომი და პროფესიული განათლება მაქვს მიღებული, ვერ დათვლი, თუმცა დღემდე ვაგრძელებ სწავლას და ეს არასდროს არის ზედმეტი… ვარ „ტელევიზიონშიკი“ (როგორც ჭელო იტყოდა; ყველა იცნობდა ალბათ კლიპმეიკერ პაატა ჭელიძეს, რომელიც, სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ  გარდაიცვალა; მანაც უამრავი თაობის აღზრდა მოასწრო ჩვენს სატელევიზიო სკოლაში), რეჟისორი, სცენარისტი, კლიპმეიკერი, ჯერ კიდევ დაახლოებით 14 წლის წინ მაქვს გადაღებული ბარბის კლიპი, რომელსაც გიორგი გილიგაშვილის და – ნუცა ასრულებდა და მთელი ოჯახი იყო ჩართული ამ კლიპში.

თუმცა მაინც მგონია, რომ ჩემი საქმე კამერაა: მიყვარს გადაღება, ამ დროს მგონია, რომ არწივი ვარ და გადავუფრენ მთელ სამყაროს, თუ საინტერესო პროექტის განხორციელებას ვახერხებ. ეს ჩემს ფოტოარქივზეც აისახება.

გაგვაცანი შენი ოჯახი…

მეუღლე: იუმორინას მსახიობი და პაროდიის თეატრის მსახიობი  მერაბ გეგეჭკორი, შვილები: 12 წლის ნინო გეგეჭკორი, რომელიც დედას სიხარული და მამას თავის ტკივილია და 7 წლის ნიკოლოზ გეგეჭკორი, რომელიც ნამდვილი კაცური კაციაა!

ოჯახი ჩემთვის მუდამ ის სამყაროა, სადაც ყველაზე უფრო გემრიელად ვგრძნობ თავს უმაგრეს მეუღლესთან და უსაყვარლეს შვილებთან ერთად. თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს და ვცდილობთ კვირა დღეს მუდამ ოჯახის იყოს, ყველა ერთად ვიყოთ ამ დღეს.

სად გაიცანი შენი მეუღლე?

ოო, ეს დიდი ისტორიაა, ალბათ გახსოვს გადაცემა – „ცნობილი ადამიანების უცნობი წლები“ ანუ მათი ბავშვობის წლები; 68 სერია გავიდა ამ გადაცემის და ერთ-ერთი სერიის სტუმარი სწორედ ჩემი მომავალი მეუღლე იყო. ტრადიცია გვქონდა, რომ წინა სტუმარი აცხადებდა მომდევნო სტუმარს და ცუცა კაპანაძემ, რომელიც ჩემი მეგობარია (ახლა უკვე მეჯვარე და ნათელმირონიც), მირჩია, მოდი, გეგეჭკორი მოიწვიე, იმას გამოვაცხადებო. ვინ არის-მეთქი? – სახელი და გვარი არ მეცნო. იუმორინას მსახიობია, როგორ არ იციო, გაოცებულმა მკითხა… მერე დაურეკა ჩემ თვალწინ და უთხრა: იცოდე, საბავშვო გადაცემაში ხარ მიწვეული, შემდეგ კვირას ზოოპარკში კარუსელზე ჩაგწერენო. გეგეც (ანუ მერაბი) დაეთანხმა, თუმცა ამ თანხმობის შემდეგ გადაღება სამჯერ ზედიზედ ჩაგვიგდო. ვურეკავდი, მეუბნებოდა, მოვალ გადაღებაზეო და მერე ტელეფონს თიშავდა! მოკლედ, მეოთხე გადაღებაც რომ ჩამიგდო, მივხვდი, რომ ეს რესპონდენტი აღარ უნდა ჩამეწერა. ერთ დღესაც შესვენებაზე რუსთაველზე „ნიკალაში“ ვსხედვართ მე და ცუცა, მეორე სართულზე… შემთხვევით ცუცამ თვალი მოკრა მერაბს: „ნახე გეგეჭკორია, ჩაწერე უკვე?“ ცუცა, მაგის სახელი და გვარი აღარ გამაგონო, მესამე კვირაა, მაკიაჟს ვუკეთებ ბავშვებს და არ მოდის, ეგ ვინ ყოფილა-მეთქი. ვაი, მაგის დღეს, ახლა ქვემოთ რომ ჩავალო…

მოკლედ, რომ ჩავედით პირველ სართულზე, მერაბი ზურგით იჯდა და ჩვენ ვერ გვხედავდა. ცუცა უეცრად მიეპარა და შეჰყვირა: „რატომ არ მიხვედი, გეგეჭკორო, გადაღებაზე?!“ გეგე მობრუნდა, ცუცა ესაუბრება, მერაბი მე მიყურებს და თვალს არ მაშორებს… მერე ცუცას ხელით ანიშნა, გაიწიე, ნუ მეფარებიო და ბოლომდე შემობრუნდა. ზის და მიყურებს. ცუცა ეუბნება: მაგას რომ უყურებ, ეგ გოგო სამი კვირაა გადაღებაზე გიბარებს და შენ არ მიდიხარო. გეგემ გახედა და სიცილით უთხრა: ასეთი მაგარი გოგო თუ იყო, სურათი გამოეგზავნა და გვერდიდან ვერ მომიშორებდაო. მოკლედ, იქვე შევთანხმდით და დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილას გადაღებაზე მოვიდა.

როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

მიყვარს დილით ადგომა, 6 საათზე აუზზე ვარ, ძილსაც კი მირჩევნია. ჩემი ყველაზე დიდი განტვირთვა არის ცურვა! მერე გეგესთან ერთად ყავის დალევა ერთად ან ჩვენს პატარა და ბედნიერ სამოთხეში, ან სადმე ჩვენთვის საყვარელ კაფეში! მერე ვიშლებით: გეგე თავის საქმეზე მიდის, მე – ჩემს საქმეზე და საღამომდე, სულ მცირე, 6-10 შეხმიანება მაინც გვაქვს ერთმანეთთან სატელეფონო ზარით ან sms შეტყობინებით; სადილად თუ ვასწრებთ ერთად სადმე დავსხდეთ და ცოტა განვიტვირთოთ, ვხვდებით ხოლმე; დღის ბოლოს კი ვიკრიბებით ყველანი, როგორც ჩემი ნიკუშა იტყოდა, „მთელი ოჯახობა“ და ერთად ვვახშმობთ. არ დავიქადნი, მაგრამ უყვართ ჩემი მომზადებული კერძები, სალათები თუ სხვა… თან ვსაუბრობთ, თუ ვის როგორი დღე ჰქონდა, ვის რა გადახდა და მუდამ ვცდილობ, რჩევები, რომლებიც მე დღემდე მარგია ჩემი მშობლებისაგან, ჩემს შვილებს გადავცე და იცოდნენ კარგი და ცუდი, გაარჩიონ კეთილი და ბოროტი… არასოდეს ვეთანხმები გამონათქვამს: „კეთილი შურით მშურს ან თეთრი შურით“ – შური შურია, მას ფერი მხოლოდ ერთი აქვს და ეს შავია!!! მოკლედ, ოჯახი და ჩემი სამსახურია ჩემი საინტერესო დღეების კრებული!
ამ ბოლოხანს იმდენი საქმე მაქვს, სულ გადარბენებზე ვარ. ვინც მიცნობს, ისინი მეუბნებიან, ჩვენ სულ ასეთი გვახსოვხარო, მაგრამ ამ ბოლო დროს ისეთი დატვირთული ვარ, დავპოსტე კიდეც: დროს თუ ყიდით ვინმე, მომყიდეთ-მეთქი.

როგორც ვიცი, ესპანეთის ქართველ ემიგრანტებზე ფილმი გაქვს გადაღებული. საერთოდ, რას ფიქრობ ემიგრაციაზე და რას ეტყოდი უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს?

რა გითხრა, ქეთი?! ერთი მინდა ვთქვა: ახლა კი გვაქვს დიდი გული იმ ქართველ ქალებზე, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ და აქ ოჯახებს ინახავენ, მაგრამ ვაღიაროთ, რომ ამ ქალებმა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილისგან იხსნეს! მეც ვიცნობ ესპანეთში მცხოვრებს ქართველებს. ჩემი ფილმის გმირი, რომელიც 2013 წელს გადავიღე ესპანეთში („პატარა საქართველო ბარსელონაში“), ნინო ძებინაძე ასე მპასუხობს: „მე მიყვარს საქართველო, მენატრება, მაგრამ რომ დავბრუნდე საქართველოში, აღარ ვიცი, როგორ ვიცხოვრო იქ!“

ამიტომ ვერაფერს ვეტყოდი, უბრალოდ, ვისურვებდი რომ ჩვენი ქვეყანა ისე განვითარებულიყოს და დაეწყოს წინსვლა, რომ უცხოეთში დაბადებულ და გაზრდილ არცერთ  ქართველ ბავშვს თავის სამშობლოში დაბრუნება არ გაუჭირდეს.

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ქვეყანაში გახსნილი საკვირაო სკოლების ქართველ პედაგოგებს, სასულიერო პირებს მადლობა ვუთხრა იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანას სახელს უნახავენ და მომავალი ქართველის გენს არც უცხო მიწაზე კარგავენ.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები
Загрузка...