„სახე და დეკოლტე აუცილებლად უნდა დაიტენიანოთ“, – გვირჩევს ქართველი კოსმეტოლოგი სტამბოლიდან

ირმა წულუკიძე სტამბოლში ცხოვრობს და კოსმეტოლოგად მუშაობს. მართალია, იგი საქართველოს ფარგლებს გარეთ ადრეც ცხოვრობდა, მაგრამ ამბობს, რომ მაინც ძალიან გაუჭირდა შეგუება. 

ქალბატონო ირმა, რამდენი ხანია, რაც თურქეთში ცხოვრობთ?

5 წელია, რაც სტამბოლში გადმოვედი საცხოვრებლად.

ქობულეთიდან ხართ, არა?

დიახ. ქობულეთის მეორე საჯარო სკოლა დავამთავრე და სკოლის მერე უკრაინაში გავემგზავრე სწავლის გასაგრძელებლად; დავამთავრე ხარკოვის კარაზინის სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი. დიდი სურვილი მქონდა, სამედიცინოზე მესწავლა, მაგრამ ძალიან რთული იყო და მომიწია ფაკულტეტის შეცვლა. სწავლის პარალელურად ვმუშაობდი უნივერსიტეტის ქიმიურ ლაბორატორიაში, სადაც ქიმიური კვლევები მიმდინარეობდა.

საქართველოში რატომ დაბრუნდით?

რამდენიმე წლის შემდეგ დავოჯახდი, საქართველოში დავბრუნდი და სწავლა გავაგრძელე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში, ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტზე.

დღეს რას საქმიანობთ?

ჩემს დღევანდელ პროფესიაზე დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო. ბებიისგან მომყვება სილამაზის და ესთეტიკის სიყვარული, იგი ხშირად ამზადებდა სახლში ბუნებრივი ინგრედიენტებისგან სხვადასხვანაირ კრემებს, ძალიან უყვარდა სახის მოვლა. 18 წელია მეც ამ საქმიანობით  ვარ დაკავებული – ვამზადებ სხვადასხვა პროდუქტს, რომელიც აჯანსაღებს სახის კანს და, შესაბამისად, ის უფრო ლამაზი და მოვლილი ხდება. რამდენიმე წლის წინ მომიწია უკრაინაში, კერძოდ, კიევში წასვლა, სადაც ინდივიდუალური განათლება მივიღე კოსმეტოლოგიაში და სერტიფიკატიც მოვიპოვე; ამის შემდეგ უფრო აქტიურად ჩავერთე სიახლეებსა თუ ახალ გამოწვევებში  – ვგულისხმობ ახალი ტენდენციების დანერგვას ჩემს პრაქტიკაში.

სტამბოლში რატომ წახვედით?

ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე მომიხდა საქართველოდან კვლავ წასვლა. სიმართლე გითხრათ, მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან გამიჭირდა. ამჟამად სტამბოლში ჩემი პროფესიით ვმუშაობ – კოსმეტოლოგი ვარ. პარალელურად დავდივარ სხვადასხვა კურსებზე ამ სფეროში ჩემი ცოდნის გასაფართოებლად.

შვილები გყავთ?

დიახ. მყავს მეუღლე, ორი შვილი და ერთი შვილიშვილი – 8 წლის ნია, რომელიც ძალიან ჰგავს ბებოს (თავად ქალბატონ ირმას – რედ.) და მეხმარება კიდეც, ხშირად ითავსებს ჩემს ასისტენტობას, როცა პაციენტები მყავს.

თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, ალბათ ჯანსაღი ცხოვრების წესის მომხრეც ხართ…

რა თქმა უნდა! ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი უმთავრესია. ჩემი დღე აქტიურად იწყება – კვირაში რამდენიმე დღეს სპორტს ვუთმობ, შემდეგ კი ჩემს პაციენტებს ვემსახურები.

რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?

ქალებს ვურჩევ, სახე და დეკოლტე აუცილებლად უნდა დაიტენიანოთ; ბევრი იცურავეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და ჯანსაღად იკვებეთ – სწორი კვება ჯანმრთელობის წინაპირობაა, რომელიც თქვენს გარეგნულ იერსახეზეც აისახება.

საქართველოში დაბრუნებას აპირებთ?

აუცილებლად, ახლო მომავალში…

რას ეტყოდით საქართველოს და ქართველ ემიგრანტებს?

საქართველოს ვეტყოდი, რომ ძალიან მიყვარს. ქართველებს კიდევ გაძლიერებას ვუსურვებ და ერთმანეთის სიყვარულს და დაფასებას!
რაც შეეხება ქალბატონებს, ყოველთვის მზად ვარ, ჩემი გამოცდილება და ცოდნა გაგიზიაროთ.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები