ხშირად უთქვამთ ჩემთვის: „შენ საფრანგეთში ცხოვრობ და რა გიჭირს!“

ნათია ზივზივაძე, პარიზის COLLEGE JACQUES-DECOUR-ის იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი, 9 წლის იყო, როცა მისი ოჯახი საფრანგეთში წავიდა ემიგრაციაში. ნათია ამბობს, რომ მისმა მშობლებმა ეს მისი უკეთესი მომავლისთვის გააკეთეს და ემიგრანტობის გზა მათთვის ადვილი არ ყოფილა.

ნათია, უკვე 16 წელია,  რაც საფრანგეთში ცხოვრობ ანუ შენი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ამ ქვეყანაში გაქვს გატარებული…

კი, 9 წლის ვიყავი, როცა საქართველოდან წამოვედით, ოჯახის გადაწვეტილებით. თავისთავად, მოულოდნელი სიურპრიზი იყო ჩემთვის, რომელსაც თან ახლდა თავისი სირთულეები.
პარიზში დავამთავრე სკოლა, შემდეგ – ბაკალავრიატი (3-წლიანი), ახლა Collège Jacques-Decour-ის იურიდიულ განყოფილებაზე ვსწავლობ, მესამე კურსზე ვარ. სწავლის პარალელურად ვმუშაობ „ზარას“ მაღაზიაში.

ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობ?
დედ-მამასთან ერთად ვცხოვრობ, რომლებიც უკვე პენსიაზე გადიან. ვფიქრობ, მათ სწორი არჩევანი გააკეთეს, როცა საქართველო დატოვეს ჩემი უკეთესი განათლებისა თუ მომავლისთვის. არ ვამბობ, ბევრს მივაღწიე-მეთქი, მაგრამ საქართველოში რომ დავრჩენილიყავით, ალბათ ისიც არ ან ვერ ვიქნებოდი, ვინც დღეს ვარ.

თავისუფალ დროს როგორ ატარებ?
ხშრად ვსტუმრობ პარიზის ერთ-ერთ კაფეს, კერძოდ, Treplay-ს მეგობრებთან ერთად. იქ შეკრებილებს, ჩვენი სამეგობრო წრეც გვიერთდება ხოლმე. მაქსიმალურად ვცდილობ, მეგობრებთან ერთად გავატარო ეს დღე, რომელსაც განტვირთვის დღეს დავარქმევდი, რადგან საკმაოდ დატვირთული ვარ – ლექციები, სამსახური… ხდება ისე, რომ ბოულინგის სათამაშოდაც დავდივართ. მართალია, დიდად არ მეხერხება და სულ ბოლო ადგილზე ვარ ხოლმე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ერთ დღესაც გამომივა.

თუ აპირებ სამშობლოში დაბრუნებას?
თითქმის ყოველთვის, როცა დროს გამოვნახავ, ნათესავების მოსანახულებლად ჩამოვდივარ.

რას ეტყოდი ქართველ ემიგრანტებს?
არავის ვუსურვებ, რომ დადგეს ამ ფაქტის წინაშე და მოუხდეს მშობლიური ქვეყნიდან გამგზავრება. ვიცი, როგორი ტკივილია ემიგრანტის ტკივილი და განცდა, ჩემს მშობლებსაც საკმაოდ უჭირთ ამ გზის გავლა ჩემი უკეთესი მომავლისთვის.

ყოველ ადამიანს, ვინც ემიგრაციაში იმყოფება, ვუსურვებ, მალე დაუბრუნდეს თავის ოჯახსა და სამშობლოს. და ნურავის ეგონება, რომ ემიგრანტად ყოფნა ადვილია. ხშირად უთქვამთ ჩემთვის: „შენ საფრანგეთში ცხოვრობ და რა გიჭირს!“ – ასე არ არის, თუმცა ძალიან ძნელია ამის ახსნა მოკლედ და მარტივი სიტყვებით… მე გული სულ მაქეთ მომიწევს. ვფიქრობ, ძალიან მალე  შევძლებ დაბრუნებას.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები