იპოვეთ თქვენი თილისმა
ჩვენმა ბებიებმა კარგად იცოდნენ, რომ გიშერს ნებისმიერი შელოცვის გარეშეც ჰქონდა მფლობელის ავი თვალისგან დაცვის ძალა, ქარვა ენერგეტიკული დამუხტვის გარეშეც შველოდა ჩიყვს, კატაბალახა კი – უძილობას. და მაინც, გარკვეული ცოდნა ამ შემთხვევებშიც საჭიროა, რადგან ბუნების „ჯადოსნობა“ ყველაზე ძლიერი მაშინაა, თუკი სამკურნალო თუ დამცავ ქვებს სწორედ შევურჩევთ მცენარეებს და მათ კომპლექსურად გამოვიყენებთ – ამ დროს ყველაზე ძლიერი და სუფთა ძალის – ბუნების ენერგიის მფარველობის ქვეშ ვიქნებით. ძველად თილისმებს აქტიურად იყენებდნენ და სჯეროდათ მათი მაგიური ძალის ანუ ენერგიის. თუ თქვენც მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ ენერგეტიკული ველების ზემოქმედება, მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა.
როგორ უნდა მოიქცეთ?
აიღეთ მინერალი, დააწვეთეთ მასზე შესაბამისი მცენარის ეთერზეთის სამი წვეთი და თან ატარეთ. თავიდანვე შენიშნავთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლება. ის, რაც გუშინ თქვენთვის მიუღწეველი და შორეული ჩანდა, დღეს ადვილი მისაღწევი გახდება. მართალია, არცისე ადვილია ყოველდღიურად ამ წესების დაცვა და, მით უმეტეს, დღეებთან შესაბამისობაში მოყვანა, მაგრამ როდესაც ეს ძალიან გჭირდებათ, ეცდებით და ნახავთ, რომ არც ისე ძნელია. მაშ ასე:
ნემსიწვერას ეთერზეთს წითელი ტურმალინი შეესაბამება. ასეთი კომბინაცია განკუთვნილია მაგიური დაცვისთვის, ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც მოსალოდნელია, რომ თქვენზე ზემოქმედებას მოახდენენ. ძალიან კარგია თან გქონდეთ საქმიანი შეხვედრების დროსაც.
ჟასმინის ეთერზეთი მთვარის ქვას შეესაბამება. კომბინაცია სულიერი წონასწორობის აღდგენის და სასიყვარულო საქმეებისთვისაა განკუთვნილი. ამ თილისმის გავლენით ადამიანი ყველაზე მძიმე სიტუაციაშიც ინარჩუნებს წონასწორობას და ნათელ გონებას. ეს კომბინაცია განსაკუთრებული სიძლიერით ორშაბათობით მოქმედებს.
ლავანდის ეთერზეთი როდოქროზიტს შეესაბამება. ეს კომბინაცია იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომელთაც პრობლემები აქვთ ფიზიკურ სხეულთან დაკავშირებით. ამ თილისმას იყენებდნენ იმ დაავადებების შემთხვევებშიც და, საერთოდ, ნებისმიერ მომენტში, როდესაც საქმე ფიზიკურ ძალას შეეხებოდა. ეს თილისმა მაქსიმალურ სიძლიერეს სამშაბათობით ავლენს.
ილის ეთერზეთი ქალცედონთან ერთად ქმნის თილისმას, რომელიც, ძირითადად, სექსუალურ სფეროში წარმოქმნილი პრობლემებისთვისაა განკუთვნილი. ის დადებით გავლენას ახდენს იმპოტენციის შემთხვევებისას, როდესაც ამის მიზეზი ნეგატიური ზემოქმედება ან ნერვული დაძაბულობა და სტრესია. მისი აქტიურობის პიკი პარასკევს ემთხვევა.
კედრის ეთერზეთი ლეპიდოლიტთან ერთად ქმნის თილისმას, რომელიც ადამიანს ძილში თავდასხმისგან იცავს. ძველად მას ბალიშის ან ლეიბის ქვეშ იდებდნენ ძილის წინ. თილისმის გავლენით ადამიანს არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა და მას მშვიდად ეძინა – ბოროტ სულებს არ შეეძლოთ მას მიახლოებოდნენ. თილისმა განსაკუთრებით აქტიურია კვირაობით.
ღვიის ეთერზეთი და წითელი იაშმა (იასპი) ნამდვილ მაგიურ ფარს ქმნის, რომლის დამსხვრევა არც ისე ადვილია. ამ კომბინაციას იყენებდნენ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი იყო მაგიური თავდასხმა. მას ყოველთვის ინახავდნენ სახლში.
პაჩულის ეთერზეთი და მწვანე ტურმალინი საქმიანი ადამიანების თილისმად ითვლება. მისი ენერგია ხელს უწყობს მფლობელს კომერციული ოპერაციების წარმატებით წარმოებასა და მატერიალური სიმდიდრის დაგროვებაში. ძველად საჭირო ოპერაციების წარმოებისას ეს თილისმა აუცილებლად თან უნდა ჰქონოდა ვაჭარს, იგი სამუშაო ადგილზე უნდა ყოფილიყო შენახული და პატრონს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში უნდა ეტარებინა თან. თილისმის მაქსიმალური აქტიურობა შაბათს ემთხვევა.
ვარდის ეთერზეთი და ვარდისფერი კვარცი ბედნიერების მომტანი თილისმაა. ის პირადი ბედნიერების მიღწევისთვის გამოიყენებოდა და, ძირითადად, ქალები ატარებდნენ. ითვლებოდა, რომ ეს თილისმა ფრიად უწყობდა ხელს გაუთხოვარ ქალებს და უცოლო მამაკაცებს შესაფერისი პარტნიორის პოვნაში, რომელთან ერთადაც ის ბედნიერად იცხოვრებდა. ამ თილისმის აქტიურობაც პარასკევს ემთხვევა.
ფიჭვის ეთერზეთის და მალაქიტის კომბინაცია შეიძლება უნივერსალურ თილისმად ჩაითვალოს. ის თანაბარ გავლენას ახდენს მატერიალური სიმდიდრის დაგროვებასა და დაცვის გაძლიერებაზე. ითვლებოდა, რომ მისი შემწეობით ადამიანს შეეძლო ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე გადაეჭრა ყველაზე რთული პრობლემები. ამ თილისმის აქტივობა კვირის ყველა დღეს თანაბარი სიძლიერისაა. სასურველი იყო ისიც ოჯახში ყოფილიყო შენახული და მფლობელს თან მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ეტარებინა.
ფარსმანდუკის ეთერზეთის და ამეთვისტოს კომბინაცია ქმნის თილისმას, რომელიც შინაგანი ზრდის ხელშემწყობად ითვლება. თილისმის გამოყენება დაშვებული იყო მედიტაციების დროსაც – ის ადამიანს ძალების მოკრებაში, კონცენტრაციასა და ტრანსცენდენტურ აზროვნებაში ეხმარება. მისი აქტიურობა პარასკევს ემთხვევა.
ევკალიპტის ეთერზეთი აკვამარინთან კომპლექსში ქმნის თილისმას, რომელიც ჯანმრთელობისთვის, ორგანიზმის როგორც ფიზიკური, ისე ენერგეტიკული გაწმენდისთვისაა განკუთვნილი. აგრეთვე, ეს თილისმა ადამიანებს იცავს ინფექციური და ვენერული დაავადებებისგან. იმ ოთახში, სადაც ავადმყოფი იწვა, მუდმივად უნდა ყოფილიყო ეს თილისმა, რომლის აქტიურობაც განსაკუთრებით ოთხშაბათობით იზრდება.
შავი წიწაკის ეთერზეთი შეესაბამება ჰელიოტროპს და ქმნის თილისმას, რომელიც გაუბედავი, ზედმეტად მორიდებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც თავიანთი ამგვარი ბუნების გამო ყოველთვის ზარალდებიან. ამ თილისმის გამოყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იყო დაშვებული, როდესაც სწორედ ადამიანის გამბედაობაზე იყო ბევრი რამ დამოკიდებული. საჭიროების შემთხვევაში თილისმის გამოყენება არც გამბედავი ადამიანებისთვის იყო ზედმეტი. ასეთ დროს თილისმა იცავდა მათ, კრიტიკულ შემთხვევაში გამბედაობას რომ არ ემტყუნა. საერთოდ, ჰელიოტროპი უძლიერესი დამცავი ქვაა, ის ადამიანს პიროვნულ ზრდაში ეხმარება.
***
თილისმები სიძლიერეს სამი-ექვსი თვის განმავლობაში ინარჩუნებს. ამ ვადის გასვლის შემდეგ თილისმის თავიდან „დამუხტვაა“ საჭირო: ისევ და ისევ სავსე მთვარის პერიოდში, ღამის 12-იდან დილის 4 საათამდე მას შესაბამისი მცენარის ეთერზეთის წვეთებს აწვეთებდნენ კენტი რაოდენობით და ტოვებდნენ, სანამ ზეთს თვითონ არ შეიშრობდა.
მოამზადა თამთა გურულმა
კომენტარები