მსოფლიოპოლიტიკაიტალია

არჩევნები იტალიაში: პოპულისტური „ხუთი ვარსკვლავი“ და „ლიგა“ ძალაუფლებისთვის იბრძვიან

იტალიის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი შედეგების მიხედვით, პირველ ადგილს იკავებს მემარჯვენე ცენტრისტული კოალიცია, რომელშიც შედის სილვიო ბერლუსკონის მემარჯვენე ლიბერალური პარტია „წინ, იტალია“, მემარჯვენე პოპულისტური პარტია „ლიგა“, ნაციონალურ-კონსერვატიული „იტალიის ძმები“ და ქრისტიან-კონსერვატორები „ჩვენ იტალიასთან ერთად“, – ამის თაობაზე გამოცემა REPUBBLICA.IT იტყობინება.

წინასწარი დათვლით, მემარჯვენე ცენტრისტებმა შეიძლება პარლამენტის ორივე პალატაში 35%-ზე მეტი მიიღონ. პრემიერის სავარძელს „ლიგის“ (17.4%) ლიდერს, მატეო სალვინის უწინასწარმეტყველებენ. ამ პოსტზე პრეტენზიას აცხადებს ლუიჯი დი მაიოც – „ხუთი ვარსკვლავის“ ლიდერი.

ცალკეულ პარტიებს შორის სწორედ მისმა ანტისისტემურმა „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ“ აჩვენა საუკეთესო შედეგი – 32.6%. ეს მოძრაობა თავის თავს არც მემარჯვენეებს მიაკუთვნებს და არც მემარცხენეებს.

მემარცხენე ცენტრისტების ერთობლივი შედეგია 23%, ხოლო მმართველმა დემოკრატიულმა პარტიამ მატეო რენცის (მოქმედი პრემიერის) ხელმძღვანელობით ფსიქოლოგიური ბარიერის – 20%-ის გადალახვაც ვერ შეძლო (18.7%).

2018 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთ-ერთი წამყვანი თემა ანტისაიმიგრაციო რიტორიკა იყო ჩრდილოეთ აფრიკიდან ხმელთაშუა ზღვის გავლით ასეულათასობით მიგრანტის მოზღვავების გამო. არჩევნებში მონაწილე ძირითადი პარტიები, მათ შორის, მემარცხენე დემოკრატიული პარტიაც, ანტისაიმიგრაციო პოლიტიკას უჭერენ მხარს.

ყველაზე რადიკალური ანტისაიმიგრაციო პოლიტიკა პირველ ადგილზე მყოფ ბერლუსკონი-სალვინის კოალიციას აქვს. მათი მიზანი არალეგალების დეპორტაცია და საზღვრების კონტროლია. მეორე ადგილზე გასული „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა” მიიჩნევს, რომ უნდა გადაიხედოს დუბლინის შეთანხმება (დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, განიხილონ თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებები, ხოლო ქვეყანამ, სადაც პირველად მოხვდება თავშესაფრის მაძიებელი, იგი უნდა დაიცვას. იმის გამო, რომ აფრიკელი მიგრანტები, ხმელთაშუა ზღვის გავლით, პირველად, ძირითადად, იტალიაში ჩადიან, ქვეყანაში უკმაყოფილება დღითიდღე იზრდება).

ანტისაიმიგრაციო პოლიტიკისა და დუბლინის შეთანხმებაზე უარის თქმის მომხრეა „დემოკრატიული პარტიაც“.

პირველ და მეორე ადგილებზე გასული პოლიტიკური ძალები ასევე ეწინააღმდეგებიან ერთიანი ევროპის პოლიტიკას, მათი საგარეო პოლიტიკა კი პრორუსულია.

ზოგი პოლიტიკოსი ამ არჩევნებში ბერლუსკონის პარტიის – „ფორცა, იტალიას“ („წინ, იტალია“) შედეგს (14%) იტალიის ყოფილი სამგზის პრემიერის „ხელახალ აღორძინებას“ უწოდებს.

იტალიის საპარლამენტო არჩევნები 4 მარტს გაიმართა. ქვეყნის მოქალაქეებმა საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის 630 და სენატის 315 წევრს აირჩიეს, მათგან 18 პარლამენტარი (6 სენატორი და 12 ქვედა პალატის წევრი) იტალიის იმ მოქალაქეებს წარმოადგენენ, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ. იტალიის საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ქვედა პალატის წევრების ასარჩევად ხმის მიცემა შეუძლიათ მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან, სენატის წევრების არჩევნებში ხმის მიცემის უფლება კი მხოლოდ 25 წელს მიღწეულ მოქალაქეებს აქვთ.

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 4 მარტის საპარლამენტო არჩევნებში იტალიელ ამომრჩეველთა 73% მონაწილეობდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close