თვითნასწავლი მხატვარი ემიგრანტი ქალი, რომელმაც ხატვა ფლორენციაში დაიწყო

ლიკო ცაბაძე თავის პატარა ოჯახთან – მეუღლესა და  ქალიშვილთან ერთად ფლორენციაში ცხოვრობს და მუშაობს, თავისუფალ დროს კი ხატავს. იგი თვითნასწავლი მხატვარია, უფიცის „ახლოს“ შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ხატვის ნიჭი აქვს. ლიკო ამბობს, რომ ხატვა შვებას ჰგვრის და მისთვის კარგი ანტისტრესული თერაპიაა.

ლიკო, რამდენი ხანია, რაც უცხოეთში ცხოვრობ და რატომ წახვედი საქართველოდან?

2008 წლიდან ვცხოვრობ იტალიაში, სხვადასხვა ქალაქი გამოვიცვალეთ და საბოლოოდ ფლორენციაში დავმკვიდრდით. მეც სხვა ემიგრანტების მსგავსად ვმუშაობ, თავისუფალ დროს კი ვხატავ და ეს ჩემთვის თერაპიაა.

რუსთავიდან ვარ, ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი. დედა მყავდა იტალიაში და მერე მეც წამოვედი ჩემს მეუღლესთან ერთად. ფაქტობრივად, სკოლა რომ დავამთავრე, მაშინვე დავოჯახდი, ბავშვობიდან ვიცნობდით ერთმანეთს მე და ჩემი მეუღლე. იტალიაში შეგვეძინა გოგონა – ეკატერინე.

ალბათ ძალიან არ გაგიჭირდა, რადგან დედა იტალიაში გყავდა…

მაინც რთულია, რა თქმა უნდა, უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება, ნოსტალგია გიპყრობს, გენატრება ყველაფერი, უცხო ხდები იმ სამყაროში, რომელშიც არსებობ.
იტალიის მოქალაქეობა არ გვაქვს ჯერ, ველოდებით. როგორ ვთქვა? – სულ თავს  ვიმშვიდებ, მჯერა, რომ ყველაფერი მოგვარდება და ვიპოვი სულიერ სიმშვიდეს. ჩემი ოჯახი ძალიან მეხმარება, ისინი ცხოვრების სტიმულს მაძლევენ…
კატერინა უკვე  6 წლისაა, იტალიურ სკოლაში დადის, პირველ კლასშია.

კატერინამ იცის ქართული?

რა თქმა უნდა, იტალიურთან ერთად, ვცდილობთ, მშობლიური ენა არ დაივიწყოს. ყველაფერი ესმის, მაგრამ ცოტა საუბარი უჭირს.

დიდი ხანია, რაც ხატავ?

ერთ წელზე მეტია. შეიძლება ითქვას, რომ თვითნასწავლი ვარ. ერთ საღამოს ჩემს გოგონასთან ერთად ვხატავდი, რამაც ცოტა შვება მომგვარა. ეკატერინეს ძალიან უყვარს ხატვა. მას შემდეგ მეც ხშირად ვხატავ.

რით ხატავ და რა გაძლევს შთაგონებას? გამოფენის მოწყობას აპირებ?

სახატავი ფანქრებით, ფლომასტერებით და ხანდახან თვალის ჩრდილებსაც ვიყენებ. ახლახან ვცადე, საღებავებიც გამომეყენებინა. გამოფენაზე ჯერ არ მიფიქრია, თუმცა სულ მალე, მარტის ბოლოსთვის საქართველოში მანანა ტონიას ზღაპრების და ლექსების  წიგნი გამოვა და ორი ზღაპარი ჩემი ნახატებით იქნება გაფორმებული.

როგორ გაიცანი ქალბატონი მანანა?

მეგობარმა უთხრა ჩემ შესახებ, ამის მერე შემეხმიანა და ზღაპრების ილუსტრირება შემომთავაზა. ავირჩიე ზღაპრები და დავიწყე ხატვა. ჩემ გარდა სხვა მხატვრების ილუსტრაციებიც იქნება წიგნში.

რა შინაარსის არის ნახატი?

ჩიტის და ალუბლის დიალოგია, რომელიც ბავშვებისთვის იოლად აღსაქმელი იქნება. მეორე ზღაპრის შინაარსს რაც შეეხება – წვიმა, რომელიც თოვლად იქცევა და შემდეგ გაზაფხულდება.

წარმატებებს გისურვებ!

დიდი მადლობა!

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები