მოდელი გოგონა თავის 2 მეგობართან ერთად ნასაში მიდის სასწავლებლად

373

 

15 წლის ანი თეთრაშვილი, სამოდელო სტუდია GEMODELS-ის მოდელი, თავის 17 წლის 2 მეგობართან – თამარ მიქელაძესა და ნინი ხუნძაყიშვილთან ერთად, ამერიკის კოსმოსურ სააგენტოში (NASA) მიდის ნასას უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. ეს უფლება გოგონებმა თავიანთი პროექტით – „რობოტი ლაბორანტით“ მოიპოვეს, რომელმაც წლეულს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ კონკურსში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ნასაში უკვე 4 ჯგუფი მიიწვიეს, ხოლო თბილისის „მწვანე სკოლიდან“ ეს უკვე მეორე ჯგუფია, რომელიც ამერიკის კოსმოსურ სააგენტოში მიემგზავრება.

ანი, ცოტა არ იყოს, უჩვეულო შემთხვევაა, როდესაც მოდელი გოგონა სამეცნიერო ცდებითაა დაკავებული. რამდენი ხანია, რაც მეცნიერებამ დაგაინტერესა და სად გაიცანი  ჯგუფის სხვა წევრები?
საკმაოდ დიდი ხანია, რაც ამ კონკურსის შესახებ ვიცი. როდესაც ჯგუფი შევქმენით, გაგვიჩნდა იდეა, რომ მილენიუმის ფონდის პროექტში მიგვეღო მონაწილეობა. გოგონები აია-ჯესის სკოლაში, Stem აკადემიაში გავიცანი.

ვინ არის თქვენი მენტორი, ვისთან ერთად მიემგზავრებით და რას გვეტყვი თქვენი გამარჯვებული „რობოტი-ლაბორანტის“ შესახებ?
ჩვენი მენტორია დავით სონღულაშვილი, ნასაში კი ანა ბერძენაძე მოგვყვება. რობოტი-ლაბორანტის საშუალებით  ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დისტანციურად ჩაატაროს ცდები საბუნებისმეტყველო საგნებში. ჯერჯერობით გვყავს 3 ტიპის რობოტი, რომლებიც ფიზიკის სხვადასხვა მიმართულების ექსპერიმენტებზე მუშაობენ: 1. რობოტი, რომელიც საზღვრავს სხეულის სიმკვრივეს და მუშაობს როგორც ხმით, ისე დისტანციურად; 2. რობოტი-მხაზავი, რომელიც ექსპერიმენტატორის სურვილის მიხედვით ელექტრულ სქემას ხაზავს (ვერცხლის პასტით, რადგან ვერცხლი გამტარია) და რობოტ-ელექტრიკოსს გადასცემს;  3. რობოტი-ელექტრიკოსი კი ააწყობს ელექტრულ სქემას და მომხმარებელს მისი გამოკვლევის საშუალებას მისცემს.

სამოდელო სფეროშიც ხარ, როგორია შენი სამომავლო გეგმები, რომელს აირჩევ – მეცნიერებას თუ მოდელის კარიერას?
მინდა ამ პროექტის დახვეწასა და განვითარებაზე ვიმუშაო. ასევე არ მინდა სამოდელო სფეროს მიტოვება და თუ ვიშრომებ, ვფიქრობ, რომ ორივეს მოვახერხებ.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები
Загрузка...