სამზარეულო

შუ

საჭირო პროდუქტი:

ცომისთვის: 100 გ კარაქი, 250 მლ წყალი, 200 გ ფქვილი, 4 კვერცხი;

კრემისთვის: 150 მლ შედედებული რძე, 500 მლ წყალი, 5 ს/კ შაქარი, 4 ს/კ ფქვილი, 200 გ კარაქი.

მინანქრისთვის: 4 ს/კ კაკაო, 50 გ კარაქი, 3 ს/კ შაქარი, 2-3 ს/კ წყალი.

მომზადების წესი: კარაქი ჩადეთ ჯამში, დაასხით წყალი, დადგით საშუალო ცეცხლზე, გაადნეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ.  დაუმატეთ ფქვილი. შეუჩერებლად ურიეთ და გააჩერეთ ცეცხლზე დაახლოებით 5-7 წუთი, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ცომი კარგად უნდა მოიშუშოს (ჯამის კედლებს არ უნდა ეკვროდეს). გადმოიღეთ და დადგით გასაცივებლად. ჯამში ჩაახალეთ კვერცხები, ათქვიფეთ და ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ გაცივებულ ცომს. კარგად ათქვიფეთ.

აერღუმელი გააცხელეთ 250 გრადუსზე. ტაფას მოასხურეთ წყალი და ჩაის კოვზით დააწყვეთ ცომი. ბურთები სველი ხელებით მოამრგვალეთ. შედგით ჰაერღუმელში 30 წუთის განმავლობაში, 15 წუთის შემდეგ ტემპერატურას დაუკელით 200 გრადუსამდე, რომ კარგად გამოშუშდეს. გამომცხვარი შუები დანით დახვრიტეთ , რომ ცხელი ჰაერი გამოვიდეს.

კრემი: შედედებული რძე ჩაასხით ჯამში, დაუმატეთ წყალი, შაქარი და ფქვილი. ყველაფერი კარგად აურიეთ, დადგით ნელ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ. მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ 2-3 წუთი. კრემი გააცივეთ და შეათქვიფეთ ვანილი. კარაქი ცალკე ათქვიფეთ და ნელ-ნელა უმატეთ ცივ კრემს.

მოამზადეთ მინანქარი: კაკაო, კარაქი, შაქარი და წყალი აურიეთ, დადგით ნელ ცეცხლზე და ურიეთ, სანამ არ გაიხსნება, ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ.

შუს ბურთულები კრემით სპეციალური მოსართავი ტომსიკის საშუალებით ამოავსეთ. შეგიძლიათ შუები გაჭრათ და ისე წაუსვათ კრემი, თუმცა თუ სადღესასწაულო სუფრისთვის გინდათ, ჯობია, არ გაჭრათ. ზემოდან მოასხით მინანქარი.

რჩევა: შეგიძლიათ ჩვეულებრივი მოხარშული კრემი მოამზადოთ უკვერცხოდ ან კვერცხით, ცალკე მოამზადოთ შედედებული რძის და კარაქის კრემი და ერთმანეთში გადაურიოთ – ასეთი კრემი ძალიან გემრიელია. თუ უფრო მსუბუქი კრემი გინდათ, ჩვეულებრივ უკვერცხი მოხარშულ კრემს კარაქის ნაცვლად მაღალპროცენტიანი ნაღები შეათქვიფეთ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close