სუპერმარკეტების ქსელის მფლობელი სტელიოს სკლავენიტისი გრიპით გარდაიცვალა

33

საბერძნეთის სუპერმარკეტების უდიდესი ქსელის – „სკლავენიტის“ („Σκλαβενίτης) ერთ-ერთი მფლობელი სტელიოს სკლავენიტისი ამ დილით, ბზობა დღეს, საბერძნეთის დროით დილის 7 საათსა და 18 წუთზე გარდაიცვალა.

როგორც იტყობინებიან, მან შაბათ საღამოს ძლიერ ცუდად იგრძნო თავი (წინა დღეებში გრიპზე მკურნალობდა). ბიზნესმენი საავადმყოფოში ისეთ მდგომარეობაში გადაიყვანეს, რომ მაშინვე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს B ტიპის გრიპის ვირუსის დიაგნოზით. ექიმების ყველანაირი მცდელობის მიუხედავად 54 წლის სტელიოს სკლავენიტისის მდგომარეობა სწრაფად უარესდებოდა და, სამწუხაროდ, კვირა დილით იგი გარდაიცვალა.

საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ცნობილი ბიზნესოჯახის წევრი სტელიოს სკლავენიტისი ოთხი შვილის მამა იყო.

კომპანია „სკლავენიტი“ 1954 წელს დააარსა იოანის სკლავენიტისმა. პირველი სუპერმარკეტი 1969 წელს გაიხსნა ათენის ერთ-ერთ უბანში – პერისტერიში. 64 წლის შემდეგ კომპანია ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ქსელის მფლობელი და დამსაქმებელია ქვეყანაში. მის მფლობელობაში შედის 43 ჰიპერმარკეტი, 466 სუპერმარკეტი, 11  cash and carry, სადაც მთლიანობაში დასაქმებულია 23 000 თანამშრომელი. 2017 წლის პირველ მარტს დაიხურა „მარინოპულოსი“, რომლის უდიდესი ნაწილი „სკლავენიტმა“ შეიძინა. ამ შენაძენით ქსელი უფრო გაფართოვდა და დღეისათვის  ის 538 მაღაზიას მოიცავს საბერძნეთსა და კვიპროსზე.

კომენტარები
გაზიარება