ერდოღანმა აია სოფიას ტაძარში ყურანის ლოცვა წაიკითხა

ფოტო: Kayhan Ozer / Pool Photo, გაავრცელა „ასოშიეიტედ პრესმა“.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა სტამბოლში, წმინდა სოფიას ტაძარში ყურანის ლოცვა წაიკითხა, რითაც ქრისტიანთა უკმაყოფილება გამოიწვია. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა THE INDEPENDENT-ი წერს.

ერდოღანი ხელოვნების ფესტივალის გახსნაზე გამოვიდა სიტყვით. ცერემონია 31 მარტს გაიმართა აია სოფიას ტაძარში, რომელიც სტამბოლში, სულთანაჰმედის ისტორიულ რაიონში მდებარეობს. თურქეთის ლიდერმა წმინდა წერილის პირველი სტროფები წაიკითხა „ყველას სულის მოსახსენიებლად, განსაკუთრებით სტამბოლის დამპყრობლების“. მან თავის გამოსვლას „ამაღელვებელი და რთული“ უწოდა.

„ინდეპანდანტი“ წერს, რომ თურქი ლიდერის ქცევამ განსაკუთრებით აღაშფოთა საბერძნეთი, სადაც მოსახლეობის 98 პროცენტი ქრისტიანია.

როგორც ცნობილია, აია სოფია დიდი ხნის განმავლობაში ქრისტიანული ტაძარი იყო. ამჟამად მასში მუზეუმია განთავსებული. 

ცნობისათვის:

აია სოფიას (Hagia Sophia) მსოფლიოს მერვე საოცრებას უწოდებენ. ბიზანტიური ხუროთმოძღვრების „ოქროს ხანის“ სიმბოლო 1985 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია.

ათას წელზე მეტხანს, რომის წმ. პეტრეს ტაძრის აგებამდე, აია სოფია ქრისტიანულ სამყაროში უდიდესი იყო (სიმაღლე – 55,6, გუმბათის დიამეტრი – 31 მ).

პირველი ტაძარი ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინემ 324-337 წლებში ააგო.

532 წელს, სხვადასხვა დროს მომხდარი სამი ხანძრის შემდეგ, იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ახალი ტაძრის აშენება ბრძანა, რომელიც ქრისტიანული იმპერიის სიმბოლოდ უნდა ქცეულიყო.

ტაძარი 537 წლის 27 დეკემბერს საზეიმოდ აკურთხეს. 1453 წლის 28 მაისის ღამეს წმინდა სოფიას ტაძარში ბოლო ქრისტიანული მსახურება გაიმართა. მეორე დღეს კონსტანტინოპოლი დაეცა. აია სოფია გაიძარცვა. 30 მაისს იქ მეჰმედ II-მ შეაბიჯა. ტაძარი მეჩეთად გადააკეთეს. მალე მას ოთხი მინარეთი მიაშენეს, XVI საუკუნეში კი – უხეში კონტრფორსები მიადგეს. 1847 წელს აია სოფიას რესტავრაცია ჩაუტარდა, ხოლო 1935 წელს, ათათურქის ბრძანებით, მუზეუმად იქცა.

2007 წელს შექმნილი Free Hagia Sophia Council („აია სოფიას გათავისუფლების კომიტეტი“) ტაძრისთვის ქრისტიანული სტატუსის მინიჭებისთვის იბრძვის.

კომენტარები
Загрузка...