კინო/ფილმები

როგორ იღებდნენ „ივანე კოტორაშვილის ამბავს“

„ივანე კოტორაშვილის ამბავი“ ეკრანზე 1974 წელს გამოვიდა. ის რეჟისორ ნოდარ მანაგაძის პირველი დამოუკიდებელი ფილმია. ბატონი ნოდარი მანამდე მამასთან, შესანიშნავ რეჟისორთან, შოთა მანაგაძესთან ერთად მუშაობდა. მართალია, ფილმის სცენარი თავიდან სულ სხვა რეჟისორისთვის ყოფილა განკუთვნილი, მაგრამ დღეს ძნელი წარმოსადგენია, ნოდარ მანაგაძის ორიგინალური ხელწერისა და ხედვის გარეშე რა სახე ექნებოდა „ივანე კოტორაშვილს“, ან გაუძლებდა კი დროის დინებას?

„ივანე კოტორაშვილის ამბავი“ ვაჟა-ფშაველას ამავე სახელწოდების პოემის მიხედვითაა გადაღებული, უფრო სწორად, კინოდრამატურგმა ერლომ ახვლედიანმა ამ პოემის მიხედვით დაწერა სცენარი, რომლის სიუჟეტიც ნაწარმოებში ასახული ისტორიისგან ოდნავ განსხვავდება, თუმცა მთავარი გმირის სახე, ხასიათი და, საერთოდ, სხვა ყველაფერი ისევე შენარჩუნებულია, როგორც ვაჟამ დახატა (ივანე კოტორაშვილის ამბავი მისთვის ვინმე კარახელს უამბნია). სხვათა შორის, ერლომ ახვლედიანის შემოქმედებით ცხოვრებაში ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც სცენარზე მუშაობა რეჟისორის გარეშე დაიწყო.

როგორ იწერებოდა სცენარი

სამწუხაროდ, დღეს აღარც ბატონი ერლომია ცოცხალი, აღარც ფილმის რეჟისორი ნოდარ მანაგაძე და არც ივანე კოტორაშვილის როლის შემსრულებელი – განუმეორებელი ზურაბ ქაფიანიძე. დღეს ჩემი ეს წერილი იმით არის გამორჩეული, რომ ფილმის შესახებ ყველაფერი, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, პირადად მათგან მაქვს მოსმენილი. აი, რას ამბობდა ბატონი ერლომ ახვლედიანი:

„სცენარზე მე და დათო ჯავახიშვილი ერთად ვმუშაობდით. თავიდან ვფიქრობდით, რომ ის მერაბ კოკოჩაშვილისთვის შეგვეთავაზებინა, მაგრამ მოხდა ისე, რომ როდესაც მუშაობა დავასრულეთ, ამ დროს მერაბ კოკოჩაშვილი სხვა ფილმს იღებდა. მგონი, სცენარი არც კი წაუკითხავს. ნოდარ მანაგაძე კი ძალიან დაინტერესდა ამ ისტორიით და კარგადაც მოირგო ეს სცენარი. ჯერ ერთი, მართლა საინტერესო ჯგუფი შეიკრიბა, მეორეც, მშვენივრად გამოიყენა ადგილობრივი მოსახლეობა (გადაღებები მესხეთში მიმდინარეობდა), განსაკუთრებით ბავშვები…

პოემაში შესანიშნავადაა დახატული უბრალო გლეხკაცი, რომლისთვისაც მთავარი სამშობლოს სიყვარული და ერთგულებაა. მისი ცოლი და დედა ჩივიან კიდეც ერეკლე მეფესთან, სულ გარე-გარე დადის, სახლში არ ჩერდებაო. ერთ ადგილას ცოლი იმასაც ამბობს, გვერდით ძლივს დავიწვინეო. ჩვენი სცენარის მიხედვით კი, ივანეს ცოლი არ ჰყავს, სულ ტყე-ღრეშია და დრო არ აქვს, რომ ცოლი ითხოვოს, არც ფიქრობს ოჯახის შექმნაზე, ამიტომ ძალით დასწერენ ჯვარს. ზოგიერთმა კი დააბრალა, ივანე აბრაგიაო, მაგრამ ეს არის ნამდვილი ქართველი გლეხი, ჩუმი, მაგრამ ვაჟკაცი, რომლისთვისაც მთავარი სამშობლოს სიყვარულია“.

მთვრალი კამეჩები

ფილმის რეჟისორს, ნოდარ მანაგაძეს სცენარი წაკითხვისთანავე მოსწონებია, თუმცა მათგან განსხვავებით, ვინც კოტორაშვილის როლში ქაფიანიძეს ხედავდა, იმ მომენტში მსახიობთან გართულებული პირადი ურთიერთობის გამო („წუთისოფლის“ გადაღების დროს მომხდარი ინციდენტის გამო ნაჩხუბრები იყვნენ), მისთვის ამ როლის მიცემას სულაც არ ფიქრობდა. მანაგაძისთვის ერთ-ერთი კანდიდატურა ძიუდოისტი შოთა ჩოჩიშვილი იყო, მაგრამ…

„ბოლოს მაინც ზურას მსახიობურმა ნიჭმა, მისმა კოლორიტულობამ და მონდომებამ გადაწყვიტა ყველაფერი… კოტორაშვილის როლმა შეგვარიგა“, – ამბობდა ბატონი ნოდარი და კურიოზებზეც სიამოვნებით საუბრობდა: „როცა კამეჩების შეტაკების სცენა უნდა გადაგვეღო, დასავლეთ საქართველოდან სპეციალურად ჩამოვიყვანეთ ორი უზარმაზარი კამეჩი. გაგვაფრთხილეს, თუ გაბრაზდნენ, მტრისას, გაანადგურებენ ყველაფერს და შეიძლება ხალხიც დახოცონო.

მოვიყვანეთ მილიცია, სამხედროები, გადასაღებ მოედანს ჯებირები გავუკეთეთ, სახანძრო რაზმიც მობილიზებული გვყავდა, მაგრამ… კამეჩი ადგილიდანაც ვერ დავძარით. ერთმანეთს რომ დაეტაკონ, უნდა დაათროთო, გვითხრეს. 50 ლიტრი ღვინო დავალევინეთ, მაგრამ მაინც ვერ გავანძრიეთ. მერე 2-3 ლიტრი ჭაჭის არაყიც დაგვილიეს, სულ გამოგვიცალეს მთელი სასმელი, მაგრამ… ბოლოს, როგორც იყო, ნაზად შეეტაკნენ ერთმანეთს და ეს კადრი გადავიღეთ, თორემ აღარ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა.

ბოლო კადრს თბილისში ვიღებდით. გახსოვთ ალბათ, ქაფიანიძე წყალში რომ შედის. ეს ეპიზოდი დიღმის ხიდთან, მტკვარზე გადავიღეთ. დილით, ადრიანად გავედით გადაღებაზე. შევიდა ქაფიანიძე წელამდე წყალში და მზემ არ გამოანათა?! საერთოდ, მთელი ფილმი ღრუბლიან ამინდშია გადაღებული და იმწუთას მზის გამოსვლა ნამდვილად ხელს არ გვაძლევდა. არადა, უკვე ზამთარი დგებოდა, წყალი ცივი იყო. დავინახე თუ არა, რომ მზემ გამოანათა, გადაღება გავაჩერე და ზურას დავუძახე, წყლიდან ამოდი-მეთქი. ვერ ამოვალო, კატეგორიული უარი გამომიცხადა. ახლა რომ წყლიდან ამოვიდე, მეორეჯერ აქ ვეღარ შემოვალო. მზე მხოლოდ დღის ბოლოს მიეფარა ღრუბლებს, ზურა კი ამ ხნის განმავლობაში წყალში იყო.

ისევ ქაფიანიძესთან დაკავშირებით მოგიყვებით: ერთხელ ორი დღით გავუშვი კიევში და დიდხანს აღარ ჩამოვიდა. რადგან ის სცენა უნდა გადამეღო, სადაც სცემენ, მის გარეშე, დუბლიორის საშუალებით მომიხდა ამ ეპიზოდის გადაღება. ქაფიანიძე მხოლოდ ბოლო მომენტში მყავს ახლო ხედით გადაღებული. მოკლედ, ყველანაირად ეცადა, რომ ცემას გადარჩენილიყო. სხვათა შორის, ერთ-ერთი ჩვენების დროს ჰკითხეს: რამდენ ხანს გცემენ, ეს არ არის ნამდვილი კადრებიო. თუ ნამდვილი არ არის, გამოდით და განახებთო, უთქვამს ზურას“.

ზურაბ ქაფიანიძის მოგონებები

თავად ზურაბ ქაფიანიძე კი აი, როგორ იხსენებდა ფილმზე მუშაობის პერიოდს: „ნოდარი იყო რეჟისორი. მამამისი, ბატონი შოთა მანაგაძე მამასავით მხედავდა. ძალიან ღვთისნიერი კაცი იყო, ღვთისოს ვეძახდი. სხვა ფილმში როცა მიღებდნენ, რეჟისორს სთხოვდა, სინჯები მაჩვენეო, თვალყურს მადევნებდა, რომ არ წავმხდარიყავი, რამე არ შემშლოდა… საოცრად კარგი ჯგუფი შეკრიბა ნოდარმა, ფილმიც კარგი გამოვიდა. გახსოვთ ალბათ, ფილმში ფერდობზე რომ ჩამოვრბივარ, ის ადგილი ჩემ გარდა ვერავინ ჩამოირბინა, არადა, ვინ აღარ ჰყავდათ მოწვეული ამ კადრის გადასაღებად: კალათბურთელები, მოჭიდავეები, ალპინისტებიც კი…

მტკვარში ჩხუბის ეპიზოდი რომ გადავიღეთ, მთელი გადამღები ჯგუფი მიცდიდა, დროზე ამოდი წყლიდანო. ზაფხული იყო, მე გაოფლიანებული ვიყავი და თქვენ წადით, მე აგერ მტკვარს წამოვყვები, ისე ჩამოვალ-მეთქი, გავძახე. დავწექი წყალზე და ასე ცურვით წავედი. ეს რომ დაინახეს, გადაწყვიტეს ფინალიც ასე გადაეღოთ, არადა, ფინალის გადაღების დროს უკვე იანვარი იყო, ყინავდა. სამი კილომეტრი მივცურავდი გაყინულ წყალში, ნაპირზე მთლად გალურჯებული გამოვედი, მაგრამ ფიზიკურად ძლიერი ვიყავი და ვუძლებდი… ეჰ, კარგი იყო, ულამაზესი კინო გვქონდა…“

„ქიტესას ველოდები, ქიტესასა!“

ალბათ გახსოვთ, განრისხებული ზურაბ ქაფიანიძე (ივანე), კომბლით ხელში, რაჭული სიდინჯით როგორ ელოდება ქიტესას, მორიგი ოინბაზობისთვის სამაგიერო რომ გადაუხადოს („ქიტესას ველოდები, ქიტესასა!“), ქიტესა კი თავქუდმოგლეჯილი გაურბის ივანეს კომბალსა და რისხვას. ამ მხიარული, მოხერხებული კაცის როლს ვახტანგ ცხადაძე ასრულებს. ფილმში იგი რეჟისორთან მეგობრობის წყალობით მოხვდა (ერთად თამაშობდნენ საქართველოს კალათბურთის ნაკრებში). ქიტესას როლი გივი ბერიკაშვილს უნდა შეესრულებინა, მაგრამ იმ დროს მარჯანიშვილის თეატრი გასტროლებზე მიდიოდა და გივი ფილმის გადაღებაზე არ გაუშვეს.

სწორედ ამ პერიოდში ვახტანგ ცხადაძე და ნოდარ მანაგაძე შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს რუსთაველზე. ბატონმა ნოდარმა მას ფილმში გადაღება შესთავაზა და უარის თქმაც არ აცალა, ისე წაიყვანა სინჯებზე. მართალია, თავიდან კინოსტუდიაში წინააღმდეგები იყვნენ, რომ ასეთი სახასიათო როლი არაპროფესიონალს შეესრულებინა, მაგრამ რეჟისორმა თავისი გაიტანა. სხვათა შორის, არც ზურა ქაფიანიძე უყურებდა მაინცდამაინც კეთილი თვალით ვახტანგს, ამან გივის მაგივრობა როგორ უნდა გამიწიოსო? მერე ისე დაძმაკაცდნენ, უერთმანეთოდ ერთ წუთსაც ვერ ძლებდნენ.

ქიტესა ხუმარა, მხიარული კაცია (ასეთივეა ბატონი ვახტანგიც ცხოვრებაში, ალბათ ამიტომაც არ გაუჭირდა ამ როლის თამაში); დევივით ივანეს, რომელიც ძალიან უყვარს, ათასგვარ ოინს უწყობს. მარტო ცოლის ძალით შერთვა რად ღირს?! სხვათა შორის, პირიქით მოხდა. არა, ვახტანგ ცხადაძისთვის ცოლი ძალდატანებით არავის შეურთავს, მაგრამ ზურაბ ქაფიანიძეს კი მოუწია მის ქორწილში ქეიფმა და თამადობამ.

ბატონი ვახტანგი სიამოვნებით იხსენებს ფილმის გადაღების ცალკეულ ეპიზოდსა და საერთო სიტუაციას:

„გადაღებები გვქონდა მესხეთში, ასპინძის რაიონში. მთელი დატვირთვით ვმუშაობდით, ვცდილობდით, ნოდარს ავყოლოდით, მაგრამ ზოგჯერ სასმელისკენაც წაგვიცდებოდა ხოლმე ხელი. ერთ საღამოს გაგვაფრთხილა, ხვალ ახლო ხედები უნდა გადავიღოთ და არ დალიოთო. მე ტურბაზაში ვცხოვრობდი, მაგრამ არ გამიშვა, შენც ჩემთან ერთად დარჩიო. რომ არაფერი გვეეშმაკა, გადაღების შემდეგ ოთახში ტანსაცმლის გამოსაცვლელად შეგვიშვა და თვითონ იქვე დაგვიდარაჯდა – რომ გამოხვალთ, ერთად ვივახშმოთო.

შევედით ოთახში და თითქოს ვიღაცამ მოგვიწყოო, დაგვხვდა ერთი ბოთლი ჭაჭის არაყი, ორი ვაშლი და ორი ჭიქა. მარტო მე და ზურა ვიყავით. ცხადია, ეს არაყი ბოლომდე გამოვცალეთ. ოთახიდან რომ გამოვედით, კარგად შეზარხოშებულები ვიყავით. მშივრებს, უცებ მოგვეკიდა სასამელი. კინაღამ გაგიჟდა ნოდარი, მაგრამ რას იზამდა?! ერთი დღით გადაიდო გადაღება.

ზურას გულუბრყვილობის ამბავი ყველამ იცის, ჰოდა, გადავწყვიტეთ, მისი ეს ხასიათი გადაღების დროს გამოგვეყენებინა. ნოდარს მოველაპარაკე, ასე და ასე მოვიქცევი, ვნახოთ, რას მოიმოქმედებს-მეთქი და დავიწყეთ გადაღება. ის სცენა ხომ გახსოვთ, ივანე ცოლთან „კურკურს“ რომ დაიწყებს, მე კი ამ დროს ვყვირი: „არიქა, ომი დაიწყო!“ – და ალერსს ვაწყვეტინებ. ივანე ცოლს თავს ანებებს, წყალში ჩაგდებულ ტყაპუჭს ხელს წამოავლებს და, როცა მიხვდება, რომ ვატყუებ, გამწარებული გამომეკიდება. სადაცაა უნდა დამეწიოს და ამ დროს წავიქცევი, ვითომ ფეხი ვიტკინე. ზურა სერიოზულად შეშფოთდა, ფეხი ძალიან ხომ არ გეტკინაო? და, როცა მოსახმარებლად დაიხრება, უცებ წამოვხტები და გავრბივარ.

ეს სცენა ჩემი მოგონილია, მარტო ნოდარმა და ოპერატორმა იცოდნენ, რა უნდა გამეკეთებინა. ზურა კი ისეთი გამწარებული გამომეკიდა, რომ დამეჭირე, არ ვიცი, რას გიზამდიო, მერე მეუბნებოდა. ერთხელ ძაღლი დაამარცხა, მე რას მიზამდა (იცინის)?!

ასეთი გულუბრყვილო ხომ იყო ზურა, მაგრამ ძალიან მამაცი. მახსოვს, ნატო გაგნიძე გადაღებაზე ბებიასთან ერთად იყო წამოსული (პატარა გოგოს მარტო არ უშვებდნენ). იმ სახლის პატრონს, სადაც ვსადილობდით ხოლმე, დიდი ნაგაზი ჰყავდა, ასეთი ავი არაფერი მინახავს. ერთი ჯაჭვით იყო დაბმული. ერთ დღეს, გადაღების შემდეგ, მოვდივართ, რომ ვისადილოთ. ნატო წინ მიდიოდა. შევედით თუ არა ეზოში, გამოვარდა ეს ძაღლი და ალბათ შეჭამდა, ზურას რომ არ ემარჯვა. იქვე ნამგალი ეგდო, დაავლო ხელი და ისეთი ბრძოლა გამართა ამ ძაღლთან, ეს რომ ნოდარს გადაეღო, ფილმის საუკეთესო ეპიზოდი იქნებოდა.

მართალია, ძალიან რთული გადაღებები გვქონდა, მაგრამ ახალგაზრდები ვიყავით, გვიხაროდა ერთად ყოფნა, ერთმანეთს დიდ პატივს ვცემდით, კარგ დროსაც ვატარებდით და, ვფიქრობ, ფილმიც არაჩვეულებრივი გამოვიდა…. ყოველ შემთხვევაში, მაყურებელს ძალიან მოსწონს“.

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close