იტალიაპოლიტიკა

იტალიამ რუს ოლიგარქ მორდაშოვს სარდინიაზე მდებარე 105 მლნ ევროს ღირებულების ქონება ჩამოართვა

იტალიამ რუს ბიზნესმენ ალექსეი მორდაშოვს ხმელთაშუა ზღვის კუნძულ სარდინიაზე მდებარე 105 მილიონი ევროს ღირებულების სამშენებლო კომპლექსი ჩამოართვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის ოფისი ავრცელებს.

ეს მორდაშოვის რიგით მეორე ქონებაა იტალიაში, რომელიც მას ჩამოერთვა. 4 მარტს პოლიციამ დააყადაღა მისი 65-მეტრიანი იახტა, რომელიც 65 მილიონ ევროდაა შეფასებული.

56 წლის მორდაშოვი ფოლადის მაგნატია, რომლის ქონება დაახლოებით 29.1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში იტალიის პოლიციამ 780 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ვილები და იახტები ჩამოართვა შვიდ მდიდარ რუსს, რომლებიც ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდნენ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა რამდენიმე პაკეტი შეიმუშავეს. შეზღუდვების ქვეშ კრემლთან დაახლოებული ათობით ბიზნესმენი აღმოჩნდა, რის შემდეგაც დაიწყო მათი აქტივების დაბლოკვა. სანქცირებულ ბიზნესმენთა შორის არიან: საინვესტიციო ჯგუფ „ვოლგა ჯგუფის“ მფლობელი გენადი ტიმჩენკო, „როსნეფტის“ ხელმძღვანელი იგორ სეჩინი, „ტრანსნეფტის“ ხელმძღვანელი ნიკოლაი ტოკარევი, USM Holdings-ის დამფუძნებელი ალიშერ უსმანოვი, Severstal alexey Mordashov-ის მფლობელი ალექსეი მორდაშოვი.

მთლიანობაში, ევროკავშირის მიერ დღემდე დაწესებული სანქციები რუსეთის 877 მოქალაქესა და 62 კომპანიას შეეხო.

სიაში მოხვედრილი პირების აქტივები გაიყინება. ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ სანქციებში შესულ პირებსა და კომპანიებთან გარიგებები. ფიზიკურ პირებზე დამატებით ვრცელდება ასევე მგზავრობის შეზღუდვაც. მათ ეკრძალებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ან ტრანზიტული გზით მისი გავლა.

ევროკავშირმა რუსეთისგან მოითხოვა, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან და მისი სუვერენიტეტი აღიაროს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

accentnews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close