მიგრაციაიტალია

იტალიაში უკრაინელი დევნილებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა, ერთი ქალი დაიღუპა

ტრაგიკული ინციდენტი მოხდა იტალიის ჩრდილოეთში, მთავარ ავტომაგისტრალზე – A14 ავტოსტრადაზე, ქალაქ ფორლის (ემილია-რომანიის რეგიონი) მახლობლად – ავტობუსი, რომელშიც 22 უკრაინელი დევნილი იმყოფებოდა, მოულოდნელად გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

სამწუხაროდ, არის მსხვერპლი – ერთი ახალგაზრდა, 32 წლის ქალი დაიღუპა. ბევრმა მგზავრმა საგანგებო სამსახურის  მოსვლამდე თავად შეძლო ავტობუსიდან გადმოსვლა. ავტობუსის ამოსაყვანად საგზაო პოლიციას 2 ამწის გამოყენება დასჭირდა. 5 დაშავებული რიმინის საავადმყოფოში გადაიყვანეს, საბედნიეროდ, მათ სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ.

დაღუპულ უკრაინელ ქალს 2 მცირეწლოვანი შვილი ახლდა –  5 და 10 წლის ბავშვები. ისინი ჩეზენის სოციალურმა სამსახურმა შეიფარა და პეზაროში ნათესავებს გადასცემენ.

მიმდინარეობს გამოძიება, რა გახდა ავტობუსის ტრასიდან გადავარდნის მიზეზი. ავტობუსს უკრაინული ნომრები ჰქონდა და როგორც ჩანს, პირდაპირ უკრაინიდან მიდიოდა ჩრდილოეთიდან იტალიის სამხრეთით, საპორტო ქალაქ პესკარისკენ. ვარაუდობენ, რომ მძღოლს ჩაეძინა, თუმცა ავარიის ზუსტი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. საგზაო პოლიციის თანამშრომელმა ანდრეა ბიაჯოლიმ განაცხადა, რომ მოცურების ნიშნები გზაზე არ იყო. რამდენიმე მგზავრმა ნათესავებს დაურეკა, მათ ჩამოაკითხეს და შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს, 15 მგზავრი კი, რომლებსაც საკუთარი საშუალებებით არ შეეძლოთ წასვლა, ფორლის საგზაო პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს იდენტიფიცირებისთვის, შემდეგ კი მათაც გააგრძელეს გზა საბოლოო დანიშნულების პუნქტისკენ.

24 თებერვლის შემდეგ, როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, ქვეყანა 2,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. დევნილების ნაკადი, ძირითადად, პოლონეთმა მიიღო, იტალიაში კი ამ დროისთვის უკვე 35 ათასი უკრაინელი დევნილი შევიდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close