პოლიტიკა

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურა არ იქნება – პასუხი ვერსალიდან ვოლოდიმირ ზელენსკის

როგორია პერსპექტივა საქართველოსა და მოლდოვისთვის?

10 მარტს ვერსალის სასახლეში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ორდღიან არაფორმალურ სამიტზე შეიკრიბნენ. შექმნილ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეალობაში წამოჭრილ ბევრ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად სამიტზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, როგორ უპასუხონ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნას ევროკავშირში უკრაინის დაჩაქრებული წესით გაწევრიანების შესახებ.

ევროპამ უკრაინას გაწევრიანების დაჩქარებულ პროცედურასთან დაკავშირებით მალევე გასცა უარყოფითი პასუხი, რომელიც, კაცმა რომ თქვას, მოულოდნელი არც ყოფილა, თუ გავითვალისწინებთ სამიტის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვერსალში ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ევროკავშირი ვერ დაიწყებს გაწევრიანების პროცესს ომში მყოფ ქვეყანასთან.

„შეგვიძლია კი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყება ომის პირობებში მყოფი ქვეყნისთვის? ვფიქრობ, რომ არა. უნდა დავუხუროთ კარები და ვუთხრათ: „არასდროს“? – ეს არასამართლიანი იქნებოდა. უნდა დავივიწყოთ რეგიონული წონასწორობა? აქაც ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

უფრო კატეგორიული იყო ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რიუტე: „არ არსებობს ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღება…  ევროკავშირში უკრაინის მიღება კი დიდი ხნის საქმეა, თუ საერთოდ მოხდა ეს“, – თქვა რიუტემ.

მის აზრს ეთანხმება ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ქსავიე ბეტელი: „უკრაინას არ უნდა გავუჩინოთ ისეთი გრძნობა, თითქოს ყველაფერი ხვალვე იწყება“, – ასეთი იყო ბეტელის შეფასება.

უკრაინის საკითხის განხილვის შემდეგ კი საბოლოო წერტილი დასვა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა. მისი განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურა არ იქნება. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვაგრძოთ ის, რაც წარსულში გადავწყვიტეთ“, – განაცხადა შოლცმა სამიტზე.

მისივე თქმით, აუცილებელია ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია, რომელიც უკრაინამ 2017 წელს გააფორმა. „ეს არის კურსი, რომელსაც უნდა გავყვეთ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

შოლცი აღნიშნავს, რომ 27 წევრი ქვეყნის პირობებში უკვე რთულია ევროკავშირში ერთსულოვანი გადაწყვეტილებების მიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საგარეო, ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკა.

ლიტვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ევროკავშირის სამიტის პირველი დღის შედეგის შესახებ კომენტარი ტვიტერში გააკეთა.

„ისტორიული ღამე ვერსალში. ცხარე დისკუსიების 5 საათის შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა უთხრეს „დიახ“ უკრაინის ინტეგრაციას. პროცესი დაიწყო. ახლა საქმე ჩვენსა და უკრაინელებზეა, რათა ეს სწრაფად მოხდეს. გმირმა უკრაინელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მათ მიესალმებიან ევროკავშირში“, – დაწერა ნაუსედამ ტვიტერში.

ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას თხოვნით მიმართა, განიხილოს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის განაცხადები კავშირის წევრობასთან დაკავშირებით და საკუთარი აზრი წარმოადგინოს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც ევროკავშირის სამიტის პირველი დღის შედეგები აისახა.

ევროკომისიის შეფასებას შესაძლოა ხანგრძლივი დრო დასჭირდეს, გვაფრთხილებს ნიდერლანდების პრეზიდენტი მარკ რიუტე. „ევროკავშირში შესასვლელად დაჩქარებული პროცედურა არ არსებობს. ეს იქნებოდა სილის გაწვნა ჩერნოგორიის, სერბეთის, ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიისთვის, რომლებიც ასე დიდხანს ელოდნენ შესვლის პროცედურის დაწყებას“, – განაცხადა მან.

5-პუნქტიან განცხადებაში ევროკავშირის ლიდერებმა დაგმეს რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მოუწოდეს მოსკოვს, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და გაიყვანოს თავისი ჯარი უკრაინიდან.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close