დღის თემაპოლიტიკაქართველები უცხოეთში

რას ჰყვებიან მოსკოვში მცხოვრები ქართველები იქ არსებულ სიტუაციაზე

უკრაინაში შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღების გამო რუსეთი ევროკავშირის, ბრიტანეთის, აშშ-ის, კანადის და სხვა ქვეყნების უპრეცედენტოდ მკაცრი სანქციების ქვეშ მოექცა, რომელთა მიზანი რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლა და პუტინის ავტორიტარული რეჟიმის დასუსტებაა. ყოველდღიურად ახალ-ახალი კომპანია აცხადებს უარს რუსეთის ბაზარზე ოპერირებაზე.

დღეს „ვიზამ“ და „მასტერქარდმა“ შეაჩერეს რუსეთში ფუნქციონირება, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთში დამზადებული ბარათებით ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ, ხოლო უცხოეთში დამზადებულ ბარათებს რუსეთის ტერიტორიაზე ვერ გამოიყენებენ. რუსეთში დამზადებული „ვიზას“ და „მასტერქარდის“ ბარათებით მოქალაქეები ვერც საქართველოს შეძლებენ თანხის განაღდებას ან გადახდას. 

უმკაცრესმა სანქციებმა რუსეთის ეკონომიკას პირველივე დღეებში დაარტყა და სერიოზული რყევა გამოიწვია, თუმცა ექსპერტების აზრით, მოკლე პერიოდში ეს ვერ გამოიღებს ისეთ შედეგებს, რომ რუსეთი იძულებული გახდეს შეაჩეროს ომი უკრაინაში.

რადგან რუსეთი ხელისუფლებამ ტვიტერი და ფეისბუქი რუსეთის ტერიტორიაზე დაბლოკა, ჩვენ ტელეგრამით დავუკავშირდით რუსეთში, კერძოდ, მოსკოვში მცხოვრებ ქართველებს, რათა უშუალოდ მათგან გაგვეგო, რა მდგომარეობაა ამჟამად რუსეთში, კონკრეტულად კი, მოსკოვში როგორც ეკონომიკური, ისე ადამიანური თვალსაზრისით.

ჩვენი რესპონდენტებიდან ერთ-ერთის ოჯახი უკვე 45 წელია, რუსეთში ცხოვრობს, სხვებიც, სულ ცოტა, 30 წელი მაინც არის, რაც იქ ცხოვრობენ და მუშაობენ. ისინი ძალიან შეშინებულები არიან, ამიტომ სიფრთხილის გამო მათ ვინაობას არ ვასახელებთ.

მათი თქმით, რუსეთის დედაქალაქში ამჟამად გარეგნულად სიმშვიდეა (თუ არ ჩავთვლით პერიოდულად გამართულ საპროტესტო აქციებს და მონაწილეთა დაკავებებს სამართალდამცველების მიერ – რედ.), მოსახლეობა ცდილობს ზედმეტად თვალში არ მოხვდნენ პოლიციელებს, რომლებიც მრავლად არიან მოსკოვის ქუჩებში.

ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს, რომ ომის დაწყებიდან და დასავლეთის მიერ სანქციების დაანონსებიდან პირველი სამი დღის განმავლობაში ბანკომატებთან თვალუწვდენელი რიგი იდგა, დღეს რიგები აღარ არის, თუმცა ბანკომატებში ფულიც არ არის.

დოლარის და ევროს ყიდვა თითქმის შეუძლებელია, თუ გაგიმართლა და იყიდე ბანკში, კურსი 1 $=150 რუბლია და ბანკი 30%-ს საკომისიოს იტოვებს – ანუ 100 დოლარი რომ იყიდო, 30 დოლარი ბანკს უნდა დაუტოვო. აქამდე საკომისიო არ იყო კონვერტაციაზე. გადამყიდველებთან 1$  – 200 რუბლი ღირს (როცა ომის დაწყებამდე 70-80 რუბლი ღირდა; მაგალითად, 23 თებერვალს, ომის დაწყების წინა დღეს კურსი იყო 80 RUB / $).

მაღაზიებში, ძირითადად, ადგილობრივი, რუსეთში წარმოებული პროდუქცია იყიდება. ჩვენი რესპონდენტების თქმით, მათზე ჯერჯერობით ფასების მატება არ შეიმჩნევა, უცხოური პროდუქცია კი ყოველდღე ძვირდება და მაღაზიებიდან ქრება.

ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს, რომ არასოდეს ყოფილა შემთხვევა, პენსიას 10 წუთით მაინც დაეგვიანა, თებერვალში კი, ომის დაწყების და სანქციების დაწესების შემდეგ ერთი კვირით დაიგვიანა.

მოსახლეობა ისტერიულად იმარაგებს პროდუქტებს. ქალაქში პანიკური შიშია, ორი ადამიანი ერთად ვერ დგება და ვერ საუბრობს. იმართება ომის და პუტინის საწინააღმდეგო მიტინგებიც, თუმცა ამ ხალხს მასობრივად აპატიმრებენ და განყოფილებაში მიჰყავთ, ამიტომ ყველა ჩუმად არის, მით უმეტეს, რომ რუსეთის დუმის მიერ მიღებული კანონით ცენზურა გამკაცრდა და სიტყვა „ომის“ ხსენების გამოც კი შეიძლება ციხეში მოხვდე.

მოქალაქეებში შიშმა დაისადგურა, სამსახურში ხმას ვერ იღებენ, საკუთარი აზრის გამოხატვის ეშინიათ სამსახურის დაკარგვის გამო.

რუსეთი ჩრდილოეთ კორეად იქცა, რკინის ფარდა ეშვება ცივილიზებულ დასავლეთსა და რუსეთს შორის, ეს ახალგაზრდებს არ მოსწონთ, თუმცა მასობრივად ვერ აპროტესტებენ რეპრესიების შიშით.

ჩვენმა რესპონდენტმა ქართველებმა თავიანთი შვილები – ახალგაზრდა ბიჭები საქართველოში გამოარიდეს, რადგან არსებობს ალბათობა და ხმები დადის იმის შესახებ, რომ პუტინი საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებს. ისინი თვითონაც აპირებენ საქართველოში დაბრუნებას, თუმცა, მათი თქმით, ბილეთები საშინლად გაძვირდა და ყიდვაც ჭირს. მაგ., საქართველოში ჩამოსასვლელი ბილეთი მოსკოვიდან ერევნის გავლით 300 000 რუბლი ღირს.

ნინო ხოშტარია

p. s. რუსეთის მოქალაქეების ერთი (სამწუხაროდ, ძალიან მცირე) ნაწილი არ უშინდება რეპრესიებს და პროტესტს გამოხატავს პუტინის რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გამო.

პროტესტების მონიტორინგის დამოუკიდებელი ჯგუფის ინფორმაციით, კვირას, 6 მარტს რუსეთში 4300-ზე მეტი მანიფესტანტი დააკავეს, ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.

დღეს მთელ რუსეთში გამართული საპროტესტო აქციების დროს ადამიანები სკანდირებდნენ: „არა ომს“, „სირცხვილი თქვენ!“ ეს ჩანს ვიდეორგოლებში, რომლებიც ბლოგერებმა სოციალურ ქსელებში განათავსეს, – წერს სააგენტო „როიტერსი“ და აზუსტებს, რომ სოციალურ ქსელებში ვიდეორგოლების და ფოტოების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო.

უფრო ადრე რუსეთის შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციამ დააკავა დაახლოებით 3500 ადამიანი, მათ შორის, 1700 – მოსკოვში, 750 – სანკტ-პეტერბურგში და 1061 – სხვა ქალაქებში. მათივე ცნობით, საპროტესტო აქციებში 5200 ადამიანი მონაწილეობდა (მათ შორის, მოსკოვში – 2500-მდე).

დამოუკიდებელი უფლებადაცვითი მედიაპროექტის – ОВД-Инфо-ს პროტესტების მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაციით კი, ჯგუფმა დოკუმენტურად აღრიცხა არანაკლებ 4366 ადამიანის დაკავება 56 სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, მოსკოვში, პეტერბურგში და ურალზეც კი – ეკატერინბურგში (მოსახლეობის მიხედვით სიდიდით მეოთხე ქალაქი რუსეთში, სადაც 1,5 მილიონამდე ადამიანი  ცხოვრობს), სადაც საპროტესტო აქციები აქამდე არასდროს გამართულა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close