რუსეთმა გასული ღამის განმავლობაში უკრაინის დედაქალაქ კიევზე რამდენიმე სარაკეტო იერიში განახორციელა.
„საშინელი რუსული სარაკეტო თავდასხმა კიევზე. ბოლოს ასეთი რამ ჩვენს დედაქალაქში 1941 წელს მოხდა, როდესაც ფაშისტური გერმანია დაგვესხა თავს. უკრაინამ მაშინდელ ბოროტებაზე გაიმარჯვა და ახლაც გაიმარჯვებს. იზოლაციაში მოაქციეთ რუსეთი, გაწყვიტეთ ყველა კავშირი, ამოაგდეთ რუსეთი ყველაფრიდან“, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ იერიშს „ტვიტერზე“.
Horrific Russian rocket strikes on Kyiv. Last time our capital experienced anything like this was in 1941 when it was attacked by Nazi Germany. Ukraine defeated that evil and will defeat this one. Stop Putin. Isolate Russia. Severe all ties. Kick Russia out of everywhete.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) February 25, 2022
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის მიზანია კიევის აღება და ხელისუფლების შეცვლა. ზელენსკი აცხადებს, რომ იგი პუტინისთვის პირველი სამიზნეა, მეორე სამიზნე კი – მისი ოჯახია.
A #Russian aircraft shot down by #Ukrainian air defenses falls on residential areas in #Kyiv. pic.twitter.com/kNR9yFwSGv
— NEXTA (@nexta_tv) February 25, 2022
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ერთ-ერთი რაკეტის ფრაგმენტები საცხოვრებელ სახლს მოხვდა. წინასწარი ინფორმაციით, დაიჭრა 3 ადამიანი. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
კიევში განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა დილიდან. მეტროს მიწისქვეშა სადგურებში მოქალაქეებისთვის თავშესაფრებია მოწყობილი. ხელისუფლება აფრთხილებს მოსახლეობას, განგაშის სიგნალის შემთხვევაში თავი შეაფარონ თავშესაფრებს. განგაშის სიგნალის გარდა მოქალაქეებს მისდით sms-გზავნილიც მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმის შემთხვევაში, რომ თავშესაფრებში ჩავიდნენ. გარდა მეტროს სადგურებისა, თავშესაფრები მოწყობილია საცხოვრებელ სახლებშიც.
ბევრი ადამიანი ტოვებს უკრაინას და თავშესაფარს სხვაგან ეძებს. არსებული ცნობებით, პოლონეთის საზღვართან თავმოყრილია ათასობით ავტომანქანა და ადამიანები პოლონეთში გადადიან. ჩვენი ინფორმაციით, მათ შორის არიან ქართველებიც, რომლებიც პოლონეთის გავლით ცდილობენ საქართველოში დაბრუნებას.
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსეთის ძალებმა ომის პირველი დღის სამხედრო მიზნებს სავარაუდოდ, ვერ მიაღწიეს. ინფორმაცის BBC ავრცელებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვევრვო ცნობებზე დაყრდნობით.
თავდაცვის უწყების ცნობით, დიდი ალბათობით, ჩერნობილის ბირთვული ელექტროსადგურის ტერიტორია რუსეთის ძალებმა დაიკავეს და ობიექტის თანამშრომლები რუსმა სამხედროებმა დააკავეს.
ამასთან, ამავე წყაროს ინფორმაციით, უკრაინის არმიამ მოიგერია რუსული დანაყოფების შეტევა ჩერნიგოვზე. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ მოსკოვისთვის ყველაზე შემაშფოთებელი უნდა იყოს ის, რომ სავარაუდოდ, რუსეთმა ვერ მიაღწია პირველი დღისთვის დასახულ სამხედრო მიზნებს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსულ სამხედრო დანაყოფებს მწვავე წინააღმდეგობა გაუწიეს.
ახლახან უკრაინის პარლამენტმა გაავრცელა ინფრომაცია, რომ შეინიშნება ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რაიონში გამა-გამოსხივების საკონტროლო დონის მატება. ამას მოწმობს რადიაციის კონტროლის ავტომატური სისტემების მონაცემები, რომლებიც ონლაინ-რეჟიმშია ხელმისაწვდომი.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ რუსების მიერ ჩერნობილის დაკავება ევროპისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საფრთხეა, რადგან რუსეთმა ატომური ელექტროსადგური შესაძლოა პროვოკაციისთვის გამოიყენოს.
მოამზადა ნიკო აბაშიშვილმა
კომენტარები