გერმანიის დასავლეთში საცხოვრებელ კომპლექსში ძლიერი ხანძარი გაჩნდა
გერმანიის დასავლეთში, ქალაქ ესენში (ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწა) წუხელ, ადგილობრივი დროით 2:15 სთ-ზე (თბილისის დროით დილის 5:15 სთ) ძლიერი ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ კომპლექსში. ესენის ცენტრის მომიჯნავე რაიონ ვესტფირტელში უცნობი მიზეზის გამო ცეცხლი მოედო ერთმანეთთან შეერთებული საცხოვრებელი სახლების კომპლექსს, სადაც 50-მდე ბინაა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.
შენობებიდან მაცხოვრებლები გაიყვანეს, დაახლოებით 100 კაცი, რომლებიც უახლოესი უნივერსიტეტის კორპუსში განათავსეს. ხანძრის შედეგად, სულ ცოტა, 3 ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში მოათავსეს წვის პროდუქტებით მოწამვლის ნიშნებით. შესაძლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
მობილიზებულია ჩვენს განკარგულებაში არსებული ყველა პროფესიული სახანძრო ბრიგადა, – აცხადებს სახანძრო სამსახურის წარმომადგენელი. მისივე თქმით, ქალაქში ამ დონის ხანძარი არასდროს ყოფილა. მიუხედავად მცდელობისა ჯერჯერობით ვერ ხერხდება ცეცხლის კონტროლქვეშ მოქცევა. ხანძრის ჩაქრობაში 150 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს.
ხანძრის ქრობის და ადამიანების ევაკუაციის ოპერაციის გამო ორი მიმდებარე ქუჩა – ზეგეროტშტრასე და ფრიდრიხებერტშრტასე გადაიკეტა. მცხოვრებლებმა ხანძრის შესახებ ინფორმაცია მიიღეს, მათ შორის, სპეციალური მობილური დანართის მეშვეობითაც. უახლოესი სახლების მაცხოვრებლებს ურჩიეს, დაკეტონ კარები და ფანჯრები დაკვამლიანების გამო.
ნინო ხოშტარია
კომენტარები