ნიკოლოზ ბასილაშვილმა კიდევ ერთი შეხვედრა მოიგო და დოჰას მასტერსის ფინალშია
დოჰაში მიმდინარე ATP სერიის 250-ქულიან ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნახევარფინალში მსოფლიო რეიტინგის 61-ე ნომერი, 26 წლის ფრანგი არტურ რინდერკნეხი დაამარცხა ანგარიშით 6:4, 6:2. მატჩი საათსა და 12 წუთს გაგრძელდა.
ქართველი ჩოგბურთელი ფინალში მსოფლიო რეიტინგის (ATP) მე-16 ნომერს, ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს შეხვდება. ამ უკანასკნელმა სულ რამდენიმე წუთის წინ ნახევარფინალში რუსი ჩოგბურთელი კარენ ხაჩანოვი (27-ე ჩოგანი) დაამარცხა დაძაბულ ორთაბრძოლაში, 3 სეტში. ბაუტისტა აგუტი დოჰას მასტრესზე მე-2 ნომრადაა განთესილი. ფინალური ორთაბრძოლა ხვალ, 19 თებერვალს გაიმართება.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა შარშან Qatar ExxonMobil Open-ის ჩემპიონობა მოიპოვა და ამ ტიტულისა და 250 სარეიტინგო ქულის შენარჩუნებამდე ერთი ნაბიჯიღა აკლია.
ქართველი ჩოგბურთელი დოჰას მასტერსის ფინალში შარშან სწორედ რობერტო ბაუტისტა აგუტს შეხვდა და 2 სეტში დაამარცხა ანგარიშით 7:6, 6:2.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი ბაუტისტა აგუტი ამავე ტურნირის 2019 წლის ჩემპიონია.
ბასილაშვილი წლევანდელ ტურნირზე მე-3 ნომრადაა განთესილი, პირველი კი კანადელი დენის შაპოვალოვი იყო, რომელიც ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშა. მსოფლიო რეიტინგის მე-12 ნომერი შაპოვალოვი ყველასთვის მოულოდნელად ბასილაშვილის დღევანდელმა მეტოქემ, არტურ რინდერკნეხმა დაამარცხა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 61-ე ნომერია.
აღსანიშნავია, რომ დოჰას მასტერსის საპრიზო ფონდი 1 071 030 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებული $114 875-ს მიიღებს, ფინალისტი კი – $80 410-ს.
საქართველოს პირველი და მსოფლიოს 22-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირში წყვილთა თანრიგშიც გამოვიდა ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასთან ერთად, თუმცა მათი წყვილი მეოთხედფინალურ შეხვედრაში დამარცხდა.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები