fbpx
სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა კიდევ ერთი შეხვედრა მოიგო და დოჰას მასტერსის ფინალშია

დოჰაში მიმდინარე ATP სერიის 250-ქულიან ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა  ნახევარფინალში მსოფლიო რეიტინგის 61-ე ნომერი, 26 წლის ფრანგი არტურ რინდერკნეხი  დაამარცხა ანგარიშით 6:4, 6:2. მატჩი საათსა და 12 წუთს გაგრძელდა.

ქართველი ჩოგბურთელი ფინალში მსოფლიო რეიტინგის (ATP) მე-16 ნომერს, ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს შეხვდება. ამ უკანასკნელმა სულ რამდენიმე წუთის წინ ნახევარფინალში რუსი ჩოგბურთელი კარენ ხაჩანოვი (27-ე ჩოგანი) დაამარცხა დაძაბულ ორთაბრძოლაში, 3 სეტში. ბაუტისტა აგუტი დოჰას მასტრესზე მე-2 ნომრადაა განთესილი. ფინალური ორთაბრძოლა ხვალ, 19 თებერვალს გაიმართება.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა შარშან Qatar ExxonMobil Open-ის ჩემპიონობა მოიპოვა და ამ ტიტულისა და 250 სარეიტინგო ქულის შენარჩუნებამდე ერთი ნაბიჯიღა აკლია.

ქართველი ჩოგბურთელი დოჰას მასტერსის ფინალში შარშან სწორედ რობერტო ბაუტისტა აგუტს შეხვდა და 2 სეტში დაამარცხა ანგარიშით 7:6, 6:2.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ბაუტისტა აგუტი ამავე ტურნირის 2019 წლის ჩემპიონია.

ბასილაშვილი წლევანდელ ტურნირზე მე-3 ნომრადაა განთესილი, პირველი კი კანადელი დენის შაპოვალოვი იყო, რომელიც ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშა. მსოფლიო რეიტინგის მე-12  ნომერი შაპოვალოვი ყველასთვის მოულოდნელად ბასილაშვილის დღევანდელმა მეტოქემ, არტურ რინდერკნეხმა დაამარცხა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 61-ე ნომერია.

აღსანიშნავია, რომ დოჰას მასტერსის საპრიზო ფონდი 1 071 030  აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებული $114 875-ს მიიღებს, ფინალისტი კი – $80 410-ს.

საქართველოს პირველი და მსოფლიოს 22-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირში წყვილთა თანრიგშიც გამოვიდა ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასთან ერთად, თუმცა მათი წყვილი მეოთხედფინალურ შეხვედრაში დამარცხდა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close