რა მოხდა სტამბოლის გარეუბანში, ნაქირავებ ბინაში, სადაც ქართველმა ქართველი მოკლა – სასტიკი დანაშაულის ადგილის კადრები
თურქეთში, სტამბოლის გარეუბანში რამდენიმე დღის წინ მოკლული ქართველი, 32 წლის გიორგი სიხარულიძე სოფელ ნაბეღლავში დაკრძალეს. რა მოხდა რეალურად ქართველებს შორის სტამბოლის გარეუბანში ნაქირავებ ბინაში – ამაზე ზუსტი პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.
„კურიერმა“ სასტიკი დანაშაულის ადგილის კადრები მოიპოვა. სისხლის კვალი ბინას ამ დრომდე ეტყობა.
დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი. ხვიჩა წიფურია საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინციდენტის დეტალები ცნობილია თურქეთში მცხოვრები ემიგრანტებისთვის. მათი გადმოცემით, შემთხვევის დროს ბინაში სულ 6 ადამიანი იმყოფებოდა, ექვსივე – საქართველოს მოქალაქე.
„ეს იყო შურისძიება, რომელსაც სრულიად შემთხვევით შეეწირა გიორგი სიხარულიძე. 3-ჯერ დაარტყა დანა თირკმლის არეში, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა. გიორგი ზუსტად 4 საათის განმავლობაში სისხლისგან იცლებოდა“, – აცხადებს ორგანიზაცია „ემიგრანტების იმედის“ წევრი შოთო სიხარულიძე.
თურქმა სამართალდამცველებმა, გიორგი სიხარულიძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 45 წლის ზვიად ბულია დააკავეს. მან დანაშაული უკვე აღიარა. ბულიას თურქეთის კანონმდებლობით გაასამართლებენ.
ბულია წარმოშობით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშიდან არის და უკვე წლებია თურქეთში ცხოვრობს. საქართველოში მყოფ მის ახლობლებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა გახდა მკვლელობის მოტივი.
„ერთად სვამდნენ, როდესაც დაიშალნენ, ეს ვინც არის მკვლელი, მიბრუნდა სხვის მოსაკლავად, მას გიორგი გადაეფარა, როგორც მიყვებიან და სხვაზე მოქნეული დანა ამ საწყალ ბიჭს მოხვდა“, – აცხადებს მოკლულის ნათესავი ირაკლი ბლაგიძე.
კომენტარები