უკრაინის საზღვრებთან რუსეთის საფრთხის არსებობის ფონზე, აშშ-ს 8 500 სამხედრო ევროპაში გადასხმის მზადყოფნაში ჰყავს იმ შემთხვევისთვის, თუ NATO გაააქტიურებს ჩქარი რეაგირების ძალებს (NRF), ან თუ სხვა სიტუაცია წარიმართება.
„[თავდაცვის] მდივანმა ოსტინმა შეერთებული შტატების სამხედროების გარკვეული ნაწილი გადასხმის მაღალ მზადყოფნაზე გადაიყვანა, რაც ზრდის ჩვენს მზაობას გადავსხათ ძალები, თუ NATO გაააქტიურებს NRF-ს, ან თუ სხვა სიტუაციები განვითარდება. მდივნის მიერ მაღალ მზადყოფნაზე გადაყვანილი სამხედროების რიცხვი დაახლოებით 8 500 მოსამსახურეს უტოლდება“, – თქვა პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ.
კირბიმ ასევე დაამატა, რომ გაურკვეველი რაოდენობის სამხედროები მზად იქნებიან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვისაც.
პენტაგონის სპიკერმა მკაფიოდ გაუსვა ხაზი, რომ ჯერ ჯარის გადაყვანას არსად აპირებენ.
„დღეს გადასხმის ბრძანებაზე არ ვსაუბრობთ. არ გვაქვს გადასხმის ბრძანებები, რომელზეც ვილაპარაკებთ“, – თქვა კირბიმ.
უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარის შეკრებისა და მზარდი დაძაბულობის ფონზ NATO შეკავებისა და თავდაცვისთვის აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის.
დანია ბალტიის ზღვაში ფრეგატს, ხოლო ლიტვაში F-16-ის ტიპის 4 გამანადგურებელ თვითმფრინავს გაგზავნის. ესპანეთი NATO-ს სამხედრო ფლოტისთვის დამატებითი საბრძოლო ხომალდების გაგზავნას აპირებს, ასევე განიხილავენ ბულგარეთში ავიაგამანადგურებლების გაგზავნასაც. საფრანგეთმა გამოთქვა რუმინეთში, NATO-ს გენერალიტეტის ქვეშ, სამხედროების გადასხმის მზადყოფნა. აპრილში, NATO-ს საჰაერო მოქმედებების მხარდასაჭერად ნიდერლანდები ბულგარეთში გაგზავნის F-35-ის ტიპის ორ ავიაგამანადგურებელს, ასევე, მზადყოფნაში აყენებენ საბრძოლო გემსა და სახმელეთო ძალებს NATO-ს ჩქარი რეაგირების ძალებისთვის (NRF). აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ძალების გაგზავნას განიხილავდნენ აშშ-შიც, რაც კირბის სიტყვებით ნაწილობრივ დადასტურდა.
აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ძალების გაზრდა ხდება რუსეთის მოთხოვნის მიუხედავად, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალები 1997 წლის მოცემულობას დაბრუნებოდნენ, ანუ იმ პერიოდს, სანამ NATO აღმოსავლეთში გაფართოვდებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ძალების დიდი ნაწილის გაგზავნა იგეგმება სწორედ ბულგარეთში, რომელზეც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ რუსეთს აქედან NATO-ს ჯარების გასვლა სურს.
tabula.ge
კომენტარები