საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირებულთაგან მხოლოდ 8-ს დასჭირდა საავადმყოფოში მოთავსება – ამირან გამყრელიძე
საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების დადასტურებული შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ რვა ადამიანს დასჭირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ჰოსპიტალურ სექტორში 4 000-ზე მეტი ადგილია. ჰოსპიტალური მიმართვიანობა „ომიკრონის“ ხარჯზე დიდი არ გვაქვს. ჰოსპიტალიზაცია „ომიკრონით“ დადასტურებული შემთხვევებიდან დასჭირდა რვა ადამიანს და ხუთი უკვე კარგად არის. სამი რჩება თანმხლები დაავადებით. სერიოზული გადატვირთვაა მოსალოდნელი პირველადი ჯანდაცვის სექტორის, ანუ ოჯახის ექიმების. გაძლიერდება ონლაინ კლინიკები, რომ ყველა ადამიანმა შესაბამისი ონლაინ კონსულტაცია მიიღოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების პირველი 2 შემთხვევა 20 დეკემბერს დაფიქსირდა, 8 იანვრისთვის კი ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ვარიანტით ინფიცირების 600-მდე შემთხვევა იყო ლაბორატორიულად დადასტურებული, თუმცა ვარაუდობენ, რომ შემთხვევათა რაოდენობა ბევრად მეტია და ინფექცია ამ ადამიანებში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ახალი შემთხვევების შესახებ მონაცემები ორშაბათს განახლდება.
სამხრეთაფრიკული ვარიანტის გავრცელების გამო სპეციალისტები 2 კვირაში შემთხვევათა რაოდენობის რეკორდულ ზრდას და მე-6 ტალღის პიკს ელოდებიან, ისევე როგორც ეს მოხდა ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები