მსოფლიოსპორტი

ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონი მეხუთედ გახდა ახალი მსოფლიო რეკორდებით (ვიდეო)

ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა – უკვე მეხუთედ! – ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე მან +209 კგ წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო და ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა პლანეტის საუკეთესო ძალოსნის ტიტული.

ქართველმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 492 კგ დააფიქსირა, რაც მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდია. მან ტოკიოს ოლიმპიადაზე მიღწეული საკუთარი შედეგი 4 კგ-ით გააუმჯობესა.

ლაშა ტალახაძემ ატაცში პირველ მისვლაზე 210 კილოგრამი დაძლია, მეორეზე – 218, ხოლო მესამე ცდაზე 225 კილოგრამის აწევა შეძლო და ტოკიოში დაფიქსირებული საკუთარი რეკორდი 2 კგ-ით გააუმჯობესა.

ლაშამ აკვრაში პირველ ცდაზე 247 კგ-იანი შტანგა შეუკვეთა და იოლად დაძლია. არ გასჭირვებია 257 კილოგრამის აწევაც. მისმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ მსოფლიოს ახალი რეკორდი შეუკვეთა –  ტაბლოზე 267 კილოგრამი დაიწერა. ტალახაძისთვის არც ისე იოლი დავალება აღმოჩნდა, მაგრამ ლაშამ შეძლო და ასწია შტანგა, რითაც მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.

თავიდან მსაჯებმა ქართველ სპორტსმენს შედეგი არ ჩაუთვალეს, რამაც მისი გულშემატკივრები სამართლიანად აღაშფოთა, თუმცა მსაჯებმა გადაწყვეტილება მალევე შეცვალეს. ტალახაძემ აქაც საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა 2 კგ-ით – მან ტოკიოს ოლიმპიადაზე აკვრაში 265 კგ დაძლია.

ამრიგად, 28 წლის ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი და ხუთგზის ევროპის ჩემპიონია.

საქართველოს დელეგაციამ უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა. ტალახაძის გამოსვლამდე შოთა მიშველიძე (61 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო რევაზ დავითაძემ (89კგ) – ბრინჯაოს მედალი.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close