მსოფლიოპოლიტიკა

თურქეთში ორ მართლმადიდებლურ ეკლესიას ყიდიან

ავსტრიული გამოცემები – „Kronen Zeitung“-ი და Nachrichten.at-ი წერენ, რომ თურქეთში ორ ქრისტიანულ ტაძარს ყიდიან. ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, თურქეთში დღეს არსებული მწვავე ეკონომიკური კრიზისის ფონზე შემცირებული სახელმწიფო ბიუჯეტის შესავსებად მიიღეს. 

თურქეთის დასავლეთით მდებარე ქ. ბურსის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია 6,3 მლნ თურქულ ლირად (დაახლ. 445 000 ევრო დღევანდელი კურსით) არის შეფასებული. როგორც რეკლამაშია ნათქვამი, „ის გამოსადეგია ტურისტული მიზნებისთვის“; მეორე ქრისტიანული ტაძარი – თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქ. მარდინის სირიულ მართლმადიდებლურ ეკლესიას კი 7,25 მლნ ლირად (დაახლ. 513 000 ევრო დღევანდელი კურსით) სთავაზობენ პოტენციურ მყიდველს.

nachrichten.at-ის ცნობით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ თურქეთის პარლამენტის უმცირესობის პარტია HDP-ის წარმომადგენელი, სომეხი მართლმადიდებელი დეპუტატი გარო პაიანი (Garo Payan) აღაშფოთა.

„ნუთუ ეს არ გაღელვებთ, ბატონო მინისტრო?! მსოფლიოს რომელიმე კუთხეში მეჩეთის გაყიდვის თაობაზე რეკლამა რომ გამოჩენილიყო, დიდი ალბათობით, მთელი თურქეთი ერთ ამბავს ატეხდა“, – მიმართა მან თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს მეჰმეტ ნური ერსოის (Mehmet Nuri Ersoy). მისივე თქმით, ბოლო წლებში გამეფებული სამართლებრივი უწესრიგობის გამო საფრთხე ემუქრება თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ყველა უძრავ ქონებას, რომელიც არაისლამურ რელიგიურ თემებს ეკუთვნით – ეკლესიებს, სკოლებს, საავადმყოფოებს და სხვ. თუ ისინი ხანგრძლივი დროის განმავლობაში უმოქმედოა, სახელმწიფო საკუთრებაში გადადის, როგორც „მაზბუტი“ (“mazbut”). ამ კატეგორიას მიეკუთვნება ეკლესიებიც, რომლებიც ახლა გამოიტანეს გასაყიდად.

ბერძნული orthodoxianewsagency.gr-ს ცნობით, მოსკოვის პატრიარქის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების მდივანმა იგორ იაკიმჩუკმა განაცხადა, რომ რუსული მართლმადიდებელი ეკლესია გმობს მსგავს დამოკიდებულებას მართლმადიდებელი სიწმინდეების მიმართ მთელ მსოფლიოში.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close