მსოფლიოპოლიტიკა

16-წლიანი კანცლერობის დასასრული კოვიდშეზღუდვების გამკაცრების ფონზე – რამდენი ექნება პენსია ანგელა მერკელს (ვიდეო)

გერმანიის პირველი და ერთადერთი კანცლერი ქალი პოსტს პანკ-როკის მუსიკის ფონზე ტოვებს

გერმანიაში აუცრელებისთვის კოვიდშეზღუდვები გამკაცრების ფონზე ანგელა მერკელის გაცილების ცერემონიალი გაიმართა. ქვეყნის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი კანცლერი ქალი უდიდესი სამხედრო პატივით გააცილეს. 

უმაღლესი თანამდებობის პირების, აგრეთვე, არმიის გენერლების გაცილების ტრადიციული სამხედრო ცერემონია, სახელწოდებით “Der Große Zapfenstreich”, ბერლინში, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ეზოში გაიმართა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ცერემონიაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდული იყო. მასში მონაწილეობდა 200-მდე ადამიანი, მათ შორის, 52 პოლიტიკოსი, რომელთაც მერკელის 16-წლიანი მმართველობის პერიოდში მინისტრების თანამდებობები ეკავათ.

ტრადიციული ღონისძიების ყველაზე სანახაობრივი ნაწილი სამხედრო შენაერთების აღლუმი იყო.

როგორც წესი, კანცლერს ეძლევა უფლება, აირჩიოს მუსიკალური ნაწარმოებები, რომლებსაც გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ორკესტრი შეასრულებს ცერემონიაზე. ანგელა მერკელმა, რომლის სიყვარული კლასიკური მუსიკისადმი ცნობილია, მოულოდნელი მუსიკალური „კოქტეილი“ შეარჩია: შეიარაღებული ძალების ორკესტრმა, კანცლერის მიერ შექმნილი „პლეილისტის“ შესაბამისად, ცერემონიაზე შეასრულა ქრისტიანული ჰიმნი „Großer Gott, wir loben Dich” („ღმერთო მაღალო, გადიდებთ შენ“), რომლის სიტყვები XVIII საუკუნის გერმანელმა კათოლიკე მღვდელმა და თეოლოგმა იგნაც ფრანცმა (Ignaz Franz) დაწერა; აგრეთვე, ლეგენდარული გერმანელი მსახიობისა და მომღერლის, ჰილდეგარდ კნეფის (Hildegard Knef) კომპოზიცია „Für mich soll’s rote Rosen“ („ჩემთვის წამოვა წვიმა წითელი ვარდებიდან“) და 1970-იანი წლების შლაგერი – „გერმანული პანკ-როკის ფუძემდებლის“, ნინა ჰაგენის „Du hast den Farbfilm vergessen“ („ფერადი ფირი დაგავიწყდა“).

დამშვიდობებამდე ერთი დღით ადრე მერკელმა განაცხადა, რომ გერმანიის პარლამენტი იმსჯელებს, გახადოს თუ არა ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაცია სავალდებულო. მას კონკრეტულ თარიღებზე არ უსაუბრია, თუმცა დამტკიცების შემთხვევაში ასეთი შეზღუდვა, ისევე როგორც ავსტრიაში, შესაძლოა გერმანიაშიც 2022 წლის თებერვლიდან ამოქმედდეს.

აღსანიშნავია, რომ მერკელი წარსულში სავალდებულო ვაქცინაციას ეწინააღმდეგებოდა და ხაზს უსვამდა მთავრობის ვალდებულებას – დაარწმუნოს მოსახლეობა ვაქცინაციის აუცილებლობაში, თუმცა ახლა კითხვაზე – დაუჭერდა თუ არა სავალდებულო ვაქციანაციას მხარს, მერკელმა უპასუხა: „პარლამენტის წევრი რომ ვიყო, [სავალდებულო ვაქცინაციას] ხმას მივცემდი“.

ჯერჯერობით კი „კოვიდ-19“-ის მეოთხე ტალღასთან საბრძოლველად გერმანიის ფედერალურმა და ადგილობრივმა მთავრობებმა ახალი შეზღუდვები მიიღეს, რომლებიც ძირითადად აუცრელ ადამიანებს შეეხება.

კერძოდ, მაღაზიებში, სადაც პირველადი დანიშნულების პროდუქტები არ იყიდება, მხოლოდ ვაქცინირებულ და კოვიდგადატანილ მოქალაქეებს შეუშვებენ.

სკოლებში სავალდებულო იქნება პირბადის ტარება. იმ რაიონებში, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია განსაკუთრებით რთულია, დაიხურება ღამის კლუბები. კერძო წვეულებებზე დახურულ სივრცეში დაშვებული იქნება მხოლოდ 50 ადამიანის შეკრება, ხოლო ღია სივრცეებში – მაქსიმუმ 200 ადამიანისა.

შეიზღუდება სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობაც. ახალ წელს აიკრძალება ფეიერვერკები და წვეულების გამართვა.

მსგავსი შეზღუდვები გერმანიის ზოგიერთ რეგიონში ახლაც მოქმედებს, თუმცა ახლა ეს წესები მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება.

ცნობისათვის: ქრისტიან-დემოკრატი ანგელა მერკელი, რომელიც ამჟამად 67 წლისაა, გერმანიის ფედერალურ მთავრობას 16 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, 2005 წლის ნოემბრიდან. გერმანიის ჯერჯერობით ერთადერთი ქალი კანცლერი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარეობას 2018 წლიდან ჩამოშორდა და განაცხადა, რომ 2021 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კანცლერობის კანდიდატი აღარ იქნებოდა. მისივე თქმით, პოლიტიკას საბოლოოდ ანებებს თავს.

Deutsche Welle-ს ცნობით, რომელსაც გამოცემა გერმანიის გადასახადების გადამხდელთა კავშირის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს, კანცლერის თანამდებობის დატოვების შემდეგ ანგელა მერკელის ყოველთვიური პენსია 15 000 ევრო იქნება.

26 სექტემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის და ქრისტიანულ-სოციალური კავშირის კონსერვატიული ბლოკი (CDU/CSU) სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან (SPD) დამარცხდა.

8 დეკემბერს ბუნდესტაგი გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე კენჭს უყრის სოციალ-დემოკრატ ოლაფ შოლცის კანდიდატურას.

მოამზადა ნიკო აბაშიშვილმა

P. S. საინტერესო ფაქტი მოჰყავს „დოიჩე ველეს“ ნინა ჰაგენისა და ანგელა მერკელის ურთიერთობიდან. დაახლოებით 30 წლის წინათ, როდესაც მერკელს ქალებისა და ახალგაზრდების საკითხების ფედერალური მინისტრის თანამდებობა ეკავა, იგი პირადად შეხვდა ნინა ჰაგენს ერთ-ერთ სატელევიზიო თოქშოუში. როდესაც საუბარი ნარკოდამოკიდებულებას შეეხო, ჰაგენმა უცბად მიახალა მერკელს: „ყელამდე ვარ შენი სიცრუით, შენი თვალთმაქცობით!“

გამომდინარე იქიდან, რომ მერკელმა თანამდებობიდან გაცილების ცერემონიისთვის პანკის დედოფლის რეპერტუარიდან შეარჩია კომპოზიცია, ჩანს მისი იუმორის გრძნობაც და ისიც, რომ დიდი ხანია აპატია ჰაგენს მისი გამოხტომა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close