გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიურმა მაჩვენებელმა 50 000-ს პირველად გადააჭარბა
გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიურმა მაჩვენებელმა პირველად გადააჭარბა 50 ათასს. რობერტ კოხის ინსტიტუტის (RKI) მიერ ხუთშაბათს დილით, 11 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 50 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მაქსიმალური მაჩვენებელი კიდევ ერთხელ განახლდა და ამჟამად 249,1 შემთხვევა ფიქსირდება ასი ათასი მოსახლეზე. გასული ერთი დღის განმავლობაში გერმანიაში კოვიდისგან 235 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.
გერმანიაში კორონავირუსის ინფექციის მაქსიმალური მაჩვენებლები 7 ნოემბრიდან პერმანენტულად ახლდება. მანამდე აბსოლუტური პიკი ასი ათას მოსახლეზე – 197,6 შემთხვევა – 2020 წლის 22 დეკემბერს დაფიქსირდა, მაგრამ მაშინ გერმანიაში აცრა ჯერ დაწყებული არ იყო.
მთლიანობაში გერმანიაში პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში უკვე რეგისტრირებულია კორონავირუსის 4 894 250 შემთხვევა, მათგან 97 198 ლეტალური შედეგით დასრულდა.
მერკელი გერმანელებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს
გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა ანგელა მერკელმა 10 ნოემბერს გერმანელებს „ძალების საერთოეროვნული მობილიზაციისკენ“ მოუწოდა კოვიდთან საბრძოლველად. „უნდა ვაღიარო, რომ გერმანიაში, სამწუხაროდ, ვაქცინაციის მაჩვენებელი ჯერ კიდევ არ არის საკმარისად მაღალი, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის სწრაფი გავრცელება. ვაქცინაციის 75 პროცენტზე დაბალი მაჩვენებლების შემთხვევაში ხდება ინფექციის ექსპონენციალური ზრდა, რასაც მოსდევს ინტენსიური თერაპიის განყოფილებების მაღალ დატვირთვა“, – თქვა მერკელმა.
იმავდროულად, გერმანიის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს კორონავირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციას, სულ ცოტა, გარკვეული პროფესიის წარმომადგენლებისთვის მაინც. სოციოლოგიური ინსტიტუტის YouGov-ის მიერ სააგენტო dpa-ს დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გერმანელების 44 პროცენტი მთელი გერმანიის მოსახლეობის სავალდებულო ვაქცინაციის მომხრეა, ხოლო კიდევ 24 პროცენტი (ანუ მთლიანობაში 64 პროცენტი) გარკვეული პროფესიების წარმომადგენელთა სავალდებულო ვაქცინაციას უჭერს მხარს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები