„დედა ემიგრანტია და სულ მინდოდა ჩამოსვლა“ – 18 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ბერძნულ კლუბში უკვე კაპიტნის სამკლავური მოირგო
18 წლის ბექა ბაღდავაძე საბერძნეთის ცნობილი კლუბის, სუპერ ლიგა 2-ის „პანიონიოსის“ 19-წლამდელთა გუნდში წელს ჩაირიცხა და მალე მთავარ გუნდში დააწინაურებენ, – ამის შესახებ ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან ისაუბრა.
სეზონის დაწყებიდან ბექამ „პანიონიოსის” 19-წლამდელებში 4 მატჩი ჩაატარა და ანგარიშზე ჩაიწერა 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა, ერთი პენალტიც მოიპოვა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი „ტრახონესთან” მე-60 წუთზე გატანილი გოლი აღმოჩნდა – „პანიონიოსის” ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა კუთხურიდან ჩაახვია.
„საქართველოში საქმე ისე არ მიმდიოდა, როგორც მინდოდა და როგორც ვშრომობდი. დედა ემიგრანტია და სულ მინდოდა ჩამოსვლა. ჩემი თავის ბოლომდე მჯეროდა და საბერძნეთში 6 აგვისტოს სინჯებზე ჩავედი. „პანიონიოსში“ ყველაფერი ისე აეწყო, როგორც ველოდი და იმაზე უკეთაც. საქართველოში რამდენიმე გუნდში ვითამაშე, მაგრამ ნდობას ვერ ვგრძნობდი. საბერძნეთში სხვა დამოკიდებულება დამხვდა – ამიყვანეს, ნდობა ვიგრძენი და ბოლო თამაშზე 30 წუთი კაპიტნის სამკლავურიც მომარგეს“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ბექა ბაღდავაძე.
18 წლის შემტევი ნახევარმცველის თქმით, ბერძნული კლუბის ხელმძღვანელობა მთავარ გუნდში დაწინაურებაზე ესაუბრა.
„მითხრეს, რომ „პანიონიოსის” 19-წლამდე გუნდიდან მალე მთავარ გუნდშიც გადამიყვანენ. ამაზე გუნდის მწვრთნელი და მენეჯერი მესაუბრნენ. სხვათა შორის, 19-წლამდელების მწვრთნელი მისვლისთანავე ამბობდა, შენი მჯერა, 2-3 თვე დაგვჭირდება, მთავარ გუნდში რომ მოხვდეო. პირველ გუნდში მავარჯიშებენ. გუნდის მენეჯერმა საბუთების მოწესრიგება დაიწყო, თამაში რომ შევძლო“, – ამბობს ახალგაზრდა ქართველი ლეგიონერი.
1tv.ge
კომენტარები