fbpx
კრიმინალიპოლიტიკა

იტალიის ყოფილი შს მინისტრის, მატეო სალვინის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო

მოწმის სტატუსით გამოვა რიჩარდ გირი, სალვინის 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა ემუქრება

იტალიის ქალაქ პალერმოში დაიწყო სასამართლო პროცესი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, მემარჯვენე რადიკალური პარტია „ჩრდილოეთის ლიგის“ ლიდერის, მატეო სალვინის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალად ედება გადარჩენილი მიგრანტების უკანონო დაკავება გემზე 2019 წლის ზაფხულში და საკუთარი თანამდებობრივი უფლებამოსილებების გადამეტება. 

ბრალდებულმა სასამართლო მოსმენის დაწყება მემარცხენე პოლიტიკოსებზე თავდასხმისთვის გამოიყენა. მან Twitter-ში გამოაქვეყნა ფოტო სასამართლო დარბაზიდან და ქვეშ წააწერა: „იწყება სასამართლო, რომელიც სურთ მემარცხენეებს და არალეგალური იმიგრაციის მომხრეებს: რად დაუჯდება ის იტალიის მოქალაქეებს?“

სასამართლოზე ჩვენებებს მისცემენ იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე, საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო და შს მინისტრი ლუჩანა ლამორჯეზე. აღსანიშნავია, რომ მოწმის სტატუსით გამოვა ჰოლივუდის მსახიობი რიჩარდ გირი. ესპანურმა არასამთავრობო ორგანიზაცია Opern Arms-მა რიჩარდ გირი მოწმეთა სიაში შეიყვანა, რადგან მან მოინახულა სამაშველო გემი 147 მიგრანტით, რომელსაც სალვინიმ 2019 წლის აგვისტოში 6 დღის განმავლობაში არ მისცა უფლება იტალიის პორტში შესულიყო, რათა დევნილები ნაპირზე გადაეყვანათ. ამ ხნის განმავლობაში ადამიანები საშინელ ანტისანიტარიაში იმყოფებოდნენ. გირმა მოუწოდა საზოგადოებას, მხარი დაეჭირათ მაშველებისთვის.

მატეო სალვინი მიიჩნევს, რომ მისი ქმედება სამართლიანი იყო. იგი თავის ქმედებას იმით ამართლებდა, რომ, მისი თქმით, „დაკეტილი პორტების“ „შემზღუდავი პოლიტიკით“ იტალიის დაცვა სურდა არალეგალ მიგრანტთა შემოსევისგან.

გასულ წელს იტალიის სენატმა სალვინის სადეპუტატო ხელშეუხებლობა მოუხსნა, რამაც გზა გაუხსნა სასამართლო პროცესის დაწყებას.

სალვინი აცხადებს, რომ სასამართლო პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია. ამის შესახებ კომენტარი გააკეთა ესპანური ჰუმანიტარული ორგანიზაციის Open Arms-ის დამაარსებელმა და ხელმძღვანელმა ოსკარ კამპსმა, რომელმაც დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ზღვაში ადამიანების გადარჩენა  – ეს დანაშაული კი არ არის, არამედ მოვალეობაა არა მარტო ნებისმიერი ხომალდის კაპიტნისთვის, არამედ ნებისმიერი სახელმწიფოსთვის“.

მატეო სალვინის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა ემუქრება. შემდეგი სასამართლო სხდომა 17 დეკემბერს გაიმართება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close