იტალიასაზოგადოება
იტალიის საპორტო ქალაქ ტრიესტში პოლიციამ კოვიდპასპორტების გასაპროტესტებლად გამოსული დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ხელისუფლების მიერ კოვიდპასპორტების დაწესების მოწინააღმდეგეებმა პორტის ბლოკირება სცადეს, რა დროსაც სამართალდამცველებმა მათ დასაშლელად წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს მიმართეს.
მოგვიანებით დემონსტრანტებმა ქალაქის მთავარ მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც პროტესტის გამოხატვა გააგრძელეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაპირისპირებისას რამდენიმე ოფიცერი დაშავდა.
ე.წ. მწვანე ბარათები იტალიაში 15 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე ყველა დასაქმებულისთვის სავალდებულო გახდა. ქვეყანაში წლის ბოლომდე მოქმედი წესის თანახმად, ე.წ. მწვანე საშვის უქონლობის შემთხვევაში დასაქმებულს სამუშაოზე არ დაუშვებენ, გაცდენა არასაპატიოდ ჩაეთვლება და ანაზღაურებას ვერ მიიღებს, ხოლო თუ „მწვანე საშვის“ გარეშე შეეცდება მუშაობას, 1 500 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება.
კომენტარები